მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ

მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე "ვერსიას" სკანდალურ დოკუმენტებს აწვდის. პარალელურად, ფინანსურ პოლიციასა და სხვა საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს საქმიანობით დაინტერესდნენ. მჟავანაძის თქმით, სააკაშვილისდროინდელი სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, გურამ ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს. მჟავანაძის ეჭვით, "ფულის შოვნაში", მარინა ბერიძესთან ერთად, მინისტრის მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ნათქვამის საილუსტრაციოდ, წლევანდელი საახალწლო კონცერტიც გამოდგება, რომლის ორგანიზებაშიც, მერიასთან ერთად, კულტურის სამინისტროც მონაწილეობდა და რამდენიმე ათეული ათასი ლარი გაიღო. "ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული - კულტურის სამინისტრომ, როგორც ვიცით, "ალტერვიჟენს" ანუ აჩიკო გულედანის ორგანიზაციას, რომელმაც წლევანდელი კონცერტი ჩაატარა, მომღერლების ჰონორარებისთვის თანხა გამოუყო", - აცხადებს მჟავანაძე.

- ბატონო ნიკოლოზ, "კორუფციულ ნიშნებში" მაინც, რას გულისხმობთ?

- ტენდერი არ გამოცხადებულა და, საინტერესოა, "ალტერვიჟენთან" ხელშეკრულება რის საფუძველზე გაფორმდა ან რატომ არ არსებობს ხარჯთაღრიცხვა? ანალოგიური ხელშეკრულებები, ძირითადად, აჩიკო გულედანთან, კახა ცისკარიძისა და სტეფანე მღებრიშვილის სტუდიებთან ფორმდებოდა.

- ამ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებებს ვინ აფორმებდა?

- კულტურის სამინისტრო, კონკრეტულად, მარინა ბერიძე.

- ანუ ხელშეკრულებებს ხელს, უშუალოდ, მარინა ბერიძე აწერს?

- არა, ხელშეკრულებებზე მინისტრის მოადგილის ხელმოწერაა, მაგრამ მოლაპარაკებებს კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტი აწარმოებდა - ხელშეკრულებებს ამზადებდა, ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი დღესაც მარინა ბერიძეა. სხვათა შორის, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ ფინანსურმა პოლიციამ ან პროკურატურამ რომ შეამოწმოს, ამას მიღება-ჩაბარების აქტად არ ჩათვლის, რადგან მასში მითითებული არაა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, კონკრეტულად, რაში გაიხარჯა სამინისტროდან გაცემული თანხმები, ვინ მიიღო და რა გაკეთდა ამ თანხით და ა.შ. ეს კი არა და, ზოგჯერ თანხები ორ-ორჯერაა გადახდილი, მაგალითად, ხულიო ეგლესიას ჰონორარი ორჯერ გადაურიცხეს... ბრალმდებელი არ ვარ, მაგრამ ყველაფერ ამას ე.წ. ატკატების სუნი ასდის. აბა, რა ინტერესი ჰქონდათ, ხელშეკრულებას ერთი და იგივე ხალხთან რომ აფორმებდნენ?

წლევანდელი საახალწლო კონცერტისთვის მერიამ "ალტერვიჟენს" 250 079 ლარი გადაურიცხა. კულტურის სამინისტრომაც სოლიდური თანხა გამოყო, არადა ხელისუფლების უმაღლესი რგოლებიდან ნათქვამი იყო, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები კულტურის სამინისტროს არ უნდა დაეფინანსებინა.

- მარინა ბერიძე აცხადებს რომ წლევანდელ საახალწლო კონცერტთან კულტურის სამინისტროს კავშირი არ ჰქონია.

- თუ არ ჰქონია, აბა, მომღერლების ჰონორარი რატომ გადაურიცხეს?

- ანუ კონცერტში მონაწილე მომღერლები ბერიძემ შეარჩია?

- მომღერლების შერჩევაში, შეიძლება, არ ჩარეულა, მაგრამ, როცა "ატლერვიჟენთან" ხელშეკურლებას აფორმებდნენ, უკვე იცოდნენ, ვის უნდა ემღერა... საერთოდ, სახელმწიფომ ცალკეული ღონისძიებები შეიძლება, დააფინანსოს, მაგრამ მილიონებს აქეთ-იქით რომ ისვრი, ამას, სჯობს, თეატრებსა და კულტურის იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს მიხედო, რომლებიც გაჭირვებისგან სულს ღაფავენ და უსახსრობის გამო, ქუჩაში არიან გაყრილნი.

დღეს საქართველოს მთავრობაში ყველაზე ხმაურიანი კულტურის სამინისტროა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წესრიგი ყველა სამინისტროში დაამყარა, მინისტრ გურამ ოდიშარიასა და კულტურის სამინისტროში ჩანერგილი ნაციონალების გამო კი, ხელისუფლების დისკრედიტაცია ხდება. სტალინი ამბობდა, ზოგს ჰგონია, რომ სახელმწიფო ნამცხვარია, რომელიც სურს, ბოლომდე შეჭამოს, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ უფლება არ აქვს, ამ ნამცხვარს ხელი ახლოსო. ოდიშარიამ და მისმა მოადგილეებმა სახელმწიფო დოვლათი ხელში ჩაიგდეს და ჰგონიათ, მათი საკუთრებაა. მარინა ბერიძე რომელიც სააკაშვილის რეჟიმს უმაგრებდა ზურგს, დღესაც ნაციონალებზე მუშაობს და კულტურის სამინისტროს დისკრედიტაციას ახდენს! შე დალოცვილო, ამ მივლინებებში ამხელა თანხას რომ ხარჯავ, ვინ მოგცა ამის უფლება? ხელისუფლებამ ოდიშარიას განაჩენი უკვე გამოუტანა - მას მალე გაათავისუფლებენ, ოღონდ რამდენიმე ხნის შემდეგ, რაც პოსტებს სხვა მინისტრებიც დატოვებენ. პრემიერს არ უნდა, მინისტრები სათითაოდ გაუშვას, ეს ერთიანად და უმტკივნეულოდ მოხდება.

"ვერსია" უკომენტაროდ გთავაზობთ ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა თანხებს იღებდნენ 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან სააკაშვილთან დაახლოებული მომღერლები, მსახიობები და კულტურის სხვა მუშაკები.

2011 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "ისთერნპრომოუშენს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, 2011 წლის 19-24 ივლისს ქ. ბათუმში "შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის" ჩატარებაზე 1 104 000 ლარი გამოიყო.

2012 წელი

1) შპს "თბს ტვ"-სთან დაიდო ხელშეკრულება მუსიკალური პროექტის - "მე მიყვარს საქართველო" ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 480 000 ლარი.

2) შპს "არტ ბათუმთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის სექტემბერში, თბილისსა და ოზურგეთში პროექტის - მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" განხორციელებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 1 716 985 ლარი.

3) კავშირ "თაგის არტსითან" დაიდო ხელშეკრულება 21 აგვისტოს ბათუმში ხოაკინ კორტესის წარმოდგენის - ჩALE გამართვაზე. სახელშეკრულებო თანხა - 550 000 ლარი.

4) შპს "ისთერნ პრომოუშენთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 16 აგვისტოს ახალციხეში შარლ აზნაურის კონცერტის ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა 1 356800 ლარი.

5) შპს "ისთერნ პრომოუშენთან" დაიდო ხელშეკრულება - "შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის" ორგანიზება ქ. ბათუმში. მომსახურების საერთო ღირებულება - 460 000 ევროს ექვივალენტი ლარში.

6) ასოციაცია "არტაქტივ ევოლუშენთან" დაიდო ხელშეკრულება ქ. ფოთში პროექტის - "თანამედროვე არტობიექტი - შემოქმედებითი სივრცე ღია ცის ქვეშ" განხორციელებაზე, სახელშეკრულებო თანხა - 85 000 ლარი.

7) ფ/პ გია თორთლაძესთან დაიდო ხელშეკრულება პროექტის - "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 350 000 ლარი.

8) შპს "დისფიქჩერსთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში პროექტის - "მეამაყება საქართველო" განხორციელებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 698 399 ლარი.

9) საერთაშორისო ფონდთან "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი" დაიდო ხელშეკრულება ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 310 000 ლარი.

2013 წელი

1) შპს "ისთერნ პრომოუშენთან" დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 750 000 დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

2) შპს სარეკლამო კომპანია "საყვირთან" დაიდო ხელშეკრულება ბათუმის საიმიჯო მუსიკალური ვიდეორგოლის - "ბესამე მუჩო" დამზადების თაობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 56 000 ლარი.

3) შპს "ბიზნესპროტოკოლი პლუსთან" დაიდო ხელშეკრულება საოპერო სპექტაკლის - "ქეთო და კოტე" თბილისში, რუსთაველის თეატრში ოცჯერ ჩვენებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 559 015.43 ლარი.

4) შპს M.A.N. Projeqt Architeqture-თან დაიდო ხელშეკრულება კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით მუსიკალური კლიპის გადაღებაზე (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #30/09/03 2011 წლის 30 სექტემბერი). სახელშეკრულებო თანხა - 121 089 ლარი.

აჩიკო გულედანთან "ალტერვიჟენ გრუპსა" და "სტეპ რეკორდსთან" გაფორმებული ხელშეკრულებები

1) საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "ალთერვიჟენ გრუპს" შორის დაიდო ხელშეკრულება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - თბილისი Open Air Alter Vision ჩატარებაზე.

სახელშეკრულებო თანხა - 30 613 ლარი.

2) შპს "სტეპ-რეკორდს ლეიბლთან" დაიდო ხელშეკრულება "თბილისი Open Air Alter Vision" - საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 2 093 935 ლარი.

3) შპს "სტეპ-რეკორდსსტუდიოსთან" დაიდო ხელშეკრულება თბილისში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის -"თბილისი Open Air Alter Vision"-ის ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 500 000 ლარი.

4) შპს "სტეპ-რეკორდს სტუდიოსთან" დაიდო ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჯაზფესტივალის განმავლობაში, ბულვარის ტერიტორიაზე მუსიკალური წარმოდგენების ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 15 316 ლარი.

5) Altrevision Design-თან დაიდო ხელშეკრულება პროექტის - "ეპოქალური მუსიკოსების" განხორციელებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 35 000 ლარი.

6) შპს "სტეპ-რეკორდს სტუდიოსთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 24-25 აგვისტოს, სვანეთში ფესტივალის -"სვანეთი" ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 5 000 ლარი.

"არტ ფორუმთან" (სტეფანე მღებრიშვილი და კახა ცისკარიძე) გაფორმებული ხელშეკრულებები

1) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირს, სტეფანე მღებრიშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში კონცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

2) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ სერგო სულაძეს შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში კონცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "ელდრაინის" მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 12 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შპს "არტფორუმს" შორის დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 13 სექტემბერს, ბალკანელი კომპოზიტორის, გორან ბრეგოვიჩის კონცერტის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 179 223.39 ლარი.

4) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს" შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წელს საქართველოში გასამართი MTV Georgia Live-ის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე. ხელშეკრულებით, "მედია გრუპი" ვალდებულია, უზრუნველყოს 2011 წელს საქართველოში გასამართი MTV Georgia Live-ის დაფინანსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: MTV Georgia Live-ის დაფინანსების მიზნით, სპონსორების მოძიება და 2 776 471 აშშ დოლარის მობილიზება, საიდანაც MTV Networks Europe-ის ანგარიშზე გადაირიცხება 2 000 000 აშშ დოლარი 2011 წლის 31 იანვრამდე.

ხოლო 776 471 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით დაიფარება აღნიშნული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

სამინისტრო, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, "მედია გრუპს" მიაწოდოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

დავით ევგენიძის კონცერტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და შპს "არტფორუმს" შორის დაიდო ხელშეკრულება 2010 წლის 2 იანვარს, ქ. ბათუმში დათო ევგენიძის კონცერტის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 115 956 ლარი და 24 თეთრი.

ზუმბა და "არტ გენი"

1) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფიზიკურ პირ ზაზა კორინთელს შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 11 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ქ. ვილნიუსსა და ქ. კლაიპედაში ჯგუფი "ზუმბალენდის" მგზავრობის ხარჯის ანაზღაურებაზე 13 750 ლარის გამოყოფის თაობაზე.

2) შპს "გლობალ არტთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 24 თებერვლიდან ჯგუფის - "ზუმბალენდი" პოლონეთსა და უკრაინაში საგასტროლო ტურნეს უზრუნველყოფისთვის 7 000 ლარის გამოყოფაზე.

3) დაიდო ხელშეკრულება ზაზა კორინთელთან 2009 წლის 31 ოქტომბერს სოფელ მირზაანში ტრადიციულ დღესასწაულ "ფიროსმანობაში" მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 5 300 ლარი.

4) ააიპ "წამისთან" (პრეზიდენტი ზაზა კორინთელი) დაიდო ხელშეკრულება 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაზე. სახელშეკრულებო თანხა - 9 200 ლარი.

5) შპს "არტ-ფაქტორ-თან" (დირექტორი ზაზა კორინთელი) დაიდო ხელშეკრულება ჯგუფ "ბერმუხას" საიუბილეო საღამოს გამართვაზე. სახელშეკრულებო თანხა - 4 000 ლარი.

6) ზაზა კორინთელთან დაიდო ხელშეკრულება 2009 წლის 10 ოქტომბერს სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულ შოთაობაში მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 6 500 ლარი.

7) დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 19 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ჯგუფ "ზუმბალენდის" კონცერტის ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 10 000 ლარი.

8) დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 3 სექტემბერს, მესტიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ "სვანეთის" ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 5 000 ლარი.

9) 2012 წლის 1-29 ივლისს, ფესტივალ "არტ გენის" ჩატარებაზე გამოიყო 199 313 ლარი.

10) 2012 წელს ფესტივალ "არტ გენის" ჩატარებაზე გამოიყო 30 000 ლარი.

2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

გიორგი გიორგაძე

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ