უკვე რამდენიმე საათია ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ცუდ გუნებაზე არიან. მიზეზი მათი პლასტიკური ბარათებია, რომლებზეც წლების შემდეგ პირველად, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის თანხა აღარ ჩარიცხვიათ. ზოგმა რა იფიქრა, ზოგმა რა, ვინ საკუთარი წყენა გულში ჩაიკლა, ვინ კი - საზოგადოებასაც გაუზიარა. "გულის გადაშლის" შედეგად ისევ ბიძინა ივანიშვილი გაილანძღა - ის, ვინც ხელოვნების, განათლების თუ სპორტის სფეროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე სამსახურისთვის წლებია საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს.
"ივანიშვილმა მსახიობებს (არაღვაწლმოსილებს, ანუ ჩვეულებრივ, მოქმედ, სცენაზე მდგომ მსახიობებს) დახმარება მოუხსნა, თანაც გაუფრთხილებლად: კონკრეტულად დღეს, უბრალოდ, ბარათზე აღარ დახვდათ თანხა... დღეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსახიობებს უფრო ულხინთ, ან რამე შეიცვალა მათ ფინანსებში, ან ზოგადად ქვეყანა ეკონომიურად უკეთეს პოზიციაშია, ძალიან დიდი შეცდომაა... სამწუხაროა, რომ შემზადებაც კი არ ყოფილა, ადამიანები კრედიტებს იხდიდნენ ამ თანხით...", - სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განთავსებული ამ სტატუსის ავტორი მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილია. ხელოვანთა წრეში ის ერთ-ერთი არ არის, რომელმაც ყოველთვიური ანაზღაურების დარიცხვის პირველივე "დაგვიანებაზე" უარყოფითი ემოციები ვერ დამალა. მსგავსი პათოსით ამავე ქსელში დღეს არაერთი მსახიობის "პოსტი" გაჩნდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათი ნერვიულობა უსაფუძვლოა, რადგან ივანიშვილს დაფინანსების პროგრამის შეჩერება "აზრადაც არ მოსვლია".
საქმე ის არის, რომ ფონდ "ქართუში" სპორტსმენების, ხელოვნებისა და განათლების წარმომადგენელთა დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია. კერძოდ, გადაწყდა, რომ აღნიშნულისთვის საჭირო თანხები, გრანტის სახით შესაბამის სამინისტროებს გამოეყოფათ და ყველას, ვინც აქამდე დახმარებას ფონდისგან იღებდა, ამიერიდან იგივე ოდენობის თანხა ანგარიშზე განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროებისგან დაერიცხებათ – ანუ, "მთავარი ფინანსისტი" ისევ ივანიშვილია, უბრალოდ ხელშეკრულების მეორე მხარე "ქართუს" ნაცვლად, განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროები იქნებიან...
"სამწუხაროა, რომ ასეთი სახით გავრცელდა ინფორმაცია. არ დაგვირეკეს და ისე გამოიტანეს არასწორი დასკვნა. თებერვლის ბოლოდან სამინისტროები სრულად იქნებიან მზად, რომ დაუკავშირდნენ შესაბამის პირებს და მათთან გააფორმონ ხელშეკრულებები. თანხების რაოდენობა, დასაფინანსებელ პირთა სია არ შეიცვლება. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა მიიღებს თებერვლის დაფინანსებასაც, რომელიც მათ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გამო არ ჩარიცხვიათ", - განუცხადა Ambebi.ge-ს ფონდ "ქართუს" იურისტმა ნინო კიკნაძემ.
ასე რომ, არაფერი აქვთ სანერვიულო მათ, ვინც იმ "ჯადოსნურ" სიაში მოხვდნენ და რომლის წევრებსაც სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, სახელმწიფოს ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი პატრონობს.
ნინია სიხარულიძე, Ambebi.ge