15-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს, 60-ლარიანი - სანიტრებს: ხელფასების მინიმალური ქვედა ზღვარი საქართველოში

15-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს, 60-ლარიანი - სანიტრებს: ხელფასების მინიმალური ქვედა ზღვარი საქართველოში

გურჯაანში მუსიკალური სკოლის პედაგოგების გარკვეული ნაწილი თვეში მხოლოდ 15 ლარს იღებს, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სანიტრების ყოველთვიური ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში 60-70 ლარს არ აღემატება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს უხდის. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს.

"ევროპასა და ამერიკაში დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს იმაზე ნაკლები ხელფასი შესთავაზოს, რაც კანონითაა განსაზღვრული, სხვა შემთხვევაში, დამქირავებელს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ასე რომ, სამართლიანობის თვალსაზრისით, აუცილებელია, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღება მოხდეს", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე.

საქართველოში კი მინიმალური ხელფასის ცნების არარსებობის გამო, არის შემთხვევები, როდესაც დაქირავებით დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 15, 50, 70 ან საარსებო მინიმუმის (150 ლარი) ტოლია.

ასე რომ, ჯერჯერობით, საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს, ამ დროს კი ის ყველა მეზობელ ქვეყანაში არის. მინიმალური ხელფასი უკვე წლებია მოქმედებს უკრაინასა და ბელორუსიაშიც, ამ უკანასკნელში კი ბოლო ათწლეულში ინფლაციისა თუ სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო, მინიმალური ხელფასის ინდექსაცია რამდენჯერმე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინასა და ბელორუსიაში, მინიმალური ხელფასი დაახლოებით 150 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის.

საქართველოში კი მინიმალური ხელფასის ცნების არარსებობის გამო, არის შემთხვევები, როდესაც დაქირავებით დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 15, 50, 70 ან საარსებო მინიმუმის (150 ლარი) ტოლია. დახალოებით 70 ლარამდე ხელფასს იღებენ სანიტრები. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში კი პედაგოგების ნაწილს სულ რაღაც 15-ლარიანი ხელფასი აქვთ.

წინა კვირას გურჯაანელმა პედაგოგებმა ამის გამო ხელფასის მომატება მოითხოვეს. როგორც პედაგოგებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მათი ხელფასი 150-დან 125 ლარამდეა. კახეთში გურჯაანი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც სამუსიკო სკოლებში ასეთი დაბალი ანაზღაურებაა.

მათი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით წელიწადში 60 000 ლარით ფინანსდებიან, რის გამოც ხელფასების გაზრდა ვერ ხერხდება.

"განაკვეთის ღირებულება თელავში და ლაგოდეხში 300 და 200 ლარია. ჩვენთან კი – 102 ლარი. ბოლო ათი წელია ასე ვიტანჯებით. ზოგი მასწავლებელი თვეში 15 ლარს იღებს. პენსიის ტოლი ხელფასიც არ გვაქვს. წელიწადში 60 000 ლარს გვირიცხავს მუნიციპალიტეტი, თითქმის ამდენივე თანხას საკუთარი შემოსავლებიდან ვიღებთ, მაგრამ არასაკმარისია", - განუცხადეს პედაგოგებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გარდა ამისა, საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვთ სანიტრებსაც. როგორც თბილისში მოქმედ საავადმყოფოებში დასაქმებულები ამბობენ, მათი ხელფასი თვეში, დაახლოებით, 60-70 ლარია.

ამ ყველაფრის მიზეზად სპეციალისტები მინიმალური ხელფასის ცნების არარსებობას ასახელებენ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის შემოღება აუცილებელია, რადგან ის ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს.

"მინიმალური ხელფასის დასადგენად აუცილებელია მუშაობის დაწყება. ამის შემდეგ ერთი თვეც საკმარისი იქნება, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს. იმისათვის, რომ დადგინდეს მინიმალური ხელფასის ზღვარი, საჭიროა, სიღრმისეული ანალიზი. როცა ამბობენ, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმის ტოლი უნდა იყოს, არასწორია, რადგან საარსებო მინიმუმი არის ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი, მინიმალური ხელფასი კი სულ სხვა რამაა.

საჭიროა განმარტება რა არის მინიმალური ხელფასი, არის თუ არა ამისთვის საბიუჯეტო სახსრები და საბოლოოდ, რა შედეგს მოგვიტანს ასეთი ცნების შემოღება. ამ ყველაფრის შესწავლას კი, დამერწმუნეთ, ერთ თვეზე მეტი არ დასჭირდება", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ოდენობა, კაპანაძის თქმით, ამის განსაზღვრა დეტალური ანალიზის გარეშე შეუძლებელია. საჭიროა, ემპირიული დაკვირვება და დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ადამიანი მოდის ერთ დასაქმებულზე.

"მინიმალური ხელფასი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ეს უნდა იყოს კანონი. დამსაქმებელმა კანონით განსაზღვრულზე ნაკლები ანაზღაურება დასაქმებულს არ უნდა დაუნიშნოს. ევროპასა და ამერიკაში დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს იმაზე ნაკლები ხელფასი შესთავაზოს, რაც ამ კანონითაა განსაზღვრული. სხვა შემთხვევაში, დამქირავებელს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ასე რომ, სამართლიანობის თვალსაზრისით მინიმალური ხელფასის ცნების შემოღება აუცილებელია", - ამბობს კაპანაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხელფასის ოდენობა მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ჩვენთან მიწოდება მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება, დამსაქმებელიც დაქირავებით დასაქმებულს დაბალ ხელფასს უნიშნავს.

"აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებაში სიჭარბეა, არის ისეთი პროფესიები, სადაც მოთხოვნა ბევრად მაღალია და ამის გამო, უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ხდება აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ ორი უკიდურესობა: პირველი - მასობრივი მიწოდება დაბალი მოთხოვნის პირობებში, მეორე – მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალობის მქონე მუშახელზე, რომლებიც ჩვენ არ გვყავს, ან უკეთესი ანაზღაურების გამო გავიდნენ ქვეყნიდან", - აცხადებს არჩვაძე.

მინიმალური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით ორიოდე თვის წინ სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა კონსალტინგურმა ჯგუფმა "კონვერგექსმა" (კვლევაში მოყვანილია 2013 წლის მონაცემები). აღნიშნული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ანაზღაურება ავსტრალიაშია და ის საათში 16,88 დოლარს, დაახლოებით, 27,8 ლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 12,09 დოლარი საათში, ანუ დაახლოებით 21,2 ლარი, მესამეზე კი ახალი ზელანდია - 11,18 დოლარით, დაახლოებით, 18,4 ლარი.

იაპონიაში საათობრივი შრომის მინიმალური ანაზღაურება 8,17 აშშ დოლარია (13,4 ლარი), აშშ-ში - 7,25 (11,9 ლარი), ხოლო ჰონგ-კონგში - 3,87 დოლარი (6,3 ლარი).

მინიმალური ხელფასით განვითარებად ქვეყნებში რუსეთი ჩამორჩება ბრაზილიას (1,98 აშშ დოლარი), ამასთან ჯობნის ჩინეთს (80 ცენტი) და სამჯერ აღემატება ინდოეთის მაჩვენებელს (28 ცენტი). რუსეთში საათობრივი მინიმალური ხელფასი 97 ცენტს, ანუ დაახლოებით 1,6 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო არ მოხვდა, რადგან ჩვენთან არათუ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაანგარიშება, არამედ არც მინიმალურიხ ხელფასის ცნება არ არსებობს.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია