რატომ არიან ნარკომანები "ღარიბაშვილის დიეტაზე"?

რატომ არიან ნარკომანები "ღარიბაშვილის დიეტაზე"?

ბოლო დროს საქართველოში სინთეზური კანაბინოიდების შემცველი მოსაწევების, ე.წ. "ბიო" ნარკოტიკის მოხმარება მასობრივად დაიწყეს. ღამის კლუბებშიც ხშირად ნახავთ ამ ნივთიერებით გაბრუებულ ადამიანებს. ნებისმიერი მსურველი "ბიოს" სხვადასხვა საიტიდან ინტერნეტით იწერს. ფასი 50 ევროდან იწყება და იგი პირდაპირ სახლში მიაქვთ მსურველთან. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს - არომატიზებული ჩაის ან აბაზანის მარილის სახით იყიდება. სპეციალისტების თქმით, მხოლოდ შეფუთვებშია განსხვავება, ქიმიური შემადგენლობა კი თითქმის ერთი და იგივეა. "ბიომ" გარკვეულწილად მარიხუანა ჩაანაცვლა.

მომხმარებლები ამას სერიოზულად არ უყურებდნენ, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი "ბიოს" მოხმარებით გარდაიცვალა. როგორც ჩანს, პოლიციამაც უფრო მეტი კონტროლი დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისში ცნობილი კარდიოლოგის შვილიშვილი დაიღუპა და ამას უცებ მეორე შემთხვევა დაემატა: დიღომში, ქუჩაში წაიქცა და იქვე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც "ბიო" ჰქონდა მოწეული. ეს სერიოზული პრობლემაა დღეს საქართველოში და მის გადაჭრაზე ზრუნვა შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ "ბიო" სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა და ზემოქმედებით მარიხუანას ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებს ჰგავს. ფხვნილი სხვადასხვა მცენარესთან არის შერეული. მოქმედების კლინიკური შედეგით ჰგავს მარიხუანას, მაგრამ გაცილებით ტოქსიკურია, ძლიერ მოქმედია და მეტ უარყოფით შედეგს იწვევს: ცნობიერების შეცვლა, პათოლოგია ან შეიძლება იყოს ჰალუცინაცია, ბოდვა, აგრესიული ქმედება, არაადეკვატური რეაქცია. "ბიო" მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რის გამოც შესაძლებელია მოხდეს კოლაფსი ან გამოიწვიოს ინფარქტი, ცნობიერების დაქვეითება. ასეთ დროს ლეტალური შედეგის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარიხუანა კარგია და იმას არ აქვს გვერდითი მოვლენები, - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხათუნა თოდაძე. მისი თქმით, "ბიო" მთელი მსოფლიოსთვის გახდა დიდი პრობლემა და 2013 წელს, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში მთავარი აქცენტი ამაზე გაკეთდა.

"ბიო" ძალიან სახიფათოა. საქართველოში იგი ხვდება იმავე გზით, როგორც ყველა ქვეყანაში. მას ძირითადად ინტერნეტით იწერენ და საფოსტო გზავნილების საშუალებით ხდება მიწოდება. ვიღაცა ძალიან დიდ მოგებას იღებს, მაგრამ ამის შედეგად ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან და ავადდებიან. "ბიოების" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფის გამომგონებელი და მისი სინთეზატორი გახლავთ ქიმიკოსი ჯონ ჰაფმანი. მან თქვა: "ვინც მიიღებს "ბიოს", ის არის იდიოტი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს 5 წლის შემდეგ". ეს არის ახალი ნივთიერებები და მართლა არავინ იცის, რა შედეგი მოჰყვება. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არავინ არ უნდა გაეკაროს, - დასძინა ქალბატონმა ხათუნა თოდაძემ.

სპეციალისტების თქმით, "ბიო" ანალიზში არ ამოდის და ალბათ ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ იგი უფრო პოპულარული გახდა. ხშირად მისი მოხმარებაც არ იციან და ესეც იწვევს სიკვდილს. სიმპტომები და ნარკოტიკის მოქმედების ხანგრძლივობა მომხმარებლებში ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, მოიხმარდა თუ არა პირი რაიმე სხვა სახის ნარკოტიკს ადრე. ზოგიერთ პაკეტს თურმე პირდაპირ აწერია, რომ ჰალუცინოგენია. ხშირად, წამალზე დამოკიდებულები მას "ბიოსაც" ამატებენ, როგორც გაბრუების დამატებით საშუალებას.

მეტი დეტალის გასარკვევად ვესაუბრეთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 20 წელია, ნარკოტიკის მომხმარებელია. დიდი ხანია, სენისგან თავის დაღწევას ცდილობს და მეტადონის პროგრამით მკურნალობს. გახარებულია, რადგან საკუთარ თავს სძლია და დარწმუნებულია, ცოტა ხანში ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ზურა, 37 წლის (ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პაციენტი):

- მარიხუანათი დავიწყე. მაშინ 14 წლის ვიყავი. გურიაში მოვწიე პირველად. თავიდან არ მომეწონა, ცუდად გავხდი, გული ამერია, მაგრამ ერთ თვეში ისევ გავიმეორე. ამჯერად სიცილი დავიწყე და მესიამოვნა. მერე მესამედ მოვწიე და ასე გაგრძელდა. ჩემი მეგობრებიც ყველანი ეწეოდნენ. ხან კარგი პლანი იყო და ორი ნაფაზი მყოფნიდა, ხან ცუდი იყო და 10 ნაფაზი მჭირდებოდა. მარიხუანას შიგადაშიგ ვეწეოდი. ოჯახის წევრები ამას ვერ ხვდებოდნენ. მერე წამალი გავიკეთე, 21 წლის ვიყავი.

- რატომ გაგიჩნდა ამის სურვილი?

- უბრალოდ მაინტერესებდა, რა იყო და შედეგზე არ ვფიქრობდი. ჩემი ხელით გავიკეთე მხარზე, კუნთში ჰეროინი და მომეწონა, ძლიერი ეფექტი ჰქონდა. იმ პერიოდში ძალიან კარგი სამსახური მქონდა, დიდი ხელფასი. 2000 წელი იყო, ქალაქში თითქმის ყველა სადარბაზოში იყიდებოდა უპრობლემოდ. სულ ვამბობდი, წამალს არასოდეს გავსინჯავ და არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ გავსინჯე. ჩემთან ერთად სხვებმაც იმ დღეს პირველად გაიკეთეს "პადვალში". პირველად ერთ დოზაში 10 ლარი გადავიხადე. მერე მეორედაც გავიკეთე და გადავედი წამალზე, ძირითადად - სუბუტექსზე. ორ აბს ვიკეთებდი. რასაც ვშოულობდი, სულ წამალში მიდიოდა. ამის გამო ცოლსაც გავცილდი. ბუნებრივია, ოჯახის წევრები განიცდიდნენ. ბევრჯერ სახლიდან ნივთიც გამიტანია და გამიყიდია წამლის ფულის საშოვნელად. "მადონას" სერვიზი გავყიდე 50 დოლარად, 5 წუთში ჩაიბარეს მშრალ ხიდზე. როცა "ლომკაში" ხარ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გაიკეთო წამალი. დავმჯდარვარ, მიფიქრია, მერე ამიღია ტელევიზორი და წამიღია გასაყიდად. ერთი სიტყვით, მაშინ სხვა არავინ გაინტერესებს. მთლად ისე არ დავცემულვარ, რომ სახლი გამეყიდა. ალბათ ვერც გავყიდდი, რადგან ჩემს სახელზე არ იყო. ბევრი ვიცი, რომელმაც ოჯახი წამლის გამო ქუჩაში დატოვა. მაშინ ცოლ-შვილი არ გაინტერესებს. ახლა მრცხვენია, რომ ნარკომანის სახელი მაქვს და ვცდილობ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე.

- ციხეში არ მოხვედრილხარ?

- ორჯერ დამიჭირეს წამალზე. იქ ჩავერთე მეტადონის პროგრამაში და ახლაც ვაგრძელებ. იმედი მაქვს, გადავრჩები და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები. ახლა მოდაში შემოვიდა "კრაკადილი". მე საერთოდ არ გამისინჯავს. ვფიქრობ, თავმოყვარე ადამიანი "კრაკადილს" საერთოდ არ გაეკარება, 100 პროცენტით კლავს ადამიანს. ისინი "ბომჟებად" ქცეულები არიან. ყველაფერთან ერთად, ორგანიზმიც ულპებათ და გვერდითაც ვერ დაუდგები, - საშინელი სუნი ასდით. წარმოიდგინეთ, ჩემ თვალწინ ბევრი მომკვდარა, ბევრი გადამირჩენია, მაგრამ მაინც ვიკეთებდი. ახლა, ბოლო დროსაც, რამდენიმე მეგობარი უცხოეთში დამეღუპა, წამალში "გაიპარნენ". ეს არის ამის ბოლო. პირველად რომ დამიჭირეს, ციხეში წამალთან შეხება არ მქონდა, გადავაგდე, მაგრამ იქიდან გამოსვლის შემდეგ გარეთ მაინც დავიწყე "ვინტის" მოხმარება. ეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკია. მერე ისევ დამაკავეს და მეტადონის პროგრამაში ჩავერთე. ახლა დოზა ძალიან შევამცირე, 10 გრამამდე ჩამოვედი და ალბათ მალე გადავაგდებ. მაქვს იმის საშუალება, რომ წამალს თუ გადავაგდებ, ნორმალური სამსახური ვიშოვო, ცოლიც მოვიყვანო და ვიცხოვრო. შვილი მეზრდება, ახლა ისეთ ასაკშია, ყველაფერში ერკვევა და სანამ მკითხავს, ნარკომანი ვარ თუ არა, მანამდე უნდა გადავაგდო. მერწმუნეთ, არც ერთ ნარკომანს არ უნდა, შვილი ნარკომანი ჰყავდეს, რადგან კარგად იცის, როგორ ღუპავს ეს ადამიანს. თქვეს, რომ აფთიაქებში არ გაიყიდება ისეთი წამლები, რომლებსაც ნარკომანები იყენებენ, მაგრამ მერწმუნეთ, ახლა რომ მინდოდეს, იმ წამლებს თავისუფლად ვიყიდდი. უბრალოდ, უფრო გაძვირდა. ამას მიხედვა სჭირდება.

- ახლა 10 გრამი მეტადონი გაკმაყოფილებს?

- არ მაკმაყოფილებს. 50 გრამიდან 10-მდე ჩამოვედი. დილით 6 საათზე დაგაჭყეტინებს თვალებს. თუ დარჩი საწოლში, ცუდად ხდები, აუცილებლად უნდა ადგე ამ დროს, არადა, ძილი გინდა, მაგრამ ვერ დაიძინებ. ვდგები დილის 6 საათზე, თუმცა სახლში ადგილს ვერ ვპოულობ, დავდივარ გიჟივით. ბევრჯერ მითქვამს, - მეტი არ შემიძლია, მოდი, ახლა რამეს დავამატებ-მეთქი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან მთელი გულით ვცდილობ განკურნებას. ამ რეაბილიტაციის ცენტრში ძალიან ეხმარებიან ადამიანებს. კარგი აურაა, ჯგუფური თერაპია ტარდება... მეტადონს რომ ავიღებ, მერე აქ ვრჩები, რომ გადავერთო სხვა რამეზე. 6 წელია, ამ პროგრამაში ვარ ჩართული. დილით, როცა მეტადონის რიგში ვდგავარ, ისეთებს ვუყურებ, მრცხვენია, მათ გვერდით რომ ვდგავარ. ადამიანის ფერი არ ადევთ, გაყვითლებულები არიან, საშინლად გამოიყურებიან. ეს რომ ნახონ ახალგაზრდებმა, ვფიქრობ, წამლისკენ არ გაიხედავენ.

- "ბიო" გაგისინჯავს? ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა ამით.

- "ბიოს" მოხმარების წესები არ იციან, ამიტომ იღუპებიან. ხშირად, 10 ადამიანის დოზას ერთი იღებს. უამრავი ბიჭია გარდაცვლილი, მაგრამ ამაზე განგაში არ ატეხილა. 2 წელია, მასობრივად მოიხმარენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ბიოს" მოხმარების შედეგი სახეზე არ ეტყობა ადამიანს. არც ის, რომ ცუდად არის. ფერიც კარგი აქვთ, კარგადაც გამოიყურებიან, არც გული ერევათ, ვერც გამოხედვაში ატყობ რამეს. ერთი სიტყვით, გვერდით მყოფი ვერ ხვდება, რომ ის რეალურად ძალიან ცუდად არის. არადა, როცა მოხმარებული გაქვს, ზიხარ ჩვეულებრივად, მაგრამ თვალის ზემოთ იწყება ჰალუცინაციები. თავში საშინელება ხდება. წარმოიდგინე, რომ ვიღაც მანქანით დაგეჯახა და კვდები, ვიღაცამ დანა გაგიყარა, დედა მოგიკვდა, მამა მოგიკვდა, გჩეხენ... ერთი სიტყვით, საშინელებები გელანდება, მთელი დედამიწა თავზე გემხობა და ეს იმდენად ძლიერი და რეალური განცდაა, რომ გული გისკდება. გამოცდილი მაქვს ჩემს თავზე და ამიტომ გეუბნებით ასე. "ბიოთი" დაღუპულების უმრავლესობას შიშით უსკდება გული, შიშით კვდებიან. იყო შემთხვევა, როცა ქუჩაში ეგდო ახალგაზრდა, "სასწრაფო" მოვიდა, ნარკანი გაუკეთა და 2 წუთში ფეხზე წამოდგა. ეს შველის მხოლოდ და გამოჰყავს მდგომარეობიდან, მაგრამ შეიძლება ისე მოკვდეს, რომ გვერდით მყოფი ვერც მიხვდეს, რაღაც რომ აწუხებს.

- როგორ ყიდულობენ "ბიოს"?

- ფოსტით შეიძლება ამის გამოწერა. რომ დამიჭირონ, არაფერი მოხდება, 2 დღით მომათავსებენ იზოლატორში და მერე გამიშვებენ, რადგან კანონით არ ისჯება. მთელი თბილისი დღეს ამაზეა გადასული. ძალიან პატარა პაკეტი ღირს 600 ლარი, მაგრამ ამით შეიძლება, 300 კაცი უცებ მოკვდეს. დოზის უცოდინარობა კლავს ახალგაზრდებს. ნარკოლოგიურში აქვთ ახლა მაგის ტესტები, სხვაგან არ არის. კანაბიოიდების 1500 ფორმაა, ყველას ხომ ვერ შეიტანენ აკრძალულთა ნუსხაში? ასეც რომ მოხდეს, ხვალ 5 ახალი გაჩნდება და ვეღარ ეწევიან ამას. ვფიქრობ, თბილისში ამას თავად პოლიცია ყიდის. სკაიპით იწერენ, ფულს გადაურიცხავ და ფოსტით მოგიტანენ.

- ასე მასობრივად იყიდება ქალაქში?

- რაც გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი დაიღუპა, მას მერე ძალიან შეზღუდულია. პლანი არ არის და ეს ანაცვლებს პლანს. თუმცა, უფრო ძლიერია. ძალიან საშიშია ბიოელიზი, საშინელ ჰალუცინაციებს იწვევს. 15 წლიდან მასობრივად მოიხმარენ. ნარკომანებისთვის წამლის შოვნა პრობლემაა, არ ჯობია, ჰეროინი იყოს და იყიდებოდეს, ვიდრე "კრაკადილით" მოკვდეს ხალხი? მით უმეტეს, რომ საქართველოში არ არსებობს სამკურნალო პროგრამა. თუნდაც მეტადონის პროგრამას რომ ამთავრებ და გადიხარ, მერე რა ხდება, ამაზე არ ფიქრობენ. მე მაქვს ახლა კონკრეტული გეგმა, მაგრამ ბევრს ასეთი გეგმა არ აქვს და ის აუცილებლად ისევ უბრუნდება წამალს. დარწმუნებული ვარ, ბევრს ისევ მოუწევს მეტადონთან დაბრუნება ან ისევ ჩაიძირება იმ "ვინტების" მორევში და დაიღუპება. ასევე მასობრივია ჯეფი, ესეც საშინელებაა, ერთი ნაბიჯით წინ მიდიხარ და ორით - უკან. ჩაფიძის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ იმდენად აიკრძალა "ბიო", რომ ნარკომანები დღეს "ღარიბაშვილის დიეტაზე" ვართ. მაინცდამაინც ის უნდა მომკვდარიყო, რომ აეკრძალათ?! ადამიანები მანამდეც იხოცებოდნენ ქუჩაში და ხმას არავინ იღებდა. "სასწრაფოც" ხშირად ვერ ეხმარება.

- ჯობია, საერთოდ არ გაეკარონ ადამიანები წამალს. რას ეტყოდით ახალგაზრდებს?

- ჯობია, ახალგაზრდებმა ისწავლონ და მერე მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრონ, ვიდრე წამალი გასინჯონ და მთელი ცხოვრება დაენგრეთ. ყველას მშობელი ნერვიულობს ამაზე, არც ერთ შვილს არ უნდა, ნარკომანი მამა ჰყავდეს. მეტი აღარ შემიძლია, მართლა ვხვდები, რომ სირცხვილია, იდგე იმ რიგში და ელოდო მეტადონს. "ბიო" ძალიან საშიშია, შეიძლება, ჩვენი ახალგაზრდობა საერთოდ დაიღუპოს. მე როგორც მომხმარებელი ვამბობ ამას. ყველაფერი გამისინჯავს და დღეს ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო. ბევრს კი ამის ნებისყოფა არ აქვს და იღუპება. ჩემი თხოვნაა, არ გაეკარონ არანაირ ნარკოტიკს.

P.S. იმედია, ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ პრობლემას და საქართველოში არ იქნება ხელმისაწვდომი ის საშუალებები, რომელიც ასე მასობრივად იწვევს ახალგაზრდების სიკვდილს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ