როკერების ტუსოვკა და გარეგნობაზე ასახული შინაგანი პროტესტი

როკერების ტუსოვკა და გარეგნობაზე ასახული შინაგანი პროტესტი

მსახიობების უმეტესობა ამბობს, რომ ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა; ზოგი აღიარებს, რომ კულისებში გაიზარდა და სცენის მტვერი პატარაობიდანვე შეისუნთქა, მერე მის გარეშე ვეღარ გაძლო და ა.შ. მსახიობი დავით ველიჯანაშვილი კი ამბობს, რომ სცენაზე დგომის სურვილი გვიან გაუჩნდა. "როგორც კულტურული მშობლების ოჯახის შვილი, თეატრში სპექტაკლების სანახავად მეც დავდიოდი, მაგრამ მაშინ მსახიობობაზე ნამდვილად არ ვოცნებობდი". ჰოდა, ბატონმა დავითმა სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მესამე კურსზე იყო, როცა მიხვდა, რომ ეს სფერო არ აინტერესებდა, მაგრამ მშობლების თხოვნით, დიპლომი მაინც აიღო. შემდეგ გადაწყვიტა, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. მისაღებ გამოცდებზე ასეთი ეტიუდი შეხვდა: ძალიან დიდი მატერიალური პრობლემის, გაჭირვების გამო ადამიანს შინიდან გამოაქვს საგვარეულო ბეჭედი ანუ ის, რაც ყველაზე ძვირად ღირებული იყო მის ოჯახში. ნივთი მიაქვს იუველირთან, რომელიც ეუბნება, რომ სამკაული არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს... როგორც ჩანს, მომავალმა მსახიობმა შეძლო გამომცდელებისთვის თავი მოეწონებინა. მას მერე წლები გავიდა და დღეს დავით ველიჯანაშვილი წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა.

- ჩემი თინეიჯერობა 90-იან წლებს დაემთხვა. მოგეხსენებათ, ის პერიოდი ძალიან მძიმე გახლდათ ქართველებისთვის. ახლა არ დავიწყებ იმაზე წუწუნს, რომ არ გვქონდა შუქი, გაზი და ა.შ. უბრალოდ, გეტყვით, რომ მაშინ იყო რაღაცები, რაც არ მომწონდა და ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი მიჩნდებოდა.

- მაგალითად, რა არ მოგწონდათ?

- ზოგიერთი წესი, რომელიც მაშინ ნორმად მიიჩნეოდა. მაგალითად, არ მომწონდა, როცა 10 ბიჭი ერთს ურტყამდა. ამ დროს იმ ერთისთვის შენც უნდა დაგერტყა, რადგან ასე იყო მიღებული, მაგრამ მე არავის ვურტყამდი...

- მერე თქვენც ხომ არ გისწორდებოდნენ?

- არა. ასეთ დროს შეიძლება, ჩემთვის ალმაცერად შემოეხედათ. ყოველთვის ვცდილობდი, მოჩხუბრები გამეშველებინა. გარდატეხის ასაკში საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებას, ვიღაცისთვის და საკუთარი თავისთვისაც რაღაცის დამტკიცებას ცდილობ. ვფიქრობ, პირადად ჩემზე დიდი გავლენა იქონია ჩემი ცხოვრების წესმა და იმ მუსიკამ, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს.

- როკს გულისხმობთ, არა?

- დიახ, ასეა. მაშინ ახალგაზრდობა პირობითად, ორ ნაწილად იყო დაყოფილი. როკის მოყვარულები ვიკრიბებოდით და ვაწყობდით ე.წ. ტუსოვკებს. მახსოვს, იმ პერიოდში მეცვა დახეული ჯინსის შარვალი, თმაც გავიზარდე. მოკლედ, რაღაც შინაგანი პროტესტი მქონდა და ეს ჩემს ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე აისახებოდა.

- ამის გამო პრობლემა თუ გქონდათ მშობლებთან?

- რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ ისეთი პრობლემაც არ შემქმნია, რომ მათთან დაპირისპირება ან ტუსოვკებზე უარის თქმა დამჭირვებოდა. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ჩემთვის გაეგოთ. უსმენდნენ კიდეც იმ მუსიკას, რომელიც მე მომწონდა, რათა სცოდნოდათ, რით ვიყავი გატაცებული.

- რას დაარქმევთ თქვენი თაობის წარმომადგენლებს?

- რთული შეკითხვაა... ის გზა, რაც ჩემი თაობის მოზარდებმა გაიარეს, ახალმა თაობამაც უნდა გაიაროს. ამბავი თითქმის ერთნაირია, უბრალოდ, ეს ყველაფერი სხვადასხვა, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ სივრცეში ხდება. არ მომწონდა, რომ ამბობდნენ, - დაკარგული თაობა ვართო. პირადად მე, ჩემს თაობას ისევ და ისევ ხუმრობით თუ დავარქმევ რამეს. მაგალითად, "ფანქარი, ფრჩხილის ლაქი, კასეტა". ეს ყველაფერი მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის (იღიმის).

- ამ ყველაფრისადმი გარკვეული ნოსტალგია ხომ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ნოსტალგია მაქვს, რადგან სწორედ იმ პერიოდში მეწვია პირველი სიყვარული, მოხდა ბევრი სასიამოვნო რამ, მაშინ ჩამოვყალიბდი პიროვნებად და ა.შ.

- მაგრამ იმედია, არ მისტირით იმ დროს, როცა მაგნიტოფონში კასეტა უნდა ჩაგედოთ, რომლის ლენტა ადვილად წყდებოდა და მერე, მისი დაწებება გიწევდათ...

- ცხადია, თანამედროვე ტექნიკა უფრო მეტად მომწონს, მაგრამ იცით, დაახლოებით 200-მდე კასეტა მაქვს შენახული, რამდენიმე გავაჩუქე კიდეც. თითოეული საკუთარი ხელით მაქვს ჩაწერილი, ჩაწიკწიკებული და ბუნებრივია, ამ კოლექციას გადასაყრელად ვერ ვიმეტებ. ახლა ნამდვილად არ მინდა, ისევ კასეტის შეკეთებაზე ვიჩალიჩო, მაგრამ როცა დავინახავ, ის ამბები მახსენდება, რომლებიც ჩემი თინეიჯერობის წლებთან ასოცირდება. მაგალითად, მახსენდება, ვისზე ვფიქრობდი ან ვის ვეჩხუბებოდი მაშინ, როცა ამა თუ იმ კასეტას ვახვევდი. ეს ის დეტალებია, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს მიღვიძებს.

- იმ პერიოდში როგორი ბიჭები მიიჩნეოდნენ "მაგარ ტიპებად"?

- ლიდერები, ოღონდ - "ცუდი" ლიდერები. მაშინ ყველა საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა და თუ ძლიერ მხარეს ემხრობოდი, პრივილეგირებულ სიტუაციაში იყავი. ასე მგონია, დღემდე არაფერი შეცვლილა. ჩხუბის დროს იარაღს მაშინაც იყენებდნენ და ახლაც ატარებენ.

- იარაღს თქვენც ატარებდით?

- არა, იარაღი არასდროს მიტარებია. მხოლოდ ერთხელ წავიღე სკოლაში პატარა დანა და მაშინაც მივხვდი, რომ ეს საჩემო არ იყო. ჰოდა, მერე ვიღაცას ვაჩუქე. სისულელეა იარაღის იმედად ყოფნა. თუ შეგეშინდება, ბოლოს და ბოლოს, გაიქცევი და ასე უშველი თავს. ჯობია, სუსტად ჩაგთვალონ, ვიდრე იარაღით ვიღაცას ზიანი მიაყენო.

- მერე, გაქცევა არ "ტეხავს"?

- კი, მაგრამ არა უშავს! უარესი ის იქნება, თუ დანით ვინმეს დაჭრი. ჩხუბის დროს ჯობია, საკუთარი მუშტის იმედად იყო, ვიდრე - დანა გამოიყენო.

- სამწუხაროდ, ასე ცოტა ფიქრობს.

- ასეა. მეც უმცირესობაში ვიყავი (იღიმის).

- ამის გამო ხომ არ იჩაგრებოდით?

- ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მჩაგრავდა. რა ვქნა, პირდაპირ და უაზროდ დარტყმას მერჩივნა, გონივრულად მემოქმედა და კონფლიქტი თავიდან ამერიდებინა.

- პირველი სიგარეტი, პირველი სიმთვრალე თუ გახსოვთ?

- არასდროს მიფიქრია: აუ, გოგონების თვალწინ სიგარეტს თუ გავაბოლებ, მაგარი ბიჭი გამოვჩნდები-მეთქი. უბრალოდ, დავინტერესდი, რა იყო სიგარეტი, მოწევაში რა სიამოვნებას ნახულობდნენ და ერთხელ მეც გავსინჯე... რაც შეეხება ალკოჰოლს: ზაფხულობით სოფელში ვისვენებდი. 2 წლით უფროსმა ბიჭმა შემომთავაზა, - ბაბუაშენს კარგი არაყი აქვს. მოდი, მოვპაროთ და დავლიოთო. რატომღაც, მხარი ავუბი და პირველად სწორედ მაშინ დავთვერი.

- ამბობენ, 90-იანმა წლებმა და მატერიალურმა პრობლემებმა ბევრი ახალგაზრდა ნარკომანად აქციაო. ამ მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით?

- ამას მთლად 90-იან წლებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ამაში სიმართლის მარცვალიც არის. პირადად მე, საბედნიეროდ, არანაირი ნარკოტიკი არ გამისინჯავს. ისე, ცნობილი ფაქტია, რომ ომიანობას ასეთი რაღაცები მოსდევს... მაშინ მატერიალურად ჩვენც გვიჭირდა, ისევე, როგორც ადამიანების უმეტესობას. ერთი-ორი ოჯახი იყო ჩვენ გარშემო ისეთი, რომელიც ნორმალურად ცხოვრობდა, დანარჩენები კი მარნეულიდან კარტოფილს ვეზიდებოდით...

- ომის დროს აფხაზეთში წასვლის სურვილი არ გაგჩენიათ?

- სურვილი შეიძლება, მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, მაშინ საამისოდ პატარა ვიყავი. ომი ერთი წლით გვიან რომ დაწყებულიყო, შეიძლება, სხვებთან ერთად, იქ მეც წავსულიყავი... რაც შეეხება თბილისში არეულობას: იმ დროს გვერდით არ მყავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამიყოლიებდნენ, რომ რომელიმე მხარეს მებრძოლა.

- მითხარით, რომ გამორჩეული ჩაცმის სტილით, საკუთარი იმიჯით ერთგვარ პროტესტს გამოხატავდით. საინტერესოა, ამის გამო ქუჩაში არავინ გლანძღავდათ? უფროსი თაობის წარმომადგენლები თვალს არ გაყოლებდნენ?

- იცით, არასდროს მომწონდა, ახალგაზრდებს რომ აკრიტიკებდნენ. ბევრჯერ გამიგონია, - ნახე, ნახე, როგორ დადის. ამ გოგოს არ რცხვენია, რაღაც რომ გამოუჩნდაო? მერე რა, კაცო, გამოუჩნდეს. შენ თუ არ მოგწონს, თვალი აარიდე, რა. გავა დრო და ის ჩაცმის სტილს შეიცვლის, ჩამოყალიბდება. პირადად მე, ხალხის ყურადღება არ მაღიზიანებდა, პირიქით - ამით ვამაყობდი.

- ჰო, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი საკმაოდ უხეშად მიმართავს მოზარდს, რომელიც ცდილობს, ხალხის ყურადღება ჩაცმის სტილით, საკუთარი იმიჯით მიიპყროს.

- მსგავსი შემთხვევა ერთი-ორჯერ მეც მქონდა, მაგრამ ცხადია, შეგინებით არავის შეუგინებია ჩემთვის, თორემ ამას ვერ ავიტანდი.

- დავით, თქვენთვის რა არის "ქუჩის ინსტიტუტი"? თქვენ რა მოგცათ ქუჩამ?

- როგორც მე მივიყვანე 3 წლის შვილი ბაღში, ისე მიჰყავთ სხვებსაც - ეს აუცილებელია იმიტომ, რომ მან ისწავლოს ურთიერთობა. მერე უნდა ისწავლოს სკოლაში და დროის გარკვეული ნაწილის ქუჩაში გატარებაც აუცილებელია. საჭიროა, რომ ადამიანმა ყველაფერი გამოცადოს, ყველა ეტაპი გაიაროს იმისთვის, რომ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ისწავლოს და შედეგ, ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებაც შეძლოს. ისინი, ვინც მშობლებს ბავშვობაში შინ ჰყავდათ გამოკეტილი, ვისაც არც ბაღში უშვებდნენ და არც ქუჩაში, რაღაცნაირი, რთული ხასიათით გამოირჩევიან; ვეღარ ეგუებიან საზოგადოებაში ყოფნას და ხშირად, მიზნის მისაღწევად ბრძოლასაც ვერ აიძულებენ საკუთარ თავს.

- მოზარდმა, რომელიც "ბირჟაზე" დგას და რომელსაც ე.წ. "კარგ ბიჭებთანაც" უწევს ურთიერთობა, ცუდი და კარგი როგორ უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან? თქვენი აზრით, ამისთვის რა არის საჭირო?

- პირველ რიგში, ბევრი რამ დამოკიდებულია თავად მოზარდის მშობელზე. მან უნდა აკონტროლოს შვილი, ოღონდ - ძალიან ფრთხილად. თან, მოზარდი რჩევა-დარიგებებით არ უნდა შეაწუხო. ხომ იცით, ამ ასაკში ეს უკუშედეგს უფრო ხშირად იწვევს. ამიტომ საჭიროა, მას პირადი გამოცდილებიდან ვუამბოთ რაღაცები, მაგალითები მოვუყვანოთ და მივახვედროთ, რა არის ცუდი და რა - კარგი. ისე კი, ძალიან ძნელია მშობელმა შვილთან საერთო ენა გამონახოს და ოქროს შუალედი იპოვოს. აი, ჩემი შვილი ჯერ 5 წლის არის და სულ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მოვიქცე, რომ მან თავისიანად ჩამთვალოს, ჩემთან მეგობრულად იყოს.

- ეს გამოგდით?

- ჯერჯერობით, გამომდის.

- როკი ყოველთვის გიყვარდათ. რომელიმე როკერის პლაკატი თუ გქონდათ ოთახში გაკრული?

- ერთ ამბავს მოგიყვებით, მაგრამ იმ ადამიანს ვერ დაგისახელებთ, ვისზეც უნდა გიამბოთ; არ მინდა, მისი სახელის გამჟღავნებით უნებურად, ვაწყენინო. ის ახლა ცნობილი მომღერალია და საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ საქმიანობს. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ტანსაცმელი არ იშოვებოდა და იძულებული ვიყავით, მკერავთან შეგვეკერა. ერთი თბილი შარვლის შეკერვა 60 მანეთი ღირდა. ატელიე გვქონდა უბანში, სადაც მკერავი არტიომა მუშაობდა, კარგი კაცი იყო. ჩემი მეგობრის დედამ როგორღაც შეაგროვა ფული და შვილს 120 მანეთი მისცა, - 2 თბილი შარვალი შეიკერეო. იმ ბიჭმა კი, შინ რომ მივიდა, დედას ახარა: დედა, "ზეპელინების" პლაკატი ვიყიდე! იცი, რა მაგარიაო?! - კარგი, შვილო, ფულს დაგიმატებო, - ჩემი მეგობარი ისეთი აღტაცებული იყო ამ შენაძენით, რომ დედამ საყვედური ვერ უთხრა: - რამდენი უნდა დაგიმატოო? - 120 მანეთიო ანუ მთელი თანხა იმ პლაკატში გაფლანგა (იცინის). ამ ამბიდან სულ რაღაც, სამ დღეში დაბადების დღე მქონდა. ჰოდა, მეგობარმა სხვა ვერაფერი რომ ვერ იშოვა, ეს პლაკატი მაჩუქა. სხვათა შორის, ის დღემდე შენახული მაქვს...

- საუბრისას შეგატყვეთ, რომ საოცრად "ჟილკიანი" ხართ. ასეა?

- დიახ და ვფიქრობ, რომ სწორედ "ჟილკა" აძლევს ადამიანს იმის ძალას, რომ მიზანს მიაღწიოს, ვიღაცას შეეჯიბროს...

- საინტერესოა, როკერების მოწყობილ ტუსოვკებზე რა ხდებოდა, როგორ ერთობოდით?

- იცი, ყველაზე მეტად რომელი ტერიტორია გვიყვარდა? ფილარმონიასთან ახლოს იყო აბრეშუმის ფაბრიკა, ნახევრად დანგრეული, შუშებჩამტვრეული შენობა. ჰოდა, იქ ვიკრიბებოდით. ზოგი სვამდა, ეწეოდა, ზოგიც უბრალოდ, მუსიკას უსმენდა. ჩვენ ერთმანეთს საკუთარ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით.

- ამბობენ, ახლა ასეთ ტუსოვკებზე შეკრებილებს ლაპარაკი ეზარებათ. იქ მხოლოდ სვამენ და უბრალოდ, ერთობიანო...

- პირადად მე, ლაპარაკი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ბაასზე, კამათზე ვგიჟდები. არ მესმის, ამის გარეშე ურთიერთობას რა ფასი აქვს?

- როგორი მოსწავლე იყავით?

- ძალიან კარგი მოსწავლე გახლდით. სხვათა შორის, მამაჩემი სკოლაში მუშაობდა, ფიზიკოსი იყო. მოკლედ, მასწავლებლის შვილი ვიყავი (იღიმის)... განსაკუთრებულად ტექნიკური საგნები მიყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. წლების მერე მივხვდი, რომ არჩევანში შევცდი, - ამ პროფესიაზე მეტად, მსახიობობა მხიბლავდა. სხვათა შორის, დედაჩემი იყო ეკონომისტი, მამაჩემი ფიზიკოსი და ჩემს გადაწყვეტილებაზე მშობლების პროფესიებმაც იქონია გავლენა... წიგნების კითხვა მიყვარდა. იმდენად ბევრს ვკითხულობდი, რომ მშობლები მეუბნებოდნენ,

- "გეყოფა, წიგნს შეეშვი!" საბოლოოდ, ამან ჩემს მხედველობაზე ცუდად იმოქმედა, სამაგიეროდ, თავში ბევრი რამ დამრჩა. მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა. ხომ ისედაც მიყვარდა წიგნის კითხვა, მაგრამ მან ისეთი მიმართულება მომცა და მასწავლა, კითხვისას რაზე უნდა იკაიფო, რომ მერე სულ გადავირიე.

- როგორ ფიქრობთ, წიგნის ასე გაგიჟებით სიყვარული რამ განაპირობა? წასაკითხ ლიტერატურას თავიდან მშობლები გირჩევდნენ? იქნებ გვირჩიოთ, როგორ უნდა შეაყვარო შვილს წიგნი?

- უი, რა საინტერესო კითხვაა... (ფიქრობს) ჩემს შემთხვევაში რა როგორ მოხდა, არ მახსოვს, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ... რა თქმა უნდა, მშობლები ჯერ თავად მიკითხავდნენ წიგნებს, მერე მეც გამიჩნდა ამის სურვილი. უამრავი საინტერესო წიგნი მაქვს წაკითხული და ბევრი "ხლამიც". ხომ იცით, კომუნისტების პერიოდში უამრავი უსარგებლო წიგნი შემოყარეს. იმ მომენტში, როცა ასეთ წიგნს ვკითხულობდი, ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ წლების მერე მივხვდი, რა იყო ღირებული და რა - არა.

- მასწავლებლის შვილი კი იყავით, მაგრამ "შატალოზე" ალბათ მაინც დადიოდით, არა?

- "შატალოზე" პირველი გავრბოდი კლასიდან (იღიმის). ძირითადად, კინოთეატრში მივდიოდით ან მთაწმინდაზე და ვსეირნობდით. სკოლის დამთავრებამდე 3 წელი გვქონდა დარჩენილი, როცა არეულობა დაიწყო. მანამდე, "შატალოზე" წასულებს მასწავლებლები მოგვდევდნენ, გვიჭერდნენ, მეორე დღეს "ლექციებს" გვიტარებდნენ; ქვეყანაში სიტუაცია რომ აირია, მიგვიშვეს და "შატალოზე" რომ მივდიოდით, ამას არც იმჩნევდნენ. ჰოდა, სკოლიდან გაპარვას მუღამი აღარ ჰქონდა, ინტერესი დავკარგეთ.

- გოგოსთვის ლექსი თუ დაგიწერიათ ან წაგიკითხავთ?

- არა. ლექსი მიყვარს, მაგრამ მაშინ, როცა ჩემთვის, ჩუმად ვკითხულობ, მისი ხმამაღლა წაკითხვა კი არ მომწონს; ვერც სხვის წაკითხულ ლექსებს მოვუსმენ, თუ, რა თქმა უნდა, ის სხვა მურმან ჯინორია არ არის...

- შეგიძლიათ, პირველი სიყვარული გაიხსენოთ?

- როგორ არა, ეს სკოლის პერიოდში იყო. მაშინ პატარა ვიყავი და შესაბამისად, ერთი გოგო ბავშვურად მიყვარდა.

- მისი სახელი გახსოვთ?

- მახსოვს, მაგრამ არ გეტყვით (იღიმის).

- თქვენი სიყვარული ცალმხრივი იყო?

- ალბათ, არ ვიცი... მისთვის არ მითქვამს, - მიყვარხარ-მეთქი და შეიძლება, ვერც ვერაფერს ხვდებოდა. მოკლედ, ეს ჩემი გაუმხელელი სიყვარული გახლდათ და არ მინდა, ამის შესახებ ახლა, ამდენი წლის შემდეგ შეიტყოს.

- უფრო სერიოზული გრძნობა როდის გეწვიათ? იქნებ პირველი პაემანი გაიხსენოთ.

- რაღაცები იყო, მაგრამ გახსენება არ ღირს.... სამაგიეროდ, გეტყვით იმას, რომ პირველი კომპიუტერი სწორედ გოგოს გამო ვიყიდე. ჩემს მომავალ მეუღლეს რამდენიმე თვით საზღვარგარეთ მოუხდა წასვლა. ჰოდა, მასთან კავშირი რომ მქონოდა, მეგობარს ფული ვესესხე და კომპიუტერი შევიძინე. საშინელი კომპიუტერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ველაპარაკებოდი, მის გარეშე დიდხანს მაინც ვერ გავძელი და როგორღაც, შუაგულ ევროპაში ჩასვლა მოვახერხე.

- ამბობენ, რომ ახლა რეალური ურთიერთობები ვირტუალურმა ჩაანაცვლა...

- არ მომწონს, როცა ამბობენ: თბილისი იყო ურთიერთობის ქალაქი, ახლა კი ყველაფერი შეიცვალაო. კიდევ, - ახალმა თაობამ არაფერი იცის, უწიგნურები არიანო. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა ჩემი თაობის მოზარდებს არ სჯობს, მაგრამ არც არაფრით ჩამოუვარდება. მათ გაცილებით დიდი სივრცე აქვთ იმისთვის, რომ სწორი ღირებულებები იპოვონ. ადამიანი შეიძლება, ვირტუალურ სამყაროში დიდხანს გაერთოს, მაგრამ მერე აუცილებლად მოუნდება გარეთ გასვლა, რეალური ურთიერთობა. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე და როგორც უნდა ეცადოთ, ახალგაზრდებზე ცუდს ვერაფერს მათქმევინებთ! ნურავის ჰგონია, რომ სვირინგიანი თუ ცხვირზე საყურეგარჭობილი, პირსინგიანი ახალგაზრდები ვერაფერს გააკეთებენ არა მარტო საკუთარი, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტს, უფრო ძლიერად და საინტერესოდ გააკეთებენ, ვიდრე მათ ასაკში ამას ჩვენ შევძლებდით. მე ამაში დარწმუნებული ვარ!

- და მაინც, ხომ არ გინდათ, ახალგაზრდებს რაიმე ურჩიოთ?

- მათ უბრალოდ, ვეტყვი: თქვენ ძალიან კარგები ხართ, ყოჩაღები. იყავით ლაღები და წაიკითხეთ უფრო მეტი წიგნი. ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ცოტას კითხულობთ. არა! უბრალოდ, უფრო მეტი უნდა წაიკითხოთ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია