ჰაერში გასროლილი 78 მილიონი და უნივერსიტეტი, რომელსაც ქაღალდზე აშენებდნენ

ჰაერში გასროლილი 78 მილიონი და უნივერსიტეტი, რომელსაც ქაღალდზე აშენებდნენ

სამშენებლო კომპანია "ზიმოს" დირექტორმა ზურაბ კიკნაძემ აჭარაში ბიზნესცენტრ "ბათუმი თაუერის" მშენებლობა დაიწყო და ერთ მშვენიერ დღეს გამოუცხადეს, რომ ამ შენობაში, ბიზნესცენტრის ნაცვლად, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა. მშენებელი დაიბნა, იფიქრა, აშენებულის დანგრევა მომიწევსო, მაგრამ მშვიდად აუხსნეს, ძველი პროექტით იხელმძღვანელე და მერე ჩვენი საქმე იქნება, რა და როგორ განთავსდებაო. შედეგად, მშენებლობა, რომელშიც დღემდე 78 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, ისევ დაუმთავრებელი და უფუნქციოა.

"ამ შენობის დამთავრებას შეიძლება 5 მილიონი დასჭირდეს, შესაძლოა, 100 მილიონიც არ ეყოს, მე ხომ არ ვიცი, რას მეტყვის შემკვეთი", - აცხადებს კიკნაძე.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა და ამერიკული დიპლომების დარიგება მოინდომა. 2010 წელს, მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისადმი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო იდეა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. ხანგრძლივი კონსულტაციების, ეკონომიკური ანალიზის, ხარჯების, სარგებლის და ბენეფიციარების შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის არ იყო მისაღები და აღარ მოხდა მისი კომპაქტში გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ თავიდანვე უარყო ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის აგების იდეა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს წინა მთავრობის გადაწყვეტილებით მშენებლობა მაინც განხორციელდა. პრინციპში, კი არ განხორციელდა, დაიწყო და როგორც სხვა ბევრი რამ, მხოლოდ ფურცელზე გაგრძელდა, ოცნებებსა და ილუზიებში, ზუსტად ისე, როგორც ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის დროს.

2013 წელს ეს შენობა განათლების სამინისტრომ ბათუმის მერიას გადასცა და მაშინდელმა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ვერ იპოვა უნივერსიტეტი რომელიც ამ შენობის მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებდა.

მიზეზი მარტივია – ბიზნესცენტრად დაწყებული შენობის გადაკეთება არ მოხდა და, გარდა იმისა, რომ ამ უზარმაზარ ნაგებობაში, ელემენტარულად, აუდიტორიების პრობლემა შეიქმნებოდა, არ იარსებებდა ლაბორატორიებისთვის საჭირო სივრცე. სააკაშვილმა რამდენიმე ლაბორატორია საწყის სამ სართულზე მაინც გახსნა, უახლესი ტექნიკით აღჭურვა და... იმის გამო, რომ ლაბორატორიას ელექტროენერგიის დავალიანება აქვს, დენის მიწოდება შეუწყდა და აპარატურაც გამოუსადეგარია. გამოსავალი განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მონახა და თან ისე, რომ არც ამერიკული ინვესტიცია დაიკარგა.

"ინვესტიცია, რომელიც ამერიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უნდა ჩადებულიყო, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დაიხარჯება. საუბარია ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებების განვითარებაზე. შედეგი იქნება ბევრად კარგი, ვიდრე ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო, ვინაიდან, ამჯერად, ეს არის ძალიან კარგად გათვლილი და დაანგარიშებული. 30 მილიონის ინვესტირება მოხდება უმაღლესი განათლების ნაწილში, დაფინანსება იქნება სახელმწიფოს მხრიდანაც. საუბარია, ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებების განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე", - აღნიშნა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის მოსაზრებას სრულად იზიარებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი.

"პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის ყურადღება გამახვილებული იყო სამეცნიერო და საინჟინრო პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტების კომპიუტერული კურსების მეშვეობით უნდა მიეწოდოს. ეკონომიკური ანალიზის შემდეგ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საკმაოდ კეითლგანწყობით შეხვდა ამ წინადადებას", - აცხადებს მაკნიკოლასი. მან არც ის დამალა, თუ როგორ უთხრა წინა ხელისუფლებას, რომ ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობა მიზანშეწონილი არ იყო.

"განვიხილეთ და შევაფასეთ წინა ხელისუფლების წინადადება ხარჯთაღრიცხვის თვალსაზრისით, ქვყნის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რამდენად იყო ის გამართლებული თავის ხარჯითა და ეკონომიკური მონაცემებით. ასევე შევაფასეთ წინადადება პროგრამის ბენეფიციარებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეებზე გავლენის თვალსაზრისით. იმ დროს მიღებული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ იყო ყველაზე გამართლებული საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე", - ამბობს მაკნიკოლასი.

რეალობა ასეთია – წინა ხელისუფლების მიერ პომპეზურად დაანონსებული პროექტი ჩვეულებრივი აფერა გამოდგა. ვაშენებდით ამერიკულ უნივერსიტეტს მაშინ, როცა თავად ამერიკელები გვეუბნებოდნენ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იყო. ვხარჯავდით ათეულ მილიონობით ლარს და არავინ იცოდა, ბოლოს რა გამოვიდოდა. მთავარი ის გახლდათ, მოსახლეობას დაეჯერებინა, რაღაც კეთდება და ეს რაღაც არის, ახლა რომ ზედმეტ თავისტკივილს აჩენს. ახალი პროექტის მიხედვით კი, თანხები რაციონალურად იქნება გადანაწილებული და რაც მთავარია, შეღავათს რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც იგრძნობენ.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია