ორმოებში მოხტუნავე მძღოლების დილემა - როდის დაიწყება თბილისში ყინვით დაზიანებული გზების რეაბილიტაცია

ორმოებში მოხტუნავე მძღოლების დილემა - როდის დაიწყება თბილისში ყინვით დაზიანებული გზების რეაბილიტაცია

დედაქალაქში ძლიერ ყინვას უკვალოდ არ ჩაუვლია. თბილისის ქუჩებში ორმოები, ასფალტებზე ბზარები მომრავლდა. მძღოლები წუწუნებენ, რომ გზებზე შექმნილმა სიტუაციამ არა მხოლოდ მგზავრობის დისკომფორტი, არამედ ავტომობილების დაზიანება და გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოიწვია. მაგალითად, გამოცდილი მძღოლი მერაბი ყვება, რომ ვაკე-საბურთალოს გზაზე ორმომ საბურავი გაუხეთქა, გაუფუჭა დისკი, რასაც 200 ლარიანი ხარჯი მოჰყვა.

ვინც ეცადა, ამ ამბისთვის იუმორით შეეხედა, ხუმრობდა, რომ თბილისის უმარილო გზებზე ნაკერები გაირღვა. ყინვაზე, მარილზე და გზებზე ვსაუბრობთ და აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ძლიერი ყინვის პერიოდში, როცა მთელი თბილისი უმარილო გზებზე სრიალებდა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ყოჩიაშვილმა განაცხადა, რომ დედაქალაქში მარილს 50 ერთეული მანქანა ყრიდა, თუმცა მისივე თქმით, გზები მაინც მოყინული იყო, რადგან "მარილი ადნობს თოვლს, მაგრამ თუ გაიყინა, მარილი ჯადოსნური ფხვნილი არ არის, რომ ზაფხული მოგვიყვანოს ყინვაში".

მოკლედ, ყინვა და თოვლზე სრიალი თბილისშიც და სოჭშიც უკვე მოვითავეთ, ახლა ორმოებზე გადახტომის დროა. ვინ არის პასუხისმგებელი თბილისში დაზიანებული გზების შეკეთებაზე და როდის ეშველება ორმოებში მოხტუნავე მძღოლებს? AMBEBI.GE ვითარების გასარკვევად დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა.

უწყებაში განგვიმარტეს, რომ მონიტორინგის სამსახურს ქალაქის მასშტაბით, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე შიდა კვარტალურ უბნებში ასფალტის საფარის დაზიანებები აღრიცხული აქვს და აღდგენითი სამუშაოები შაბათს დაიწყება. მათივე ინფორმაციით, გზებზე მოხდება როგორც ორმული დაზიანებების შეკეთება, ასევე სხვა სახის დამუშავება.

ამასთან, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ასფალტის საფარის უმრავლესობა წყალკანალის მიერ არის დაზიანებული. მათივე თქმით, შეუძლებელია ზოგიერთ ადგილზე ასფალტის საფარის დაგება, სადაც კომუნიკაცია, მილები მოწესრიგებული არ არის. როგორც უწყებაში განმარტავენ, გზების დაზიანებები ქალაქში მასშტაბური არ არის; ძირითადადი დაზიანებები კი ავლაბარში, ისანი-სამგორისა და საბურთალოს რაიონებშია.

რაც შეეხება ფინანსებს, ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტი წინასწარ ცნობილი არ არის. როგორც მერიაში ამბობენ, ამის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ნატალია დადიანი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია