ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი და მიხეილ სააკაშვილის პირველი დაპირისპირება ტელეკომპანია "იმედში" 2007 წელს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ამ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსთან" იხსენებს.
"პატარკაციშვილების ოჯახს არჩევანი არ დაუტოვეს, ალბათ, კიდევ უფრო უარესს სთავაზობდნენ და იყო მუქარაც. ტელევიზიის წართმევა რეალურად მოხდა, ნამდვილად იძულებით დაათმობინეს ტელევიზია. როდესაც მე პირველ არხზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამისვეს კითხვა, იქ ყველაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქტიურობდნენ, მათ შორის პარლამენტარები. ეს ის ხალხი იყო, ვინც 2007 წელს, ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებში მონაწილეობდა და ხედავდნენ, ბოკერიას სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ აახია, უკაცრავად ვარ საზოგადოებასთან ამ სიტყვის გამო, ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეს ტელევიზია. დღეს გამოდიან და ისევ მორალს გვიკითხავენ ტელევიზიასთან დაკავშირებით, არადა ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება.
"იმედში" რაც მოხდა, კატასტროფა იყო. ეს იყო დასაწყისი ჩემი და სააკაშვილის გზების გაყოფის. როდესაც იმედში შედიოდნენ, მე ვკიოდი და ვრეკავდი ყოველ ორ წუთში და სხვათაშორის სულ პასუხობდა სააკაშვილი ჩემს ნომერს. უკაცრავად და ლამის შარვლიდან ამოვვარდი, როგორმე შეაჩერეთ, რა უნდა მანდ პოლიციას-თქო. სააკაშვილმა მითხრა, დაწყნარდი, ხვალ ჩამოვალ და აგიხსნი, რომ სახელმწიფო გადატრიალდება მზადდებაო და ასე შემდეგ. მეორე დღეს ვერაფერიც ვერ ამიხსნა, რა უნდა აეხსნა? შევიდნენ ტელევიზიაში და დაისაკუთრეს დამოუკიდებელი ტელევიზია... აი, ასეთი იყო მათი ხელწერა", - განაცხადა ივანიშვილმა.