"თავისუფალი ზონის" წევრების ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირების დროს მათი ორგანიზაციის ოთხი წევრი დააკავეს. უშუალოდ სასამართლოსთან კი, ვითარება შედარებით განიმუხტა.
როგორც "თავისუფალი ზონის" წევრმა, ჯემალ სეფიაშვილმა განაცხადა, დაკავებული არიან ფარნაოზ ჭკადუა, დავით ბობოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა ფარულავა.
სეფიაშვილის ინფორმაციით, მოხდა პროვოკაცია, რადგან ვანო მერაბიშვილის მოწინააღმდეგეებს მისცეს საშუალება და შემოვიდნენ შენობაში, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ამას უკვე მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
ამ დრომდე უცნობია, დაკავებულები არიან თუ არა თავად კონტრაქციის მონაწილეები, ვანო მერაბიშვილის მოწინააღმდეგეები.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია ათეულობით პოლიციელი. მათ ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეებს დაპირისპირების საშუალებას არ აძლევენ.