რა მეთოდით აკრძალავენ ინტერნეტით "ბიოს" გამოწერას?

რა მეთოდით აკრძალავენ ინტერნეტით "ბიოს" გამოწერას?

უკვე რამდენიმე დღეა, აჟიოტაჟი არ წყდება ე.წ. "სპეისებთან" დაკავშირებით, რომელსაც ამ სამიოდე დღის წინ ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ნივთიერებას სხვადასხვა საიტების მეშვეობით იწერენ და მისი ფასი 50 ევროდან იწყება. არომატიზატორის რამდენიმე სახეობა არსებობს,ზოგიერთი მათგანი ეგზოტიკური ჩაია, ზოგი კი - აბაზანის მარილი, თუმცა მათ დანიშნულების მიხედვით თითქმის არავინ იყენებს, მათი ქიმიური შემადგენლობა კი მცირედ თუ განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართულ ფორუმებზე აქტიურად მიმდინარეობს განხილვა, რამდენად "კარგი" ნარკოტიკული საშუალებაა "ბიო".

აკრძალულია თუ არა ეს ნივთიერება მის მწარმოებელ ქვეყნებში და როგორ აპირებს ხელისუფლება სხვადასხვა უცხოური საიტებიდან ნარკოტიკული საშუალებების გამოწერის გაკონტროლებას?

"ალიას" ესაუბრება ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გელა ლეჟავა:

- ის, რომ ე.წ. ბიონარკოტიკი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, იმითაა გამოწვეული, რომ ეს პრეპარატები შექმნილია მაფიის მიერ სპეციალურად ისეთი სახით (მარიხუანას ტიპის პრეპარატებია), რომ გაეროს აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ შედის. ამდენად, მისი რეალიზაცია და მოხმარება დასჯადიც არ არის, ამიტომაც აწარმოებენ თავისუფლად. ზაფხულში მიიღო კანონი პარლამენტმა ე.წ. ბიოსა და "კრაკადილის" ანალოგი ნივთიერებების კონტოლირებად სიაში შეყვანის თაობაზე, მაგრამ მხოლოდ კონტროლირებად სიაში შეყვანა არ იყო საკმარისი, საჭირო იყო პოლიციას ჰქონოდა ტესტი, რომელიც დაადგენდა ამ ნივთიერებების არსებობას. თუკი არ იცი, ნივთიერება რა არის, ლაბორატორიულად არ არის დამტკიცებული, რა შემადგენლობა აქვს, მას ვერ შეიყვან აკრძალულ ნივთიერებათა სიაში. ეს ტესტები შს სამინისტრომ უკვე მოიპოვა და ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში.

რაც შეეხება ამ ე.წ. ბიოს საკითხებს, ძალიან მოკლე ხანში ეს საკითხიც გადაწყდება. შეხვედრა უკვე შედგა იუსტიციის სამინისტროში, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ექსპერტები, ნარკოლოგები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს დასჯადობის საკითხი ე.წ. ბიოს მოხმარებაზე. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს. ზოგადად, ნარკოტიკის მოხმარებისადმი შიშს ქმნის არა მისი ფასი, არამედ შიში იმისა, რომ დაგიჭერენ და სასჯელი იქნება მკაცრი. გარდა ამისა, რაკი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელი არ იყო და ნებისმიერს შეეძლო შეძენა და მოხმარება, ნარკოტიკიც იაფი ღირდა და ხელმისაწვდომი იყო ახალგაზრდებისთვის. ვინაიდან ამ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, იყო მსჯელობა და შეთანხმება იმაზე, რომ, თუკი ნარკოტიკული საშუალებების მიღებისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 11-წლიანი სასჯელი, ე.წ. ბიოს მოხმარების შემთხვევაში სასჯელი განისაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსით და პატიმრობის ვადა იყოს 5 წელი. საბოლოოდ რა ცვლილებები შევა კანონში, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეის მდგომარეობით ასეთი პროექტი არსებობს და, ჩემი აზრით, ამ სახითვე გავა პროექტი.

- გაერომ ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში არ შეიყვანა ე.წ. ბიო, თუმცა ის მომაკვდინებელ შედეგს იძლევა. თავის დროზე რატომ არ მოხდა ე.წ. ბიო აკრძალულ ნივთიერებათა სიაში?

- ჯერჯერობით არ შეუყვანია გაეროს ეს ნივთიერება აკრძალულ სიაში, თორემ არავინ ამბობს, რომ მომავალში ე.წ. ბიო არ მოხვდება ამ სიაში. იმისთვის, რომ გაერომ ე.წ. ბიო შეიყვანოს ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში, არსებობს ძალიან რთული პროცედურები, რომელიც ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. ამიტომ, ვიდრე ეს ნივთიერება ამ პროცედურებს გაივლის და მოხდება მისი ძირეული კვლევა ლაბორატორიულად, მანამდე ამდენი ხალხისთვის იქნება საფრთხე ეს ნივთიერება. მარტო ჩვენთან არ ხდება ეს, ეს ხდება ევროპულ ქვეყნებშიც. თუმცა ცალკეულ ქვეყნებს აქვთ არჩევანი, რომ ე.წ. ბიო შეიყვანონ ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში. მაგალითად, ამერიკამ უკვე შეიყვანა აკრძალულ ნივთიერებათა სიაში, ევროპაშიც რამდენიმე ქვეყანამ შეიტანა, ირლანდიას შეყვანილი ჰყავს, საქართველომაც ჩათვალეთ, რომ უკვე შეიყვანა ე.წ. ბიო აკრძალულ ნივთიერებათა სიაში, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ეს ნივთიერება თავისუფლად იყიდება.

- ამ დროისთვის შესაძლებელია, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ეგვიპტიდან გამოწერა ამ ნივთიერების. როგორ გაკონტროლდება, რომ არასრულწლოვნისთვის არ იყოს შესაძლებელი ამ ნივთიერების მოპოვება?

- ამის გაკონტროლებაც მოხდება. არსებობს გაეროს წინასწარი რეკომენდაციები ამის შესახებ. ეს რეკომენდაციები წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც იყო მოსული და ამის შესახებ ვსაბურობდი, თუმცა ყური არავინ შეიბერტყა. ახლა ეს რეკომენდაციები მუშავდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ თვალსაზრისითაც მოხდება კონტროლის დაწესება.

- რას გულისხმობს ეს რეკომენდაციები?

- დაწესდეს კონტროლი ინტერნეტზე და იმ ვებგვერდებზე, საიდანაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოწერაა შესაძლებელი.

- ამ დროისთვის 66 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა სხვადასხვა პრეპარატებზე, საიდანაც 57 შემთხვევაში დადგინდა, რომ კონკრეტული ნივთიერება შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ეს სია როდის იქნება ცნობილი და როდის შევა კანონში ცვლილება, რომ აფთიაქებში მათი შეძენა რეცეპტის გარეშე არ მოხდეს?

- ვინაიდან შს სამინისტროში გაჩნდა ახალი აპარატურა, შესაძლებელი გახდა ტესტის ჩატარებაც ამა თუ იმ მედიკამენტზე. ეს სია ჯერ არ არსებობს, თუმცა უახლოეს მომავალში შედგება ეს სია და მოხდება ცვლილებების პროექტის ინიცირებაც პარლამენტში. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მარტო 2013 წელს 70 ახალი მსგავსი ფსიქოტროპული მედიკამენტი მოიგონეს. ხდება თუ არა აკრძალვა ქვეყნების მიერ კონკრეტული მედიკამენტის, მაფია თავიდან იგონებს, ამიტომ, ალბათ, კიდევ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო. მუდმივი პროცესია, თუმცასასჯელის გამკაცრებაც გამოიღებს შედეგს. ახლა ყველა განწყობილია, რომ ე.წ. ბიოს აკრძალვა და მის მოხმარებაზე სასჯელის გაზრდა მოხდეს. ასევე, 60 მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემა აიკრძალოს, ახლა ყველაზე საჩქარო ეს არის და, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან უკვე შევა პარლამენტში ეს ინიციატივები და დაიწყება განხილვა.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია