რატომ დაამთხვია ნათელაშვილმა აშშ-ში ჩასვლა ღარიბაშვილის ვიზიტს

რატომ დაამთხვია ნათელაშვილმა აშშ-ში ჩასვლა ღარიბაშვილის ვიზიტს

როგორც "ალიამ" შეიტყო, 21 თებერვალს, პარასკევს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და ვიზიტი 3 მარტამდე გაგრძელდება.

ვის ხვდება და რა სახის შეხვედრებია დაგეგმილი ამერიკაში? რატომ დაემთხვა მისი ვიზიტი ღარიბაშვილის ვიზიტს და რატომ ასწრებს ერთი დღით ადრე ჩასვლას ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრს?

დეტალების დასაზუსტებლად "ალია" შალვა ნათელაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო შალვა, ვის ხვდებით ამერიკაში, კონკრეტულად რა საქმეზე მიბრძანდებით?

- 8 სამუშაო დღის მანძილზე მექნება გაუთავებელი შეხვედრები, თუმცა არასამუშაო დღეებსაც არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე სულ ვმუშაობ. შეხვედრები მექნება ამერიკის სტრატეგიულ და ანალიტიკურ ცენტრებში, ეს შეხვედრები უკვე დაგეგმილი და გაწერილია. მათ შორის, შეხვედრები მექნება ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. ასევე შევხვდები ამერიკის მასმედიის წარმომადგენლებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- კონკრეტულ სახელებს და გვარებს რატომ არ ამბობთ, ვის ხვდებით?

- მე რომ ჩამოგითვალოთ ახლა, ვის ვხვდები, ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხის წინაშე დავაყენებ შეხვედრას, შეიძლება ჩამიშალონ.

- ის მაინც მითხარით, რა რანგის წარმომადგენლებს ხვდებით?

- ჯერ ღარიბაშვილმა თქვას, რა რანგის ხალხს ხვდება. რატომ არ გვეუბნებიან? ჯერ მაგან თქვას და მერე მე ვიტყვი. ყველა შეხვედრის პუნქტები გაასაიდუმლოეს. მე ვიცი, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს თავისი წესები აქვს, ამ წესებს და ფორმატს მე ვერ დავარღვევ, თუმცა შეხვედრის დეტალები მთლიანად იქნება გადმოცემული და გასაჯაროებული პრესისა და მასმედიის მიერ. მაქსიმალურად გავაშუქებ. შეხვედრებზე დავასწრებ ჩვენს ტელევიზიებსაც და მასმედიის სხვა საშუალებებსაც, რომლებიც იქ მოღვაწეობენ, მაგალითად, "ამერიკის ხმას" და სხვებს. არანაირი პრობლემა არ იქნება, რადგან არანაირი საიდუმლო და დახურული შეხვედრები მე არ მექნება.

- რა საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას ძირითადად?

- მდგომარეობა საქართველოში, გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში, შექმნილი კრიზისი ქვეყანაში და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები იქნება ძირითადი სალაპარაკო თემა ამერიკაში.

- მიწვევით მიდიხართ, თუ თქვენ გსურდათ წასვლა და გარკვეულმა ჯგუფებმა მოგიმზადეს ეს შეხვედრები?

- მაქვს ათეულობით მოწვევა ამერიკიდან. ვინ არიან მოწვევის ავტორები, ამას გაიგებთ სულ რამდენიმე დღეში, როგორც კი მათ შევხვდები და გავასაჯაროებ ყველა დეტალს, ამ ეტაპზე არ მინდა, რაიმე სახის უხერხულობა გამოვიწვიო.

- თქვენ და ირაკლი ღარიბაშვილი ერთსა და იმავე დროს მიდიხართ ამერიკაში, ეს შემთხვევითია, თუ განგებ დაამთხვიეთ?

- უჩემოდ ვერ ძლებენ და იქაც მომყვებიან. მე მივდივარ და ღარიბაშვილი მომყვება, ასე გამოვიდა, რადგან ჩემი ვიზიტი კარგა ხანია, მზადდებოდა, ეს 1 და 2 დღეში არ გადამიწყვეტია.

- როცა ეს დაგეგმეთ, მაშინ არ იცოდით, ღარიბაშვილიც რომ მიდიოდა?

- ძალიან დეტალებში ნუ შევალთ ახლა. ამ ეტაპზე მეტის თქმის საჭიროებას ვერ ვხედავ. სულ რამდენიმე დღეში გაგაგებინებთ ყველაფერს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა