რას ხარჯავს მინისტრობისას ნარმანია?

რას ხარჯავს მინისტრობისას ნარმანია?

"ალიას" ფინანსისტი, "მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დოკუმენტაციას სწავლობდით. რა შედეგი მიიღეთ, დიდი ხარჯები აქვთ?

- სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და მის მართვაში მყოფი სახელმწიფო კომპანიების მიერ, 2013 წლისთვის გაწეული ზოგიერთი ტიპის ხარჯის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოლიდური თანხებია დახარჯული შემდეგი მიმართულებებით: ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექმომსახურების, საწვავის, კომპიუტერული ტექნიკის, მობილური ტელეფონის აპარატებისა და ავეჯის შესაძენად.

- დავიწყოთ მანქანებით...

- 2013 წლისთვის, სამინისტრომ შეიძინა 1 989 161 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები. მათ შორის შეძენილ იქნა შემდეგი ძვირადღირებული ე.წ. ჯიპები: სამინისტროს აპარატის მიერ - ახალი "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" 84 545 ლარად და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საწარმო "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ - "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" 127 866 ლარად. 84 545 ლარიც სრულებით ზედმეტია ავტომობილის შესაძენად, მით უმეტეს 127 866-ლარიანი ჯიპის გარეშეც უნდა შეძლოს თანამდებობის პირმა საკუთარი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელება. ეს რაც შეეხება უშუალოდ 2013 წელს შეძენილ ავტომობილებს. გარდა ამისა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ახალი ხელისუფლების პირობებში შეძენილი სხვა ავტომობილების შესახებაც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2012 წლის ბოლო თვეებში, 53 635 ლარის ღირებულების 17 ერთეული ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩანაცვლებულია 472 814 ლარის ღირებულების 17 ერთეული ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (თითო ავტომობილი, საშუალოდ, 27 800 ლარი). 2014 წლის დასაწყისში, "მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ, 29 100 ლარის ღირებულების 8 ერთეული ძველი ავტომობილი, ჩანაცვლებულია 246 608 ლარის ღირებულების 8 ერთეული ახალი ავტომობილით (თითო ავტომობილი, საშუალოდ, 30 800 ლარი). გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 491 000 ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებას და ამზადებს ხელშეკრულებას მომწოდებელთან.

- მანქანების ტექმომსახურება, ბენზინი?..

- დიახ, სამინისტროსა და მისი უწყებების მიერ, დაიდო 524 147 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებასა და რეცხვაზე, ხოლო 6 046 984 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები საწვავის შეძენაზე. არაერთხელ მითქვამს და, კვლავ დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ ავტომობილების შეძენაზე დიდი თანხების დახარჯვა ერთი კონკრეტული პრობლემაა და, ასევე, ცალკე პრობლემაა ამ ავტომობილების მოვლა-პატრონობასა და საწვავზე დახარჯული თანხების რაოდენობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს ხელისუფლებამ, რომ არ შეიძლება, ამ რაოდენობის სახელმწიფო სახსრები იხარჯებოდეს ავტოპარკის განახლებასა და შენახვაზე.

- რომელ სამინისტროებზეც აქამდე გამოვაქვეყნეთ მონაცემები, კომპიუტერულ ტექნიკასა და მობილურებზე საკმაო თანხები დახარჯეს. ნარმანიას სამინისტროს შემთხვევაში რა ხდება?

- ზოგადად, საოფისე ტექნიკასა და, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მობილური ტელეფონის აპარატების შეძენაზე, მართლაც შთამბეჭდავი თანხებია დახარჯული. სამინისტრომ და მისმა დაწესებულებებმა, 2013 წელს შეიძინეს 53 218 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 572 640 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და, 32 364 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აპარატები. ამოვწერე რამდენიმე კონკრეტული შეძენის ფაქტი. რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, დავუშვათ, შეძენილია "სონის" ვიდეოკამერა 10 493 ლარად, ფოტოაპარატი "ქენონი" 5 955 ლარად, 3660-ლარიანი "სონის" ფირმის ე.წ. ლეპტოპი, 3935-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი, 4100-ლარიანი ნოუთბუქი "მაკბუქ პრო", იგივე "მაკბუქ პრო" 3850 ლარად, 9 ცალი "მაკბუქ ეარი", საცალო ღირებულებით 1889 ლარი, 2 ცალი "მაკბუქ პრო" საცალო ღირებულებით 3785 ლარი, ასევე მაგიდის კომპიუტერი "აი მაკი", ღირებულებით 2999 ლარი.

- მობილური ტელეფონები არ შეუძენიათ?

- რაც შეეხება მობილური ტელეფონის აპარატებს, ამ მიმართულებითაც შთამბეჭდავი შენაძენები გაკეთდა. შეძენილია: ერთი 1800-ლარიანი "აიფონ 5", 2 ცალი "აიფონ 4" - საცალო ფასით 1150 ლარი, "აიფონ 5" - საცალო ღირებულებით 2098 ლარი. დაბოლოს, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ერთი ხელშეკრულებით შეძენილია 30 ცალი "სამსუნგ" "გალაქსი", საერთო ღირებულებით 24 000 ლარი.

- ავეჯი არ შეიცვალა?

- სულ სამინისტრომ და უწყებებმა, 2013 წელს შეიძინეს 81 749 ლარის ღირებულების ავეჯი. მინდა გამოვყო ორი შენაძენი: ტყავის სამეული 4290 ლარად და ხელმძღვანელის საკაბინეტო მაგიდა 3400 ლარად. მაღალი ხარისხის ტყავის სამეულების და "ხელმძღვანელის" სამუშაო მაგიდების გარეშეც ხომ ადვილად შესაძლებელია საჯარო სამსახურში მუშაობა.

- რესტორნები? სხვა სამინისტროებს საკმაო ხარჯები ჰქონდათ ამ მიმართულებით?

- ერთადერთი დადებითი, რაც ამ ხარჯებში აღმოვაჩინე, ის არის, რომ სამინისტროსა და მის უწყებებს, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, სარესტორნო მომსახურებასა და ფურშეტებზე, რამე განსაკუთრებული დიდი ხარჯი არ აქვთ გაწეული. სულ, ამ მიმართულებით დაიხარჯა 36 492 ლარი. ასევე შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, სასმელებისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტების შეძენის შესახებ. სულ 2013 წლისთვის დაიდო 35 053 ლარის ხელშეკრულებები ამ მიმართულებით. მათ შორის, შეძენილ იქნა 105 კილოგრამი ყავა და ცხელი შოკოლადი, საერთო ღირებულებით 6270 ლარი.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა