ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთი, უკვე ორი კვირაა, რაც საპროტესტო აქციების რეჟიმით ცხოვრობს. დაბაში, რომელიც ოქროსა და სპილენძის გადამამუშავებელ საწარმოებთან ერთად აშენდა, დღეს ცხოვრების რიტმი მთლიანად დარღვეულია.
პარალიზებულია "RMG ჯგუფის" საწარმოებიც. თანამშრომლების 90% საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. აქცია-24 საათიან რეჟიმში საწარმოს შესასვლელთან იმართება, მოწყობილია "სირცხვილის დერეფანი", იქვე გაშლილია კარვები, სადაც მოშიმშილე მუშები და აქციის სხვა მონაწილეები დღემდე უშედეგოდ ითხოვენ სამსახურში უპირობოდ დაბრუნებას, ადმინისტრაციის გადაყენებას, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, ხელფასების გაზრდასა და იანვარში გაყინული სარგოს გაცემას. აქციებს ორგანიზებას საგანგებოდ შექმნილი "საგაფიცვო კომიტეტი" უწევს.
მაშტაბური საპროტესტო აქციის მიზეზი 30 იანვარს კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურიდან 182 თანამშრომლის გათავისუფლება გახდა. თავდაპირველად, სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, აქციები სწორედ მათ გამართეს. მოგვიანებით, აქციას დანარჩენი მუშებიც შეუერთდნენ. დღეის მდგომარეობით "RMG ჯგუფში" მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები დადიან სამსახურში და მათაც ტერიტორიაზე შესვლა "სირცხვილის დერეფნის" გავლით, აქციის მონაწილეების შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.
კაზრეთი, ფაქტობრივად, "მკვდარ დაბას" დაემსგავსა. სასწავლო პროცესი ორივე სკოლაში გაჩერდა. აქციის მონაწილეებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები 26 თებერვალს დაიწყო. მასში ქვემო ქართლის გუბერნატორი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეც მონაწილეობდნენ, მაგრამ 6-საათიანი დიალოგი უშედეგოდ დასრულდა.
"RMG ჯგუფი" მზადაა, 182 თანამშრომლიდან სამსახურში მხოლოდ 44 დააბრუნოს, ხელფასების 15-20%-ით გაზრდას კი მუშა-მოსამსახურეებს სექტემბრიდან ჰპირდებიან. ეს წინადადებები აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია და საპროტესტო აქციები გრძელდება. ამასთან, ათი მოშიმშილიდან ორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.
გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ კაზრეთის საავადმყოფოს ექიმებიც, ისინი აქციაზე მორიგეობით დადიან და აცხადებენ - რომ არა პროფესიული ვალდებულება, სამსახურში საერთოდ არ ივლიდნენ.
კაზრეთში დაკეტილია მაღაზიების უმეტესობაც. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ ხალხს ფული არა აქვს და ყველას "ნისიაზე" სურს პროდუქტის წაღება.
გაფიცულებს და მოშიმშილეებს ბანკებიდან პერიოდულად ურეკავენ და გადაცილებულ კრედიტზე საჯარიმო სანქციების დაკისრებაზე ატყობინებენ.
"მოშიმშილეები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. თითქმის ყოველდღე გადაგვყავს ისინი საავადმყოფოში. ჩვენი მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. მთელი დაბა პარალიზებულია, არ ჩარიცხეს ბიუჯეტში ფული, გაგვიყინეს იანვრის თვის ხელფასები, ბანკში პროცენტზე პროცენტი გვემატება. უნდათ, რომ ხალხი დაუდგეს ამ თაღლითებს გვერდში, რომ საყდრისი გადათხარონ. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია და თუ ამის ნებას დართავენ, კი ბატონო, მაგრამ ხალხზე, მათ ჯანმრთელობაზე და ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზეც ხომ უნდა იფიქრონ,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დალი მამულაშვილი.
"RMG ჯგუფი დირექტორი სერგეი ეგანოვი განმარტავს, რომ თანამშრომლების შემცირება საწარმოში შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. ეგანოვი აცხადებს, რომ ეს საყდრისის კარიერის დახურვის გამო მოხდა და თუ მომავალში დამატებით საბადოებს აითვისებენ, თანამშრომლებს აუცილებლად დააბრუნებენ, მანამდე კი მზად არიან, მხოლოდ 44 თანამშრომელი აღადგინოს სამსახურში.
27 თებერვალს მდინარე კაზრეთულაში საწარმოს რეზერვუარიდან ტექნიკური და ქიმიური შენაერთებით დაბინძურებული წყალი ჩაიღვარა, რამაც თევზის დახოცვა გამოიწვია. კაზრეთულა მდინარე მაშავერას ერთვის და სწორედ ამ მდინარიდან ირწყვება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
საწარმოს ადმინისტრაცია ამ ფაქტზე ერთგვარ პასუხისმგებლობას გაფიცულ მუშებს აკისრებს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ რეზერვუარის გადავსების თავიდან აცილება ხელმძღვანელობასაც მარტივად შეეძლო.
"სამწუხაროდ, საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან გაფიცვას, არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, რის გამოც 27 თებრვალს ეს ფაქტი მოხდა," - აცხადებენ "RMG ჯგუფში".
აქციის მონაწილეების მოთხოვნებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაეცნო. იმავე დღეს, სახალხო დამცველი საწარმოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრასაც ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ის ადმინისტრაციის შენობაში არ შეუშვა და თბილისში ცენტრალურ ოფისში მისვლა ურჩია. სახალხო დამცველი კაზრეთში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და საქმის დეტალებით დაინტერესებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს.
"სიტუაცია არის ნამდვილად საგანგაშო. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ძალიან მალე შეიძლება უმართავ პროცესებს ჰქონდეს ადგილი. აქ საუბარია იმ პროცესებზე, რომ ადგილი აქვს მუშა-მოსამსახურეების უფლებების უხეშ დარღვევას და მასობრივ გათავისუფლებას, გარდა ამისა, არის მოთხოვნები, რომელიც არის სამართლიანი და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს შესრულებული. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დღეის მონაცემებით, არ მუშაობს არც ერთი საჯარო დაწესებულება, არ მუშაობს საჯარო სკოლები, პარალიზებულია საგანმანათლებლო სისტემა. სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უშუალოდ მათ დაიწყონ სიტუაციაში გარკვევა," - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
მარიკა ვარდოშვილი, Ambebi.ge