სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი?

სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი?

სად იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე და რა მიზნით დატოვა მან სამუშაო? რატომ "არ ახსოვს", რომ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაში წილის 33%-ს ფლობს?

"ალიას" აცნობეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი ბოლო დროს "თბილ ქვეყნებს" რამდენჯერმე სტუმრობდა. ამ მომენტისთვის ის დუბაიში იმყოფება და შეიხს ხვდება. რა მიზნით და რა პრობლემებს აგვარებს შიხიაშვილი, ამაზე ერთ-ერთი წყარო გვიამბობს:

- ირაკლი შიხიაშვილი ცრუობს, როცა "პოსტსკრიპტუმში" განაცხადა, რომ კომპანიაში, რომლის მთავარი ფუნქცია ნავთობნარჩენების გადამუშავებაა და რომლის 33%-საც ფლობს, არანაირი საქმიანობა არ წარმოებს. პირდაპირ გეტყვით, ეს ის კომპანიაა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მომავალი პერსპექტივაა.

- რას გულისხმობთ?

- რას და, საკრებულოს თავმჯდომარე პირად საუბრებში თურმე სულ იმას იმეორებს, ისე "მომქისტავენ" მალე ამ სამსახურიდან, შეიძლება, პოლიტიკაში საერთოდ აღარ ვიყო და თავი აბა, რით ვირჩინოო. ჰოდა, ეს კომპანია, რომელიც ვითომ არაფერს აკეთებს, ახლა აამუშავა. დუბაიში შეიხთან შესახვედრად წავიდა. გზა ისედაც გაჭრილია უკვე, მიშას დროს შეიხს ბევრი ქართველი მაღალჩინოსანი სტუმრობდა და ხალხმა ნახევარზე მეტი არ იცის, რამდენ საჯარო პირს აქვს ბიზნესი ამ მიმართულებით. ჰოდა, შიხიაშვილს ველოსიპედის მოფიქრება რაში სჭირდებოდა, აითვისა მეთოდები და მომავალში "პურის ფული" გარანტირებული აქვს. ასე რომ, საკრებულოს თავმჯდომარის მომავალი ბიზნესშია. სანამ დროა, ის ამ თანამდებობას კავშირების გასაბმელად და გასამყარებლად იყენებს, მერე კი პირდაპირ ბიზნესში გადავა. ხშირად დადის მივლინებებშიც ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს არავის, მის მივლინებას კი, ცხადია, საკრებულო აფინანსებს. ამაზე დიდ სისულელეს ვინმე იტყოდა? კომპანიებში წილი აქვთ და არ გვახსოვსო, დეკლარირებული არ აქვთ ქონება. ლუსტრირება მოხდა უკვე მისი და მისი ცოლის. ახლაც უარყოფენ, რომ დუბაიში არაა. მივლინება ხომ ოფიციალურად უნდა გაფორმდეს და რას გააფორმებენ, რაც არ არის?

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურის უფროსს, რუსა უშიკიშვილს დაუკავშირდა:

- რუსა, საკრებულოს თავმჯდომარე მართლა დუბაიშია?

- არა, დუბაიში არაა, სომხეთშია, პირად საქმეზე.

- ნებისმიერ ქვეყანაში პირად საქმეზე წასვლა საჯარო პირს სამუშაო დღეებში არ ეკრძალება? როგორაა კანონით ეს საკითხი რეგულირებული, მივლინება აქვს გამოწერილი?

- ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სომხეთში შაბათ-კვირას იყო წასული და დილით უნდა ჩამოფრენილიყო. როგორც ჩანს, გადაედო და საღამოს ჩამოდის. არასწორია ინფორმაცია, რომ შიხიაშვილი დუბაიშია. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

- რა პრობლემები?

- დიაბეტი აქვს და გული აწუხებს, ცოტა ხნის წინ ოპერაციაც გაიკეთა, საკრებულოში გახდა ცუდად. ახლა ზუსტად არ ვიცი, რა პროფილის ექიმთანაა წასული, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია.

"ალია" "საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელს, ირაკლი ღლონტს დაუკავშირდა იმაში გასარკვევად, რამდენად სწორია, როცა საჯარო მოხელე სამსახურისთვის განკუთვნილ დროს პირადი საკითხების მოსაგვარებლად ქვეყნიდან გადის.

- საინტერესოა ეს საკითხი, თუ საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი საზღვარგარეთ ვიზიტებს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ის აუცილებლად უნდა იყოს გამართლებული და მიზნობრიობაც უნდა ჩანდეს. თუ იგივე საჯარო მოსამსახურე თავს აძლევს უფლებას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს პირად საქმეზე მივლინებებს, ეს კრიმინალია და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს შესაბამისი ორგანოების მიერ. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, პირად საქმეებზე სირბილის დრო აქვს ჩვენს ხელისუფლებას? მაშინ როცა უამრავი დაპირება მისცეს ამომრჩევლებს და თითქმის არც ერთი მათგანი არ შესრულებულა, მინიმუმ უხერხულია პირადი საქმეების გამო ამ ადამიანებმა გააცდინონ სამსახურის დრო. საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პირადი საქმეები და სახელმწიფო საქმეები ერთად ვაგვაროთ, დრო არ ითმენს, უამრავი ადამიანი სიკვდილის მიჯნაზე დგას, დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, ინვესტიციები შეჩერებულია და უპერსპექტივოდ გამოიყურება, საუბარია იმაზე, რომ ნანატრი სამართლიანობის აღდგენა ნამდვილი ოცნება იყო და ოცნებად დარჩა.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა