საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას შეკითხვა დაუსვა "ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა არსენ ხარატიანმა.
შეკითხვის დასმამდე კი, ხარატიანმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა, თუ რა გრძნობაა, იყო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი. რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ჰკითხა, თუ ვინ არის პირველი.
"კიმ ჩენ ინი", - უპასუხა არსენ ხარატიანმა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.
რაც შეეხება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის კითხვას, ხარატიანი დაინტერესდა, შეუძლია თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება.
"ის საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ რატომაც არა, მას შეუძლია დაბრუნება. მან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ენატრება ის, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლია დაბრუნება. მას ჯერაც საქართველოს მოქმედი პასპორტი აქვს. ასე რომ, შეუძლია ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგზაურობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.