როგორ დავიბრუნოთ უკან 360 ლარი - მცირე ხელფასის "კომპენსაცია"

როგორ დავიბრუნოთ უკან 360 ლარი - მცირე ხელფასის "კომპენსაცია"

შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს შემოსავლების სამსახურსა და ბანკ "რესპუბლიკას", "პრივატბანკს", "თიბისი ბანკს", "საქართველოს ბანკს", "ლიბერთი ბანკს", "ბაზისბანკს", "ქართუ ბანკს", "კორსტანდარტ ბანკს", "ბანკს კონსტანდასა" და "ფინკა ბანკი საქართველოს" შორის ხელი ფინანსთა სამინისტროში მოეწერა.

მემორანდუმის შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის საკითხზე ნებისმიერი აღნიშნული ბანკით ისარგებლონ. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა დაუბრუნდებათ.

"მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის განმავლობაში მუშავდებოდა დაუბეგრავი მინიმუმის თემა და 2014 წლის 1-ელი აპრილიდან მოსახლეობისთვის ამ თანხების დაბრუნება დაიწყება. ამისთვის ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი წელიწადში არ აღემატებოდა 6 000 ლარს ნებისმიერ იმ ბანკში უნდა მივიდნენ, რომლებთანაც დღეს ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და უმარტივესი დეკლარაცია შეავსონ – ეს რეალურად სისტემაში მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანას გულისხმობს. ამის შემდეგ დაიწყება დაბრუნების პროცესი", - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

"არის დიდი ნაკადი – 600 000 თანამოქალაქეს უნდა დაუბრუნდეს ეს თანხა და ბანკებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ მინიმალური ხარვეზებიც არ იყოს ამ პროცესში", - განმარტა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, 2013 წელს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი წლის განმავლობაში 6 000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია