"საქართველოს ფოსტა" ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. როგორც "ფოსტაში" განმარტავენ, ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქის" გვერდზე 15 თებერვალს ფოსტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ეს წარმოადგენს დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც ხელყოფს შპს "საქართველოს ფოსტის" საქმიან რეპუტაციას და ინტერესებს.
დაინტერესებულ მხარეს კი ვაცნობებთ, რომ პრევენციის მიზნით ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში "საქართველოს ფოსტამ" წერილობით მიმართა მსოფლიო საფოსტო კავშირს და მის წევრ 191 ქვეყანას. მიმართვა მოიცავდა ე.წ "სპაისის" (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების) ჩამონათვალს, რომელთა შემოტანაც საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალებოდა. მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა მსოფლიო საფოსტო კავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოში შემოსული ტვირთები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე, საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი მექანიზმებით, კონტროლდება შესაბამისი სტრუქტურების მიერ", - ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" განცხადებაში.