"რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?!" - ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ახალაიასთან

"რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?!" - ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ახალაიასთან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია თითქმის 15 თვეა, ბრალდებულის სკამზე ზის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სამართლიანობის აღდგენასა და ბაჩანა ახალაიას გასამართლებას კატეგორიულად მოითხოვს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ ყოფილ ჩინოვნიკს რამდენიმე ეპიზოდში ბრალი მოუხსნა. მათ შორის, ე.წ. ვაშლის თლის, ციხის ბუნტის, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების საქმეებში. ამჟამად, პროკურატურა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს. იგივე საქმეში ბრალი დაუმძიმდა ბაჩანა ახალაიას ძმას, საქართველოდან გაქცეულ დათა ახალაიასაც, რომელიც 2006 წელს, დანაშაულის ჩადენის პერიოდში შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მეტიც, პროკურატურამ დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და წამების სხვა საქმეზეცწაუყენა, რის გამოც კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. აშანტაჟებს თუ არა დათა ახალაია ნაციონალურ მოძრაობას და რატომ ეამაყება უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული შვილები, "ვერსიას" საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია ესაუბრა.

- არაერთხელ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ - ბაჩანა ახალაია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია, პროკურატურა კი პოლიტიკური ანგარიშსწორების ორგანოდ ჩამოყალიბდა. სასამართლო პროცესზეც არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩემი შვილის წინააღმდეგ მოწმეებს აშანტაჟებენ და ამ ფორმით მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობენ... მსგავსი პროკურატურის პირობებში, სამართლიანობის მიღწევის იმედი არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეებს "კერავენ", სამართლიანი სასამართლოს პირობებში, პასუხს აუცილებლად აგებენ. მჯერა, სამართლიანობა მალე იზეიმებს.

- სანამ გამომძიებლებსა და პროკურორებს ემუქრებით, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენად სწორედ ბაჩო ახალაიას გასამართლებას მიიჩნევს. ბევრს ისიც აღიზიანებს, რომ ამ დრომდე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დანაშაული ვერ დაუმტკიცდა.

- ეს მუქარა არ არის, არც შურისძიებას ვგეგმავ... თანაც ბაჩოს გასამართლება, საზოგადოების კი არა, ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მოთხოვნაა, რადგან მას ძლიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. მეტიც, ბაჩოსა და ვანო მერაბიშვილის ციხეში გამოკეტვა რუსეთის სპეცსამსახურების დავალებაა, რადგან ეს ადამიანები საქართველოს თავისუფლებისა და განვითარებისთვის იბრძოდნენ.

- ბაჩო ახალაიას რამდენიმე პატიმარი წამებაში ამხელს, თუ ესეც თავისუფლებისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო?

- ბაჩო ახალაიას მსგავს ბრალდებებს მხოლოდ ე.წ. კანონიერი ქურდები უყენებენ, რომლებსაც მასზე შურისძიება სწყურიათ. სხვათა შორის, ერთ-ერთმა "კანონიერმა ქურდმა" ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც შემდეგ აღმოვაჩინეთ, აღნიშნული მოსამართლის ცოლი ირაკლი ალასანიასთან დღემდე მუშაობს, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სასამართლომ ბაჩოს წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა. თუ სასამართლო ე.წ. კანონიერი ქურდის, მამარდაშვილის ჩვენებას ითვალისწინებს, რატომ არავინ უსმენს ვანო მერაბიშვილს, რომელმაც უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ციხიდან გატაცებაში ამხილა? ხელისუფლებისთვის მამარდაშვილი მერაბიშვილზე უფრო წონიანი ფიგურაა?!

- უცნაურია, რომ ვანო მერაბიშვილის დაცვას ცდილობთ იმ ფონზე, როცა ბაჩო და დათა ახალაიები მასთან ღიად დაპირისპირებულები იყვნენ. დათა ახალაია საქართველოდან გაქცევის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ხომ ღიად საუბრობდა - ვანო მერაბიშვილმა ქვეყანა ახალაიებთან ბრძოლას გადააყოლაო?!

- ჩვენსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაზე საუბარი მხოლოდ შავი პიარის ნაწილი იყო...

- იმის უარყოფასაც შეეცდებით, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას გეგმავდით, ახლა მაინც განმარტეთ, პოზიცია რის სანაცვლოდ შეიცვალეთ?

- ვიმეორებ, მსგავსი ინფორმაციები მხოლოდ შავი პიარის ნაწილია. ჩემზე იმასაც ამბობდნენ, ბავშვებს ჭამს და სახლში მგლები ჰყავს დამწყვდეულიო. ისიც ითქვა, სარდაფში ჭა აქვს გათხრილი და წყალს მხოლოდ იქიდან სვამს, ასევე სახლიდან სამსახურამდე გვირაბი გაიყვანაო. ყველა დაინტერესებულ პირს სახლში ვეპატიჟები, რათა საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ სარდაფში არც ჭა და არც გვირაბი მაქვს. სამწუხაროდ, რაც უფრო არარეალურია ჭორი, საზოგადოება მას მით უფრო იოლად იჯერებს.

- მუხროვანის სპეცოპერაციის ამსახველი კადრების გავრცელებაშიც ბევრმა დათა ახალაიას კვალი დაინახა – კუდ-ის ყოფილი უფროსი თანაგუნდელებზე განაწყენებულია და მათგან მეტ ყურადღებას ითხოვსო. ადასტურებთ, რომ ვიდეოჩანაწერების უკან დათა ახალაია დგას?

- აბსურდია! დათა ახალაიას მუხროვანის კადრები რატომ უნდა გაევრცელებინა, როცა ვიდეოჩანაწერში თავადაც ჩანს?! თანაც მერაბიშვილის განცხადების კრიალაშვილის გარდაცვალებასთან მიბმა გაუმართლებლად მიმაჩნია, მსგავს სისულელეებს მამუკა არეშიძე ხშირად ბოდიალობს, რისთვისაც სასამართლოში ვუჩივლებთ. მას თითოეულ გავრცელებულ სიცრუეზე სასამართლოზე განმარტებებს მოვთხოვთ. თანაგუნდელებისგან არც ყურადღების ნაკლებობას ვგრძნობ.

- თუ თანაგუნდელებმა ბაჩო ახალაია არ გაწირეს, რატომ არ დადიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მის პროცესებზე ან, ვანო მერაბიშვილის მსგავსად, რატომ არ ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე მის პოლიტპატიმრად წარმოჩენას?

- დეტალებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სოლიდარულია ნაციონალური მოძრაობა ბაჩო ახალაიას მიმართ. ეს კითხვა, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა დავუსვათ, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ. მათ, ალბათ, აქვთ შესაბამისი არგუმენტებიც. ჩემთვის კი მსგავსი საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ხომ კარგად ვიცი, რომ ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილის ტყვეა?!

- გიგა ბოკერიას ცოლმაც დათა ახალაია მანიაკად მოიხსენია, ელენე თევდორაძემ კი ციხის ბუნტში ბაჩანა ახალაიას პასუხისმგებლობაზე ისაუბრა...

- ნუ მისვამთ ასეთ კითხვას, რომელზეც ახლა არ ვუპასუხებ! ნამდვილად არ დავწვრილმანდები, ვინ, რა და როგორ თქვა. თუ ვინმემ ჩემი შვილების მისამართით ზედმეტი თქვა ან რამე დააკლო, ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს. მე მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული - ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა, დღეს სწორედ სამართლიანობას ებრძვის. "ქართულმა ოცნებამ" წელიწადნახევრის განმავლობაში იმაზე მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი ცხრა წელის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსულმა პრეზიდენტმაც სამართლიანობაზე ისაუბრა, თუმცა რაც ბაჩო ახალაიას პროცესებზე ხდება, უსამართლობაზე მეტია! მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტი სახეზეა - ბაჩო ოთხ ეპიზოდში გამართლდა და ეს ძლიერი წნეხის პირობებში მაინც მოვახერხეთ.

- იმ წნეხზე არაფერი გსმენიათ, რაშიც გამოძიება ბაჩო ახალაიასა და მის უახლოეს მეგობარ მეგის ქარდავას ედავება? მაგალითად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის #1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე.

- ამ შემთხვევაში, არც მოსამართლე ვარ და არც პროკურორი, რომ, თუნდაც, მეგის ქარდავას დანაშაულზე ვისაუბრო.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბაჩო ახალაია მეგის ქარდავას მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ისჯება?

- უსამართლობის პრეზუმპციასაც არ დავარღვევ... თანაც მიმაჩნია, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირებზე ინდივიდუალურად უნდა გავრცელდეს. დიდი ხანია საბჭოთა კავშირში აღარ ვართ, რომ ადამიანი დანაშაულისთვის კოლექტიურად გაასამართლონ.

- ისე, დათა ახალაია სოციალური ქსელით გავრცელებულ წერილში საქართველოში ჩამოსვლასა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაზე საუბრობდა, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში აპირებს?

- რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?! ხელისუფლება დღეს ახალაიების ოჯახის წინააღმდეგაა მომართული. ყველანაირი ხერხით ჩვენზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ. უნდათ, ქვეყნის დამანგრევლებად წარმოგვაჩინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ჩემი შვილები საკუთარ სიმართლეს მაინც დაამტკიცებენ. დადგება დრო და დათა ახალაია საქართველოში აუცილებლად ჩამოვა. თავის სათქმელსაც ხმამაღლა იტყვის, მაგრამ ჯერჯერობით, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე საქართველოში სამართლის პოვნა შეუძლებელია.

ბაჩო ხომ ჩამოვიდა და 15 თვის განმავლობაში პატიმრობაშიც ხომ იმყოფება, რისი დამტკიცება მოახერხა ხელისუფლებამ?! სხვათა შორის, მისი ნახვის უფლებას პროკურატურა დღემდე არ მაძლევს. პარლამენტის თავმჯდომარესაც ვთხოვე, ჩემი შვლის ნახვის უფლება ერთხელ მაინც მომეცით-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. წლების განმავლობაში პროკურორად ვმუშაობდი, თუმცა არ მახსოვს შემთხვევა, პატიმართან ახლობლის შესვლაზე უარი მეთქვა. ესენი კი, ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, ამიტომ აღარ ვაპირებ, იგივე თხოვნით პროურატურას მივმართო. იცით, მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს ვნანობ. ჩვენ სამშობლოს ვემსახურებოდით და ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდეთ, იგვიე გზას კიდევ ერთხელ გავივლიდით. მე, როგორც მამამ, კარგად ვიცი, როგორ აღიზარდნენ ჩემი შვილები და რა საქმესაც აკეთებდნენ ისინი.

- როცა სანდრო გირგვლიანს ოქროყანაში სასტიკად უსწორდებოდნენ, მაშინაც იცოდით, თქვენი შვილი რას აკეთებდა?

- გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს განაჩენს დაველოდოთ და შემდეგ ვისაბუროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეამაყება, რომ ჩემი შვილები ასეთ დღეში არიან. თუ სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა დანაშაულია, დაე, ასე იყოს. ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ დღეს ჩემთვის ჩემი შვილები გმირები არიან. როგორი პიარიც უნდა აგვიგორონ და ხალხს გონება მოუწამლონ, მე და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი კარგად ვიცით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს!

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა