"კბილის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, გაძვირდეს"

"კბილის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, გაძვირდეს"

სტომატოლოგიურ კლინიკებზე ახალი რეგულაციები დაწესდება, მოთხოვნა და სტანდარტი მკაცრდება.

კერძოდ,  მთავრობის 159-ე დადგენილებით, "მაღალი რისკის მქონე სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტში" რამდენიმე ცვლილება შევიდა: სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე არანაკლებ 14 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, ხოლო ყოველ დამატებით სავარძელზე - არანაკლებ 7 კვადრატული მეტრის; პაციენტების მოსაცდელები და ექიმის კაბინეტი ვენტილაციით უნდა იყოს აღჭურვილი, სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეიქმნას პირობები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ასევე, უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის, როგორიცაა წყალმომარაგება, ჰიგიენის და სადეზინფექციო საშუალებები, საპირფარეშო. აუცილებელია თუ არა ცვლილებები და ხომ არ გაიზრდება ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე? - ამ კითხვით ორთოპედ-სტომატოლოგთა კავშირის თავმჯდომარე ლევან პერტენავას მივმართეთ.

- რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია, სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს შორის უნდა იყოს სათანადო ფართი, ვენტილაცია და დეზინფექცია, რომ შიდსის, C ჰეპატიტის და სხვა დაავადებების ამ გზით გავრცელება თავიდან ავიცილოთ. მეტი მოთხოვნები უნდა იყოს კბილის ტექნიკოსების მიმართ. კლინიკური მასალები, კერძოდ, საანაბეჭდო მასები ყველასათვის ხელმისაწვდომი კი არ უნდა იყოს, არამედ მხოლოდ მათთვის, ვინც სერთიფიცირებულია - ასეა განვითარებულ ქვეყნებში.

ასევე, ძალზე დაბალია ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაცია. უნდა დადგინდეს სტომატოლოგიური კლინიკების ფართი, მისი მიხედვით სავარძლების რაოდენობა; სტანდარტები, რომელსაც რეალურად, არავინ იცავს, ყველამ უნდა დაიცვას. სტომატოლოგიური კლინიკების აკრედიტაცია, ლიცენზირებაც ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს. პატარა კლინიკები, სტომატოლოგიური კაბინეტები მკაცრად უნდა შემოწმდეს, სანამ მუშაობის უფლება მიეცემა, უნდა შემოწმდეს, აქვს თუ არა სერთიფიკატი ყველა სტომატოლოგს.

რაც შეეხება ფასებს - ბაზარი თვითრეგულირებადია, ამიტომ შესაძლოა, მომსახურების ხარისხის ზრდამ, კონტროლმა, მისი გაძვირებაც გამოიწვიოს.. დღეს ხშირად ხდება, რომ ტექნიკური პერსონალი, რომელსაც არც კვალიფიკაცია აქვს, არც საკმარისი განათლება და გამოცდილება, დაბალი ფასებით იზიდავენ პაციენტს, რაც ერთი შეხედვით, პაციენტისთვის მომგებიანია, მაგრამ ხშირად, ისინი კიდევ უფრო ზარალდებიან და ამის მერე მიმართავენ კვალიფიციურ ექიმს, საბოლოო ჯამში კი მკურნალობა ორჯერ ძვირი უჯდებათ… დღეს საქართველოში სტომატოლოგის მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე იაფია, მაგრამ ეს ხარისხის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ნინო კვიტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია