კაცი, რომელმაც მეგობარი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა - ამბები "ამბებისთვის"

კაცი, რომელმაც მეგობარი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა - ამბები "ამბებისთვის"

კახა ჯანაშვილი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორია, "დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის" დამფუძნებელიც არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეგობარი სიკვდილისთვის ხელიდან გამოეტაცა. ეს კი  მხარდაჭერის, გატანის, გვერდში დგომის და სხვისი გასაჭირის გათავისების თვალნათელი მაგალითია. 

კახასთან მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ ვისაუბრეთ.

- გავიზარდე ოჯახში, სადაც მთავარი ღირებულება იყო: ოჯახის სიწმინდე, მეგობრობა, ნათესაობა და დაფასება. ამისთვის დედ-მამის, უფროსი მეგობრების მხრიდან ბერი მაგალითი მქონია. მეგობრობა, ერთმანეთის გატანა და სიყვარული ჩვენს უბანშიც (ნაძალადევი),  ყოველთვის მაღალ დონეზე იყო. როდესაც უბნელი ბიჭი გოგოსთან ერთად მოდიოდა, იმ გოგოს სხვა ბიჭი ვერ შეხედავდა. მით უფრო, ვერც ვეფლირტავებოდით. პირიქით, იმ გოგოს მოწიწებითა და პატივისცემით ვეპყრობოდით. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ცოლი 16 წლისამ მოვიყვანე, რუსიკო დღემდე ჩემი მეუღლეა და სიგიჟემდე მიყვარს...

ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შვილებს ღირსეული სწავლა-განათლება მიეღოთ. ხელფასის 70% მაინც ამ საქმეში მაქვს ჩადებული და ვხარჯავ დღესაც, რომ იყვნენ სრულფასოვანი, ღირსეული ადამიანები. ბიჭის შემთხვევაში უკვე მივაღწიე, 22 წლის არის. ამასთან, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...

- კახა, საუკეთესო მაგალითი აჩვენე იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი მეგობარს გვერდით დაუდგეს. ამ შემთხვევაში, დიტო ცინცაძეს ვგულისხმობ... პრაქტიკულად შენ ის სიკვდილს გამოსტაცე...

- არასდროს, არანაირ დაბრკოლებაზე უკან დახევა არ მჩვევია. დიტო ცინცაძე ჩემი მეგობარია, ტელევიზიაში მუშაობა მე დავაწყებინე და როგორც ოპერატორი გავზარდე. დიტო გურულია და კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ამასთან, ღირსეული ადამინია... 2009 წელს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (ყველგან ჯირკვლები გამოუვიდა) პრობლემები შეექმნა. ვთხოვე, ექიმთან წასულიყო და კონსულტაცია გაევლო. უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, - სისხლის დაავადება. ეს იყო შოკი! მაშინვე ყველამ გამოიტირა და ხელი ჩაიქნია. იმ პერიოდში ჩვენი ხელმძღვანელი ("მოამბის" მთავრი რედაქტორი) ხათუნა ბერძენიშვილი გახლდათ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველი ეტაპი (ქიმიოთერაპიის კურსი) წარმატებით გაევლო და დიტო იმ პერიოდში გადარჩა...

მაგრამ იმის გამო რომ დაავადებას რეციდივები ახასიათებს, 2012 წელს გაუმეორა. ეს ჩვენთვის მეორე დარტყმა იყო. კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა, ანუ ვერ დადიოდა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები იწყებოდა. მძიმე პეროდი იყო და ასეთი გაჭირვებული ადამიანებისთვის არავის ეცალა. დიტო უკვე სიკვდილზე მელაპარაკებოდა. ყველა ადამიანი სიკვდილის შვილია, ზოგი ადრე მიდის, ზოგი - გვიანო. მივხვდი, საქმე ძალიან ცუდად იყო. ყველას მოვუწოდე, რომ მის გადასარჩენად უნდა გვებრძოლა...

აუცილებელი ქიმიოთერაპია სჭირდებოდა, მაგრამ თანხა არ არსებობდა, ამიტომ, ჩემი ხელფასის საშუალებით, ბანკიდან სესხი 9.800 ლარი ავიღე. ამასთან, იყო უძლიერესი წამალი ("მაფტერა"), რომელიც დიტოს სჭირდებოდა. იმ თანხის 45 პროცენტი მხოლოდ იმ წამალმა წაიღო.

შემდეგ ამის შესახებ "მოამბის" თანმამშრომლებმაც შეიტყვეს და ყველა გვერდით დამიდგა იმაში, რომ ორი თვის განმავლობაში ის კრედიტი დამეფარა, ყველა მოდიოდა და გარკვეულ თანხას მაძლევდა. დიტო გამოკეთდა, თანხაც გავისტუმრე, ეს არ იყო მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ დიტოს ცუდი მდგომარეობა ჰქონდა. ექიმების დასკვნით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდებოდა. ამ ყველაფერს 150 ათასი ევრო უნდოდა. დიტო უიმედოდ იყო, ვატყობდი, რომ ხელი ჩაქნეული ჰქონდა, რადგან ამხელა თანხა არავის ჰქონდა. ერთ დღესაც, მასთან საავადმყოფოში მივედი, ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, სიცოცხლეს ებრძოდა. ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ, შენი სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო-მეთქი. ასეთი სიტყვები მითხრა, - 36 წლის ვარ, მყავს ცოლი, შვილები, რაღაცას მივაღწიე, ამ ქვეყანაზე რაღაც ვნახე, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს თავის დრო აქვსო. რად ღირს ჩემი სიცოცხლის გადარჩენა, როცა გვერდით პალატაში სამი წლის პატარა ბავშვი წევს, რომელსაც ამ ქვეყანაზე არაფერი უნახავს და შეიძლება, დაიღუპოს, როგორ ვიცოცხლოო. ჩემ წინ სულგრძელი და ვაჟკაცი ადამიანი იდგა... ხმის აწევა დამჭირდა იმისთვის, რომ დიტო მომებრუნებინა, რომ მას უნდა ებრძოლა იმისთვის, რათა პრობლემა დაეძლია, ოპტიმისტურად ყოფილიყო. მერე იმ ცნობილ ჟურნალისტებს, ვისთანაც წლების განმავლობაში მე და დიტოს ნამუშევარი გვქონდა, ავუხსენი, რომ ყველას ერთად უნდა გვეზრუნა დიტოს გადასარჩენად. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის. "იავნანას" ყუთები ვთხოვეთ და "გუდვილში" მეგობრის გადასარჩენად მათხოვრობა დავიწეთ. იმ აქციებმა ის შედეგი გამოიღო, რომ მასში ბიზნესმენები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და ასევე ბევრი კეთილი ადამიანი. მერია, კახი კალაძე (მაშინ ფეხბურთელი იყო). თანხა ყველამ უანგაროდ გაიღო...

დიტო შარშან, იანვარში გერმანიაში გავამგზავრეთ, სადაც ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. იმის მერე, ფონდს, რომელიც დიტოს გადასარჩენად შევქმენი, გადავარქვი სახელი და "დიმიტრი ცინცაძის სახელი" მივანიჭე. ამ ფონდმა კი პირველი დახმარება 8 წლის თენგო ზაკაშვილის აღმოუჩინა, მორჩენილი თანხები მის დასახმარებლად გადავიღეთ... თენგოც გადარჩა...

დღესდღეობით დიმიტრი ცინცაძის ფონდს 300.000 ლარამდე აქვს დახარჯული. ერთი წლის განმავლობაში დახმარება 30 პატარას გაუწია. შემიძლია ვთქვა, რომ მათგან 4 სრულად განიკურნა. 7 ბავშვი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა" სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან. სასწარაფოდ სჭირდებოდათ წამალი, რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა. ფონდმა შეუძინა. სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა ერთი პატარა, ჩვენი ნათლული. ვერ გადავარჩინეთ. ის იყო ბოლო წერტილი იმისთვის, რომ პარლამენტის წინ აქცია მოგვეწყო. აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგიენკო მოვიდა. შეხვედრა გვქონდა დავით უსუფაშვილთან, ნოდარ ხადურთანაც. შეგვპირდნენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ყურადღება მიექცევა ამ პრობლემას. ბიუჯეტში უკვე გაიწერა, რომ საქართველოში ლეიკემიითა და ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ცენტრი აშენდება. ბატონმა დავითმა ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა და იგი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს - გერმანიას, ამერიკას და ბრიტანეთს დაუკავშირდა, სადაც ჩვენი მედიკოსების გადამზადება მოხდება, რომ ქართველმა მედიკოსებმა ამ მიმართულებით ტრენინგები გაიარონ. ლაპარაკია იმაზეც, რომ დონორთა ბანკი შეიქმნას.

ეს პრობლემა უამრავ ადამიანს აქვს, მაგრამ ვერ ვეხმარებით, რადგან ფონდში იმ რაოდენობის თანხები არ შემოდის, რომ სრულყოფილი დახმარება გავუწიოთ. ამიტომ, ვინც გადაუდებელია, პირველად იმას ვეხმარებით. ტელეკომპანიები: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "რუსთავი 2", საქპატენტი, საჯარო რეესტრი, საქართველოს ბანკის თანამშრომლების ნაწილი, ვისაც რამდენი შეუძლია, ხელფასიდან ყოველთვიურად ფონდში ვრიცხავთ. არადა, საქართველოში 1.300.000 ადამიანია დასაქმებული და ყველამ რომ გაიღოს მცირედიც... ამიტომ მოვუწოდებ ყველას, დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. ეს ის თაობაა, რომელმაც ჩვენი მომავალი ცხოვრება უნდა გადაიბარონ, ქვეყანა მართონ. თან, ეს სისხლის დაავადება ისეთი რამ არის, ვის როდის დაემართება, არავინ იცის. სანამ ეს საშინელება, ვინეს კართან დაიჩოქებს, ჯობია, ვიბრძოლოთ და გავერთიანდეთ. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ერთ მუშტად შევიკარით... ერთ რამეს მივხვდი. როდესაც ადამიანებს უჭირთ, მაშინ ერთიანდებიან. მადლობა უფალს, ღმერთის ნებაც იყო, რომ ეს შევძელით. ეს იყო ჩვენი ერთიანობის და ერთად ყოფნის სიძლიერე. ახლა 1.300.000 ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და თითო ლარი გავიღოთ იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. დამიჯერეთ, ეს ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია