"რუსთავი 2"-ში დაპირისპირება ღვივდება? - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან

"რუსთავი 2"-ში დაპირისპირება ღვივდება? - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ "ჯეოსელის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ერთ-ერთ მიზეზად, თინა ხიდაშელსა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიას შორის არსებული დაპირისპირებაც დასახელდა. "ვერსია" წერდა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, "ჯეოსელის" საგადასახადო პრობლემები სწორედ ამ დაპირისპირების ლოგიკური გაგრძელებაა - 2013 წლის სექტემბრის დასაწყისში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია "საქართველოს" ფინანსური სქემა გაშიფრა და ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარა. ისიც კი განაცხადა, "რუსთავი 2" ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდაო. ხიდაშელს მაშინ კომპანია "ჯეოსელი" არ უხსენებია, მაგრამ "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიის საშუალებით, "რეცხავდა" ნაციონალური მოძრაობა სოლიდურ თანხას "რუსთავი 2"-ის ეთერში. უკავშირდება თუ არა "ჯეოსელში" ფინანსური პოლიციის შესვლა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "ვერსია" ნიკა გვარამიას დაუკავშირდა. საერთოდ ვერ ვუკავშირებ "ჯეოსელისა" და "რუსთავი 2"-ის საქმეს ერთმანეთსო, განგვიცხადა გვარამიამ და პოლიტიკური წარსულისა თუ ტელეკომპანიაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, ექსკლუზიური ინტერვიუც მოგვცა.

- ბატონო ნიკა, "რუსთავი 2"-ში დაპირისპირება მართლა ღვივდება? ამბობენ, ტელეკომპანიაში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის შესაძლო გადასვლამ თანამშრომლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიაო.

- ინფორმაცია, ამ პირების "რუსთავი 2"-ზე გადასვლასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, შესაბამისად, უკმაყოფილებაც არ არსებობს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ცნობილ სახესთან, მათ შორის, თქვენ მიერ დასახელებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთიცაა. გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ.

- ითქვა, რომ ეკა კვესიტაძეს "პოსტსკრიპტუმის" წაყვანას სთავაზობენ. ნოდარ მელაძე "პოზიციის" პროდიუსერად უკვე მოგვევლინა. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება ტელევიზიაში?

- "პოსტსკრიპტუმის" გუნდი და მისი წამყვანი აკეთებენ ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ და ხარისხიან საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას, ამიტომ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება ამ მიმართულებით. სიახლეები "რუსთავი 2"-ზე იქნება, მაგრამ მათ ეთერში იხილავთ, მეტ დეტალიზაციას საჭიროდ არ მივიჩნევ.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "რუსთავი 2" ხელისუფლების სამიზნე არაერთხელ გახდა. მუდმივად იყო საუბარი, თითქოს ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნება იგეგმებოდა. ზოგადად, რამდენად მოსალოდნელია ეს მოხდეს და ამ მიმართულებით პროცესი დაწყებულია?

- არ მაქვს ამის შესახებ არანაირი ინფორმცაია. ეს ცდება ჩემი კომპეტენციის სფეროს და ვერ გავაკეთებ კომენტარს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ დღევანდელი მფლობელები სრულიად კანონიერად ფლობენ კომპანიას.

- ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია არაობიექტურობაში დაადანაშაულა. "რუსთავი 2"-ის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხომ არ ხდება და თუ ასეა, რა არის მიზეზი?

- რაკი ამ თავდასხმებმა თანმიმდევრული ტენდენციის სახე მიიღო ივანიშვილის მხრიდან, ვფიქრობთ, ეს მოტივირებული თავდასხმებია. ამის თაობაზე ვესაუბრებით ჩვენ პარტნიორებს, უცხოელ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

- პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა ამბობს, რომ "რუსთავი 2" ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენია და პარტიის პროპაგანდას ეწევა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყავით და თავის დროზე, საკმაოდ მაღალ თანამდებობებსაც იკავებდით. არ ფიქრობთ, რომ ტელეკომპანიის დირექტორად თქვენი დანიშვნა მსგავს ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს?

- არა, ეს კრიტიკული ტელევიზიაა და მთავრობის პრობლემების წარმოჩენა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია. ჩვენი ბრალი არაა, თუ მთავარი ოპოზიცია ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს "ნიუსებს" საქართველოში. ამის არგაშუქება წარმოუდგენელია. რაც შეეხება სამთავრობო ამბებს, ამას შექმნა უნდა და ამ კუთხით, ვფიქრობ, მთავრობას პრობლემები აქვს. მთავრობაზე პოზიტიური "ნიუსის" გაშუქებას, მისი მხრიდან ათჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე კრიტიკული "ნიუსის" მოხვედრას საინფორმაციო სივრცეში. არგუმენტს, რომ აქამდე ასე არ ხდებოდა, არ მივიღებ. არ მაინტერესებს, რა ხდებოდა აქამდე, წარსულის მძევალი ვერ ვიქნები.

- "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ისიც ითქვა, თითქოს ამ ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენებს.

- ასეთი ტიპის პოლიტიკური სპეკულაციები არაა ჩვენი ინტერესის სფერო და კომენტარსაც არ იმსახურებს.

- სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის უფროსმა ვიდეორგოლი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-მა პრემიერის ინტერვიუს არაზუსტი თარგმანი გაავრცელა. ეს ტექნიკური შეცდომა იყო თუ სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი?

- დიახ, კონტექსტის თვალსაზრისით, ნამდვილად იყო უზუსტო თარგმანი, მაგრამ იმავე დღეს გავასწორეთ და მოვიხადეთ ბოდიში. ეს ყველას შეიძლება დაემართოს.

- ხშირად გიხსენებენ "იმედის" დარბევას. იმხანად გენერალური პროკურორი იყავით, ამბობენ, მაშინ რატომ არ გაუჩნდა გვარამიას განცდა, რომ ხელისუფლებამ უფლებამოსილებას გადააჭარბაო...

- უფლებამოსილების გადაჭარბებას სამართლებრივი წესით დადგენა უნდა. ეს არაა სამკითხაო საკითხი. ვფიქრობ, შესაძლოა, ძალის გამოყენების დროს ადგილი ჰქონდა არაპროპორციულ ჩარევას.

- დოკუმენტური ფილმი "ნოემბრიდან ნოემბრამდე", რის გამოც მაშინდელი ოპოზიციონერები პასუხისგებით გემუქრებიან, თქვენ გადაიღეთ?

- არც გადამიღია და არც ვფიგურირებ ამ ფილმში. საერთოდ, არანაირი ფილმის გადაღებაში არ მიმიღია მონაწილეობა, თუ არ ჩავთვლით "რუსთავი 2"-ის საშობაო ზღაპარს "ლურჯი ფრინველი", რომლის პროდიუსერი ვიყავი. ეს ფილმიც, სადაც ვმონაწილეობ როგორც რესპონდენტი და რომელსაც ჰქვია "პატარკაციშვილის საქმე", არ ვიცი, ვინ გადაიღო. ტელევიზიით ვნახე პირველად. ჩემი ვალდებულება იყო, განმარტებები გამეკეთებინა. სასიამოვნო არ იყო, მერჩივნა, არ მომხდარიყო, მაგრამ საქმე საქმეა და არაფერი მომიგონია - რაც იყო საქმის მასალებში, ის მოვუყევი მაყურებელს. რაც შეეხება ფილმს "ნოემბრიდან ნოემბრამდე," იგი დიდი ხნის მერე, მხოლოდ იმიტომ ვნახე, შემემოწმებინა, ვფიგურირებ თუ არა და აღმოჩნდა, რომ არა.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა