ერთმა ჩემმა ახლობელმა მშენებელმა თქვა - ბოლო წლებში თბილისში სხვადასხვა პროექტებზე რა ფულიც დაიხარჯა, ის რომ დანიშნულებისამებრ გამოყენებულიყო, თავისუფლად ეყოფოდა, რომ ნახევარი ქალაქი დაგვენგრია და მის ადგილზე ულტრათანამედროვე სახლები აგვეშენებინაო. ამ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი და პროკურატურა თავს იტეხს იმის დასადგენად, სად წავიდა ეს ფული. ასეა თუ ისე, ფაქტია - 21-ე საუკუნეში, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში არის ქუჩები, სადაც უნდა გამოაკრა უზარმაზარი აბრა: "აქ ცხოვრება საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის".
მაგალითად, ტაბიძის ქუჩაზე, ლამაზად მოჩუქურთმებულ აივნებს მიღმა ნგრევის პირას მისული ნაგებობებია. ასეთივე მდგომარეობაა ლერმონტოვის ქუჩაზეც.
"რას უღებ, შვილო, სურათებს, ამ სახლებს არაფერი აღარ ეშველება. ერთხელ ყვითლად შეგვიღებეს, თითქოს შეღებვა შველოდეს ამ დანგრეულ შენობებს. დროა, წითლად შეღებონ და სანაგვეზე გადაყარონ. აქ ხალხი კი არ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს. ამ სახლებში ცხოვრებას ქუჩაში ცხოვრება ჯობია, ის მაინც გეცოდინება, რომ თავში არაფერი დაგეცემა", - ამბობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
გზას დაბლა, შალვა დადიანის ქუჩისკენ ჩავუყევი, ერთ-ერთ ეზოში შევდივარ და სავალალო სიტუაცია მხვდება. შენობის ერთი ნაწილი ნახევრად დანგრეულია და იმ მეორე ნაწილს, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
"წლებია მშვიდად არ გვძინავს, აქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ყოველ დღე რაღაც ფუჭდება, ინგრევა და ახალი ბზარი ჩნდება. ამ ნგრევების შედეგად, ჩემს მეზობელს მოძრავი საპირფარეშო აქვს, იმდენად მორყეულია ყველაფერი, რომ ნივთები თავად იცვლიან ადგილს. მეორე და მესამე სართულზე მეზობლებთან აღარ დავდივარ, კიბეები ისეთ დღეშია, იქ ასვლას საერთოდ ვერიდები. დაგვპირდა ჩვენი მაჟორიტარი, რომ ამ პრობლემას მოგვიგვარებს და იმედი გვაქვს, შეასრულებს თავის სიტყვას. იქნებ გვიშველონ და გვიხსნან ამ ხაფანგიდან", - ამბობს ირმა თელია.
ქალბატონი ირმა შიშის მუხედავად მაინც გამიძღვა მეორე და მესამე სართულისკენ, მორყეული ხის კიბეები მართლაც საშიშად ჭრაჭუნობდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მესამე სართულზე დამხვდა, სადაც სამზარეულოს იატაკის ერთი ნაწილი საკმაოდ დახრილა და ჭერიც ნახევრად ჩამონგრეულა. დიასახლისი მეუბნება, რომ ეს სახლის იმდენად საშიში ნაწილია, რომ სამზარეულოში თეფშებისა და ჭიქების გამოსატანად შერბიან და გამორბიან.
იგივე მდგომარეობა მახლობელ ქუჩებზე. ვცდილობ ვიპოვო თუნდაც ერთი ჯანსაღი ნაგებობა, მაგრამ ვერ ვახერხებ, აქ ყველა სახლი დაბზარულია. თითქმის ყველა გარე კიბე ბეწვის ხიდია სახლში შესასღწევად.
"ვის არ მივმართეთ, ვის არ ვემუდარეთ, მაგრამ ჩვენი ბედი არავის ანაღვლებს. სახლი თავზე დაგვენგრა, ერთ სიტყვასაც არ ვაჭარბებ, მართლა დაგვენგრა, მისაღებ ოთახში მთელი ჭერი ერთიანად ჩამოინგრა, კიდევ კარგი გამთენიისას მოხდა და საძინებლებში ვიყავით. ახლა საძინებელი გვენგრევა და აღარ ვიცით, სად წავიდეთ. სანამ ცოცხლად არ დავიმარხებით, ალბათ, არავინ მოგვხედავს", - შემომჩივის აბულაძის 21 ნომერში მცხოვრები დონარა სარქისიანი.
ირაკლი როსტომაშვილი - მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი: ძველი თბილისის ტერიტორია სავალალო მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, თბილისში წყლისა და საკანალიზაციო კომუნიკაცია გაყვანილი არ იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა მოხდა საინჟინრო კომუნიკაციების გაკეთება, ამან საერთოდ მოსპო იქაურობა. იმ ტერიტორიაზე ძალიან რთული რელიეფია და არასწორმა მიწისქვეშა კომუნიკაციებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომხდარმა მიწისძვრებმაც - დაზიანდა სანიაღვრე სისტემები და ასევე თვითდინებით მიდის ფეკალური წყლები.
კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, რაც ამ ტერიტორიის გამაგრებისთვის თანხები გადაიყარა. სწორი მიმართულებით რომ დაეხარჯათ, ახლა ეს პრობლემა აღარ გვექნებოდა. უბედურება ის არის, რომ საინჟინრო მიმართულება სადღაც ბოლოშია გადასროლილი და ამაზე არავინ ფიქრობს. არც ქვეყანაში და არც მერიის მასშტაბით არ არსებობს სპეციალური საინჟინრო სამსახური. რამე უბედურება რომ მოხდება, ალბათ, მერე დაფიქრდებიან ამაზე.
მაკა ქობალია, Ambebi.ge