იმედი მაქვს, საქალაქო სასამართლოს სახით ერთი შენობა მაინც დარჩება საქართველოში, რომელიც ივანიშვილის საკუთრება არ იქნება, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისას განაცხადა.
ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ხათუნა ხარჩილავას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მოსამართლე ტესტს ჩააბარებს და ზეწოლას გაუძლებს.
"თავიდანვე ვიყავი განწყობილი და ადვოკატებსაც ვარწმუნებდი, რომ ქუთაისის სასამართლოში დაცვის განხორციელება უაზრობა იყო. გუშინ ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს შენობის თავზე. საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გარკვეულად ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. თქვენ ღმერთმა გარგუნათ ეს ტესტი, რომ ზეწოლას გაუძლოთ", - მიმართა ვანო მერაბიშვილმა მოსამართლეს და იმედი გამოთქვა, რომ მისი ადვოკატების მცდელობა ფუჭი არ იქნება და "საქართველოში ერთი შენობა მაინც დარჩება, რომელიც ივანიშვილის საკუთრება არ იქნება".
აღნიშნული მიმართვის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ვანო მერაბიშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ სასამართლო ზეწოლას ნამდვილად არ განიცდის.
ამ წუთებში 26 მაისის საქმეზე შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი იკითხება.