შეიარაღებული ძალების კონტრაქტორების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათ შემცირებას გეგმავს. სამხედროების თქმით, ბოლო დროს დისციპლინა გამკაცრდა და მცირე დარღვევაზეც კი ხელფასს უქვითავენ. ამასთან, როგორც ირკვევა, კონტრაქტს არ გაუგრძელებენ იმ კონტრაქტორებს, ვისაც რაიმე სპეციალობა არა აქვთ.
"არსენალი" შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია.
გიორგი, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი:
- საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მეთაურობისგან გავიგეთ, კონტრაქტორები უნდა შემცირდნენ, რადგან ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ მეტი კონტრაქტორი გვყავს. გაფილტვრა მოტივაციისა და დონის გათვალისწინებით ჩატარდება და ვნახოთ, ვინ დარჩებაო.
არადა, მე და ბევრ ჩემისთანას უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სხვა სამსახურის პოვნის ან სულაც ქვეყნიდან წასვლის შანსი გვქონდა, მაგრამ არ წავედით, რადგან გარდა იმისა, რომ სამხედრო სამსახური გვაინტერესებდა, სამშობლოში დარჩენა და თუნდაც ნაკლები ანაზღაურებით მუშაობა ვარჩიეთ. მე სხვა პროფესიაზე უარი ვთქვი და სამხედრო საქმე შევისწავლე, იმიტომ, რომ იარაღი ყოველთვის მიყვარდა.
ახლა კი, თუ ვიღაცას თვალში არ მოვუვედით, შეუძლიათ კონტრაქტი აღარ გაგვიგრძელონ და ისევ უმუშევრები დავრჩებით.
სავალდებულო სამსახურის გაუქმებას აპირებენ, ძლიერი და კარგად მომზადებული არმია უნდა გვყავდესო და ახლა ამასაც ამცირებენ.
ზვიადი, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი:
- ნებისმიერ სამხედრო დაგიდასტურებთ, რომ სენაკის სამხედრო ნაწილი ყოველთვის დაქვითვებით იყო ცნობილი. აქაურ სამხედრო პოლიციას მართლა ზედმეტი მოსდის. ეს დასჯის მეთოდი NATO-ს ჯარებიდან გადმოიღეს წესრიგის დასამყარებლად. ჯარში რომ წესრიგი უნდა იყოს, არავინ დაობს, მაგრამ წესრიგი შერჩევითი არ უნდა იყოს, ხომ ასეა?.. აქ ნაცნობობითა და პირადი ურთიერთობებით დაიწყეს საქმის მოგვარება, თუ ვიღაცას ვიღაც ჰყავს, ის დაცულია ყველაფრისგან: დასჯისგან, დაქვითვისა და ფიზიკური დატვირთვისგან. ამას ყველა ვხედავთ და ამ დროს გავიგეთ, რომ კონტრაქტორების შემცირებას აპირებენ. ადვილი მისახვედრია, რომ გამოხშირვა პროფესიონალიზმის ნიშნით კი არა, ნაცნობობით იქნება.
- რატომ, საქმე პირადი ურთიერთობებით წყდება?..
- ადრეც ასე იყო, უბრალოდ, მაშინ ამას ვერავინ ამბობდა, ლამის ციხის რეჟიმში ვცხოვრობდით, იმდენად ვიყავით დაძაბული, რომ ასეთ რაღაცებს არც ვაქცევდით ყურადღებას.
ახლა კი, როდესაც ხელფასი მოგვიმატეს, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა გაგვიუმჯობესეს, უცებ შემცირებაზე დაიწყო ლაპარაკი. მე 7 წელია სამხედრო საქმეს ვემსახურები, სავალდებულო სამსახური მოვიხადე და კონტრაქტით დავიწყე სამსახური. ახლა ვიღაცის გამო განზე რომ დავრჩე, ვიღაც იმიტომ დატოვონ, რომ გავლენიანი ახლობელი ჰყავს, უსამართლობა იქნება.
- როგორ ფიქრობთ, შემცირება მართლაც საჭიროა?..
- არიან სამხედროები, ვისაც ვარჯიში, ტალახში ხოხიალი, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვა არ უნდათ. ისინი შეიარაღებულ ძალებში არც უნდა მსახურობდნენ, მათთვის სამოქალაქო სექტორი უმჯობესია.
ალბათ, მე არ დავიკარგები, მაგრამ ამდენი შრომა რომ წყალში ჩამეყაროს, არ მინდა, რადგან ქვეყნის სიყვარული, მეგობრობა და გატანა აქ, ჯარში ვისწავლე, ტალახში ფორთხვითა და ათასი უბედურებით. იმ საშინელ ხელმძღვანელობას გავუძელით და ახლა რომ მომიწიოს კამუფლაჟის გახდამ, ეს მორალურად დამანგრევს. ასეთ სიტუაციაში მე ერთადერთი არ ვიქნები.
გოგა, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი:
- ადრე შტატებიც გააუქმეს, ახლაც არის ლაპარაკი, მაგრამ ამჯერად უფრო აქტიურად საუბრობენ კონტრაქტორების შემცირებაზე. არადა, ცოტა ხნის წინ დასრულდა ყაზარმების გარემონტება და ვფიქრობდით, როგორღაც გამოჩნდა ჩვენი საშველიო. ყველამ იცის, თუ შემცირება დაიწყო, რამდენად "სამართლიანი" იქნება, ვინ დარჩება და ვინ არა და ასე შემცირებული საკონტრაქტო არმია არა მგონია მოტივირებული იყოს. გვეგონა, საქმე გამოსწორებისკენ მიდიოდა და მხოლოდ კვებას ვუჩიოდით, არადა, თურმე შემცირებას გვიპირებენ.
- კვების საქმე როგორ არის?
- ვერა და ვერ დაადგა საშველი ამ პრობლემის მოგვარებას. უკვე ეჭვი გვაქვს, რომ ამასაც განგებ აკეთებენ. რას და როგორ ამზადებენ, ეს კიდევ სხვა საკითხია, ამასთან, ულუფაც შემცირდა. მაგალითად, ჯარისკაცმა ორი სოსისი და ორი კვერცხი უნდა იმყოფინოს, მეტის დამატება არ შეიძლება. წვნიანის ულუფა გაგვინახევრეს და ისიც თითქმის ცარიელი წყალია. ეს ყველა რანგის სამხედრო პირმა იცის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ნაწილში, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. კარგი იქნება, ამას მიხედოს ვინმემ, ვისაც ევალება, ვიდრე საკვებით მოწამლულების კიდევ ერთი ტალღა წამოვა.
- სამხედროები ხშირად ახსენებენ პირად ურთიერთობებს, რომლითაც ბოლო დროს ბევრი რამ წყდება.
- ეს ადრეც იყო, მაგრამ ახლა ისეთი სიმკაცრე და სისასტიკე არ არის, ჩაშვებისაც აღარ გვეშინია.
რაც შეეხება კონტრაქტორების შემცირებას, ამის წინა პირობა უკვე არსებობს, ახლა კონტრაქტის გასაგრძელებლად თანხმობას ბატალიონის მეთაური იძლევა. მეორე კონტრაქტზე ვარ უკვე და ადრეც ყოფილა ასეთი სწავლება, განსაკუთრებით რუკაზე მუშაობაა ძნელი, მაგრამ ამ პროგრამას რამდენჯერმე გავდიოდით. ახლა რამდენი ხანია ერთსა და იმავეს გვასწავლიან... ამას ემატება მუდმივი დაქვითვები. ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერზე შეუძლიათ მოგედავონ, წამებსაც კი გვითვლიან. სავარაუდოდ, ცდილობენ, სტიმული დაგვიკარგონ, რათა კონტრაქტი საკუთარი სურვილით აღარ გავაგრძელოთ, ან უბრალოდ მიზეზი გვიპოვონ, რომ უდისციპლინოები ვართ.