რა მოუწოდა და რისთვის ემზადებიან ემზარ კვიციანის მხარდამჭერები

რა მოუწოდა და რისთვის ემზადებიან ემზარ კვიციანის მხარდამჭერები

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი 27 თებერვალს საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კვიციანმა "ფეისბუკის" საშუალებით გაავრცელა:

"მეგობრებო, დღეს (ანუ 26 თებერვალს. - გ.ზ.) მქონდა სასამართლო და ჩემი საოცნებო დეპორტიც მივიღე! ბილეთი აღებული მაქვს. 27.02.2014 წლის 16:00 საათზე თბილისში ვიქნები. თქვენი თანადგომა დამჭირდება. ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ, გთხოვთ, მობრძანდეთ აეროპორტში! მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ! დანარჩენს ადგილზე მოგიყვებით! დიდება ღმერთს!"

26 თებერვალს ემზარ კვიციანი მოსკოვში მცხოვრებ ზაზა გაბედავასთან იმყოფებოდა. ზაზამ თავად მომწერა, კვიციანს ხვალ მე ვაცილებ თბილისში, იმედია, მშვიდობით ჩამოვაო. ბუნებრივია, მე შევთავაზე, ემზარ კვიციანი თვითონ დამლაპარაკებოდა, მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ახლა ჩამოსვლა, ხელისუფლება ხომ წელიწად-ნახევრის წინ შეიცვალა-მეთქი კვიციანმა ინტერვიუზე უარი თქვა, სანამ ჩამოვალ, ყველა ჟურნალისტს უარს ვეუბნები, მერე კი ყველაფერს მოგიყვებითო.

ამის შემდეგ ჩემსა და ზაზა გაბედავას შორის იმართება ასეთი დიალოგი:

- ზაზა, ემზარი რა დეპორტზე ლაპარაკობს, რუსეთიდან აგდებენ?

- სახელმწიფო აძლევს საბუთს და ეუბნება: მიბრძანდი სახლში. ეს არის დეპორტი, თვითონ "იჩალიჩა" იმიტომ, რომ სახლში უნდა წასვლა. ეს ერთგვარი გაძევებაა.

- ამდენი ხანი რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდა, ხომ?

- კი, არალეგალურად იყო, საბუთი, რაც ჰქონდა, დაკარგა. თუ დეპორტს არ გააკეთებდა, აეროპორტში არ გამოატარებდნენ, თვითმფრინავში ვერ ჩაჯდებოდა.

- შენი ვაჟი, გიორგი გაბედავა აცხადებს, ემზარ კვიციანს თბილისის აეროპორტში დააკავებენ და ამიტომ ბევრნი უნდა დავხვდეთო. ვერ გავიგე, თუ დაკავება უნდათ, ტრაპიდანვე აიყვანენ, ბევრი ხალხი რას უშველის?

- გელა, ძალიან ბევრი ხალხი ხვდება, მთელი სვანეთი ჩამოდის.

- თუ აიყვანეს, წინააღმდეგობა იქნება?

- ხალხი ფეხზე დადგება... რა დანაშაული აქვს? თვითონ ამბობს, პროკურატურასთან ვითანამშრომლებ, ჩემს ოჯახში მშვიდი და წყნარი ცხოვრება მინდაო, პოლიტიკაში საერთოდ არ ჩავერევიო. კაცი მიშას არ დაემორჩილა, რაზე უნდა დაიჭირონ? ემზარი ამბობს, მირჩევნია დამიჭირონ და საქართველოში ვიყო, ვიდრე რუსეთშიო.

- თვითონ რამე გარანტია აქვს, ან თავდებში უდგება ვინმე?

- არა, არავითარი გარანტია არა აქვს... თუ ორ-სამ დღეში არ წამოვა თბილისში, აქ მაინც დაიჭერენ.

- ემზარ კვიციანი მანდ რას აკეთებდა, ახლა მაინც ხომ შეიძლება, რომ ითქვას?

- რა ვიცი... თავისთვის პატარა ბიზნესი ჰქონდა. თვითონ იძახის, თბილისში რომ ჩავალ, ყველაფერს მოვყვებიო. არ დამავიწყდეს, ერთიც უნდა გითხრა: ახლა არაკაცი გოგა გეგეჭკორია ჩამოთრეული მოსკოვში, საპატრულოს ყოფილი უფროსი. მე მაგას ვიპოვი ძალიან მალე და პასუხს მოვთხოვ. ეს არაკაცი ჩემს შვილსაც და ყველას სცემდა. "გნაცები" იძახიან, რუსეთის დედა მოვტ...ანითო და მაინც აქ გამორბიან. ვითომ მანდ ვინმე სდევნიდა და ამიტომ გამოიქცა, სინამდვილეში თავის "მაყუთიან" სიმამრთან ჩამოეთრა, გემები ჰყავს და რამე.

- გეგეჭკორის სიმამრი ვინ არის?

- გულიკო ხარჩილავა, მიხეილ სააკიანის ნათესავია დედის მხრიდან. წალენჯიხელია წარმოშობით, ფორმით კაცია, მაგრამ გულიკო ჰქვია. მოკლედ, კვიცანზე მეტს ვერაფერს გეტყვი, ჩამოვა და ყველა შეკითხვაზე პასუხს გასცემს.

რისთვის დევნიდა სააკაშვილის ხელისუფლება კვიციანს?

2006 წლამდე ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში გასამხედროებულ რაზმს - "მონადირეს" მეთაურობდა, ხეობას მთლიანად იცავდა და აკონტროლებდა. 2006 წლის ივლისში სააკაშვილის ხელისუფლებამ მას იარაღის ჩაბარება და რაზმის დაშლა მოსთხოვა. მან ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ცნობისთვის: ემზარ კვიციანი, კოდორის ხეობის ადგილობრივი მკვიდრი, ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო ხეობაში. თუმცა, ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. სწორედ ირაკლი ალასანიას ადანაშაულებს ემზარ კვიციანი იმაში, რომ კოდორის ხეობა მთლიანად განაიარაღა, შემდეგ ამ ხეობას სააკაშვილმა ზემო აფხაზეთი უწოდა და 2008 წლის აგვისტოში რუსებს ჩააბარა.

რაც შეეხება კონკრეტულად "მონადირეს", რომელშიც დაახლოებით 400 კაცი შედიოდა, თავის დროზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის დაცვის მიზნით შეიქმნა. ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა. თუმცა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაშალა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება მაშინ ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც ოქრუაშვილთან დაპირისპირების მიზეზი გახდა.

იმ პერიოდში ემზარ კვიციანი აცხადებდა: "ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ხელისუფლებას, ოქრუაშვილმა ჩვენს წინააღმდეგ ომი გამოაცხადა და 27 ივლისს ხეობაში შემოჭრას გეგმავს. ნებისმიერი შეიარაღებული ძალა, რომელიც ხეობაში შემოვა, მოგერიებული იქნება".

ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი. თუმცა, მოგვიანებით სიტუაცია ჩაწყნარდა, მაგრამ კვიციანი პერიოდულად მაინც აკეთებდა ასეთ განცხადებებს: "რაც ხელისუფლებაში ეს ახალი ძალა მოვიდა, ვგულისხმობ მერაბიშვილს, ბოკერიას, ჩვენ ბანდიტებსა და კრიმინალურ ბანდას გვეძახიან - ეს ის ტერმინია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ რუსები და აფხაზები იყენებდნენ... დროა, აღვსდგეთ ამ ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ".

2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანის მომხრეების უმრავლესობა განიარაღდა. თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100 ათასი ლარი ჯილდო დააწესა. ამას მოჰყვა მისი დის, ნორა კვიციანის დაპატიმრება იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ფაქტობრივად, ეს უფრო ხაფანგი იყო, მიხეილ სააკაშვილს ეგონა, დის გამო ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ის რუსეთში დარჩა. ნორა კვიციანი ციხიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გათავისუფლდა.

სხვათა შორის, კოდორელების ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო დააპატიმრეს ირაკლი ბათიაშვილიც, როცა მან კვიციანს დაურეკა და უთხრა: გამაგრდით, მე თქვენთან ვარო. ვანიჩკა მერაბიშვილმა მაშინ ეს ჩანაწერი დიდი ზარ-ზეიმით გამოაქვეყნა და ჩვეული ბლუყუნით დაგვმოძღვრა, ესენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიან, ინტელექტუალური მხარდაჭერა აღმოუჩინაო.

პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისიდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონის მიხედვით მას აუცილებლად დააკავებენ. შემდეგ რა მოხდება, სახლში გაუშვებენ თუ წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, ეს უკვე პროკურატურასა და სასამართლოზეა დამოკიდებული.

როდესაც "ოცნების" პარლამენტში სიების შედგენა დაიწყო და ემზარ კვიციანს პოლიტდევნილის სტატუსი არ მიანიჭეს, ის ნაწყენი დარჩა. მაშინ ქალბატონმა ნორამ ასეთი განცხადება გააკეთა: "ემზარის საქმე მართლა გაუგებარია. ძალიან მიკვირს, რატომ არავინ ინტერესდება ამ საქმით. ეტყობა, ვიღაცას ეშინია, ემზარმა რამე ისეთი არ თქვას - ამიტომ არ აძლევენ მას პოლიტდევნილის სტატუსს? მას რუსეთის დატოვების უფლებაც არ აქვს – რატომღაც ასეთი საბუთი მისცეს".

2005-2006 წლებში "ალია" ინტენსიურად წერდა ემზარ კვიციანის შესახებ. მაგალითად, მაშინ სამხედრო ექსპერტი, თემურ მიქაუტიძე ამბობდა, რომ ცხენების ქურდი კვიციანისგან გმირი თვიოთნ სახელმწიფომ შექმნა: "ის რომ მხოლოდ კრიმინალი ყოფილიყო, რა უჭირდა – მისგან ხომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და გმირიც კი გამოიძერწა! კვიციანი, როგორც "ლუბიმჩიკი", შექმნა თვითონ სახელმწიფომ, გააძლიერა, პოლიტიკური სადავეებიც უბოძა და სამხედრო ძალაც. ახლა კი "დიდი წარმატებით" გამოასწორა თავისი ჩაბინძურებული საქმე. ამისთვის დასჭირდა რადიკალიზმის გამოვლენა. დაე, ასე იყოს!"

"ალია" იმაზეც წერდა, თუ ვინ არის ემზარ კვიციანი და საიდან გამოიძერწა. ამონარიდი ერთ-ერთი სტატიიდან.

"ის ერთი რიგითი სვანი ბიჭი იყო. დაიბადა სოფელ ჩხალთაში, მრავალშვილიან ოჯახში. ჰყავს სამი ძმა და ოთხი და. ის ნაბოლარაა. დიდხანს არავის შეჩხერია თვალში, სანამ აფხაზეთის კონფლიქტის დროს ხეობას საფრთხე არ დაემუქრა. მაშინ კოდორელებს ხატზე დააფიცა, რომ ხეობას არავის დაუთმობდნენ და ასეც მოიქცნენ. პირველად ემზარ კვიციანი ქართულ პოლიტიკაში ღიად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ხეობაში გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს. 1995 წელს კვიციანმა ხეობა დატოვა და იქ შინაგანი ჯარი შევიდა. თუმცა 1998 წელს ის კვლავ ბრუნდება ხეობაში და პოლიციას კინწისკვრით მიერეკება.

მას კვლავ უცვლელი ხვდება რაზმ "მონადირის" სრული შემადგენლობა. "მონადირის" გაძლიერებამ გამოიწვია ის, რომ მისი შემქმნელი, ემზარ კვიციანი ხეობაში რწმუნებულის მოადგილედ დანიშნეს. ანალოგიური რაზმები შეიქმნა მესტიასა და ხევსურეთში. კვიციანის გავლენების გაფართოება უფრო და უფრო ძაბავდა თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობას საზღვრის დაცვის მაშინდელ ხელმძღვანელთან, ვალერი ჩხეიძესთან. კვიციანი მას არ ენდობოდა. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე კი თვალდახუჭული ცხრა მთას იქითაც გაჰყვებოდა კვიციანს. სწორედ ამ უნდობლობამ შვა რაზმი "ხევსური" და მესტიის რაზმი. ამასობაში კი ხეობაში გატაცებათა მთელი სერია დაიწყო.

ხეობაში მომხდარი 4 გატაცებიდან პირველის დროს ემზარ კვიციანი რწმუნებული არ ბრძანდებოდა. მაგრამ მაშინ ამ ფაქტს ძველი გუბერნატორი, ივერი ჭელიძე შეეწირა, კვიციანი კი მხოლოდ იმიტომ გარწმუნებულდა, რომ მძევლები უვნებელნი დააბრუნა... მოგვიანებით, ხეობაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის დროს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრები გაიტაცეს. თავის დროზე ამ ფაქტსაც კვიციანის ოინებს მიაწერდნენ. ფული მძევლებში არავის მოუთხოვია. ეს პრობლემაც ხეობის რწმუნებულმა მოაგვარა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ გაიტაცეს უცხოელი დიპლომატები... კვიციანმა არც ერთხელ არ დაასახელა გამტაცებლები. არგუმენტი ასეთი იყო - საიდუმლოს შენახვა მას ხატზე ჰქონდა დაფიცებული. ყველაზე ცხარე დაპირისპირება მას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, კახა თარგამაძესთან ჰქონდა. როდესაც შევარდნაძე კვიციანს ხეობაში თავის წარმომადგენლად გზავნიდა, თარგამაძემ მას ღიად უწოდა "პრესტუპნიკი". კვიციანმა მაშინ "ალიასთან" საუბრისას აღიარა ორჯერ ნასამართლობა - ძროხის ქურდობისთვის და ხულიგნობისთვის. რაც შეეხება მკვლელობას, ის მას ბოლომდე უარყოფდა. თუმცა "ალიას" ინფორმაციით, საუბარი იყო გაგრაში მომხდარ მკვლელობაზე, როცა ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტი, ვინმე სიგუა მოკლეს. ზოგიერთი ინფორმაციით, ეს მკვლელობა თავის თავზე ერთმა სოუხმელმა ავტორიტეტმა აიღო... ყოველ შემთხვევაში, ეს ხმები სწორედ იმ დროიდან გავრცელდა, რაც ემზარ კვიციანი სახელისუფლებო თანამდებობაზე დაინიშნა".

როგორც ხედავთ, "ალიას" ემზარ კვიციანის საქმეების შესახებ უამრავი მასალა გააჩნია, რასაც ვრცლად ორშაბათის "კვირის ქრონიკაში" იხილავთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, გმირია ის თუ კრიმინალი. ვნახოთ, დაჯდეს სამართალდამცავებთან და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. არც ის არის გამორიცხული, კვიციანმა სამართალდამცავები ისეთ ადამიანებზეც გაიყვანოს, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა