ფრაგმენტები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან - "ნება-ნება სვამდა, თან ქანაობდა"

ფრაგმენტები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან - "ნება-ნება სვამდა, თან ქანაობდა"

ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისამებრ, ხატებისკენ მიბრუნდა, ხელაპყრობილმა ილოცა და თქვა: "- მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, "კათალიკოსის" ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს - ერისას და ეკლესიისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს.

* * *

მამა გაბრიელი ხშირად იმეორებდა - საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდებაო. ერთხელ საერო მდგომარეობით შეწუხებულ ერთ მოძღვარს უიმედობა დაეუფლა. მწარე ფიქრებში ჩაფლული სამთავროს სავანეს მიადგა. გაბრიელ ბერმა მკაცრად ჩახედა თვალებში და მკვახედ უთხრა:

"როგორ გაიფიქრე! განა ზეცის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა?" ამის გამგონე მუხლმოდრეკილმა მღვდელმა შენდობა ითხოვა და აღიარა:

მართლაც, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: - ღვთისმშობელო! როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე-მეთქი.

- ძმაო, მე კი ნუ მთხოვ შენდობას, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე! - დაუყვავა ბერმა, მოეფერა და გულში ჩაიკრა მოძღვარი.

* * *

მამა გაბრიელთან ყველა ეძიებდა ნუგეშს. მასთან მიდიოდნენ ჭირისუფალნი და დედები, რომელნიც უსასოობას შეეპყრო. ერთი მათგანი იხსენებს, რომ როცა მათი ახლო ნათესავი გარდაიცვალა, ოჯახში ყველაფერი აირია. მისმა შვილმა ვერ გაუძლო ასეთ სტრესს და და დამამშვიდებელი წამლების სმას მოუხშირა. დედამ თავისი ხელით შეუძინა წამლები და მოსკოვში გაატანა. არავინ იცის, იქ რა მოხდა, ეს კია, ბიჭი გარდაიცვალა.

ამის მერე თავს იდანაშაულებდა, ჩემი ხელით მოვკალი შვილიო; მასაც მცხეთისკენ, გაბრიელ ბერის სავანისკენ მიასწავლეს. სამთავროში ჩასული მოკრძალებით დაჯდა საყდართან და ქვითინი დაიწყო. ვერც კი გაიგო, ისე მიუახლოვდა მოთქმით უცნობი. ქალი ვერ წარმოიდგენდა, ვინმეს თუ შეეძლო ასე მოთქმა. გაიფიქრა, თვითონ უნუგეშომ სხვა როგორ ვანუგეშოო, მიუტრიალდა მტირალს და ბერულად მოსილი ჭარმაგი კაცი იხილა. ეს გაბრიელ ბერი იყო. მან პირდაპირ თვალებში ჩახედა ქალს და გულშეძრულმა უთხრა:

- განა ღვთისმშობელი დედა არ იყო?! მისი ერთადერთი ძე ჯვარს აცვეს, მაგრამ თავი არ მოუკლავს, უფლის ნებას მიენდო!

გაბრიელ ბერის სიტყვებმა ნუგეში და იმედი ჩაუსახა სასოწარკვეთილ დედას.

* * *

ერთ დღეს მამა გაბრიელი კელიიდან ჩამობრძანდა. ხელთ ღვინით სავსე ქილა ეჭირა; ეზოში გამოვიდა, ნება-ნება სვამდა, თან ქანაობდა. მერე თითქოს მარტო სმა მოსწყინდაო, თვალი ეზოს მოავლო და სამთავროში სალოცავად მისულ ერთ სტუმარს დაუძახა, დამილიეო. მას ფერი ეცვალა, მაგრამ მაინც მოუჯდა ბერს გვერდით და სმა განაგრძეს. ღვინოს ტკბილი წვენის გემო ჰქონდა; ცოტა ხანში სტუმარმა თამაში დაიწყო, თითქოს შეთვრა ისიც. მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ გაუგეს.

ერთი უცნობი თვალს ადევნებდა მათ ქცევას. აშკარად ეტყობოდა, ლოთებად მიიჩნია. გაბრიელ ბერმა დაუძახა და დაგვილიეო - შესთავაზა. უცნობმა ჭიქა აიღო და გასინჯა, მაგრამ როცა ტკბილი წვენი იგემა, უხერხულობისგან გაწითლდა. გაბრიელ ბერმა მშვიდად მიუგო:

- განკითხვისთვის ხომ შეიძლება დაღუპულიყავი?! ყოველი ცოდვა ეპატიება ადამიანს სულიწმიდის გმობის გარდა, მაგრამ განკითხვის სიმძიმეს მაინც განგაცდევინებს ღმერთი, რათა შევიგრძნოთ ეს გარემოება.

იხილეთ სრული ტექსტი Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია