"ჩემი დები მეხმარებიან" - რით ირჩენენ თავს ოპოზიციის ლიდერები

"ჩემი დები მეხმარებიან" - რით ირჩენენ თავს ოპოზიციის ლიდერები

პოლიტიკაში თუ ხარ (მით უმეტეს, რომელიმე პარტიის ლიდერი), იმდენი შემოსავალი მაინც უნდა გქონდეს, რომ პარტიის ოფისი შეინახო და რამდენიმე აქტივისტს ხელფასი გადაუხადო. ამ მხრივ, პარლამენტარი პოლიტიკოსები უფრო კომფორტულად არიან - ხელფასი აქვთ და პრემიებსაც იღებენ (თუმცა ბევრი მათგანი სულაც არ არის დამოკიდებული ხელფასზე). აი, არასაპარლამენტო ოპოზიციაში ყოფნა კი რთულია - საკუთარი თავი თავადვე უნდა შეინახო. მოკლედ, დავინტერესდით, რით ირჩენენ თავს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

კახა კუკავა (პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, საკრებულოს წევრი): ჩემი მეუღლის გარდა, ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია, საერთო შემოსავალი 4000 ლარს შეადგენს. საწარმო ჩვენ არ გვაქვს და ფართი, რომელსაც გავაქირავებთ. არც ბანკში გვიდევს ფული.

- საკმარისია ეს თანხა თქვენი ოჯახისთვის?

- საკმაოდ სოლიდური თანხაა, გვყოფნის ეს 4000 ლარი.

- პირადად თქვენი ხელფასი რამდენი ლარია?

- ახლა საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე ვარ და 2000 ლარია ჩემი ხელფასი. ადრე 1000 ლარი მერიცხებოდა, ამავე დროს ბანკის ვალი მქონდა და ყოველთვიურად ვიხდიდი 600 ლარს. კრედიტის აღება წლების წინ დამჭირდა სახლისთვის, ათწლიანი სესხის ხელშეკრულება იყო, რომელიც უკვე დავფარე.

ჯონდი ბაღათურია ("ქართული დასის" ლიდერი): ჩემი ხელზე ასაღები ხელფასი 600 ლარს შეადგენს, ასევე ვიღებ ომის ვეტერანის პენსიას. მეხმარებიან ჩემი დები, საზღვარგარეთიდანაც მიგზავნიან ფულს ახლობლები. მამაჩემს აქვს ვულკანიზაცია, რომლის პრივატიზაციაც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს გააკეთა და შეიძლება ითქვას, ძირითადად სწორედ ამ შემოსავალით ვცხოვრობთ ოთხი ოჯახი.

- გამოდის მამა გარჩენთ?

- ეს ოჯახური ბიზნესია, ხანდახან არის მუშაობა, ხანდახან მიზერული თანხა შემოდის აქედან. ზოგჯერ სხვა შემოსავალიც გვემატება და ასე გაგვაქვს თავი.

ირაკლი ბათიაშვილი ("სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი): მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი პოლიტიკოსებიდან, რომელიც ისე წამოვიდა პოლიტიკიდან, როგორც მივიდა. . არც აგარაკი შემიძენია და არც ძვირადღირებული მანქანები. ბიზნესიც არ მაქვს. ფეხით ვსეირნობ ქუჩაში, ან მეგობრები მატარებენ საკუთარი მანქანით. დეპუტატის პენსია მერიცხება, ეს თანხა 600 ლარს შეადგენს. ასევე, ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში და სწორედ ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი. არ ვარ შეძლებული ადამიანი, ბანკის ვალებიც კი არ მაქვს. ჯობია ისეთი პოლიტიკოსები ჩაწეროთ, ვინც ბევრი ფული, მილიონები იშოვა პოლიტიკაში ყოფნის დროს, ამ თვალსაზრისით ჩემგან საინტერესოს ვერაფერს გაიგებთ.

ლევან ვეფხვაძე ("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი): პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ჩემი მეუღლეც მუშაობს და ეს არის ჩვენი ოჯახის შემოსავალი. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება გვაქვს საერთო ჯამში.

- რამდენია თქვენი შემოსავალი?

- დაახლოებით 3700 ლარი.

- საკუთარი ბიზნესი არ გაქვთ?

- პარლამენტში ყოფნის დროს არ მქონდა ბიზნესის კეთების უფლება, მომავალში გამორიცხული არაფერია, მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება ყველაფერი.

- იცით რა ბიზნესს წამოიწყებთ?

- ჯერ არაფერი ვიცი.

- საბანკო ანგარიშზე რამდენი გაქვთ?

- მე ბანკში თანხა არ მაქვს და არც ბანკის ვალი.

ფიქრია ჩიხრაძე ( "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივანი): ჩემი შემოსავალი ძალიან მიზერულია. მოგეხსენებათ, "მემარჯვენეების" გენერალური მდივანი ვარ და სწორედ ამ ხელფასით ვცხოვრობ. არასდროს მქონია საკუთარი ბიზნესი, სიამოვნებით მექნებოდა, მაგრამ ამის ნიჭი არ მაქვს. ვნახოთ მომავალში რა იქნება. სამომავლოდ უფრო სოფელი და სოფლის მეურნეობა მაინტერესებს, რამდენად მოვახდენ ამის რეალიზებას, ჯერ ვერ გეტყვით.

– დაახლოებით რამდენია თქვენი შემოსავალი?

– ხელფასს ემატება სამივლინებო თანხები და ლექციების ანაზღაურება. პარლამენტარების დღევანდელ ხელფასებთან შედარებით, წინა წლებში ბევრად მცირე ხელფასი გვქონდა დეპუტატებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია ჩემი შემოსავალი, ხან ისეა და ხან ასე.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა