ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი

ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი

2014 წლის მარტში გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედურ შემთხვევას ზაზა რაზმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი ერედვიდან დევნილია. 16 თებერვალს საცხოვრებელი კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმას აპირებდა. ამწე ელექტროსადენს შეეხო, ამ დროს მასზე მიბმული იყო რკინის კონსტრუქცია, რაზეც ზაზას ეკიდა ხელი და სამწუხაროდ, ადგილზევე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ზვიად რაზმაძის ძმაა. გორის დაბომბვისას, ზვიადთან ერთად მისი 9 თვის ფეხმძიმე მეუღლეც დაიღუპა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი 7 წლის შვილი - დიტო. მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა ძმები რაზმაძეების სულისშემძვრელმა ფოტოსურათმა და საბოლოოდ, როგორც ყველაზე ტრაგიკულმა ფოტომ, საერთაშორისო პრიზიც აიღო.

ცოტა ხანში ობლად დარჩენილი პატარა დიტოც გაიცნო საზოგადოებამ იმ ფოტოსურათის წყალობით, სადაც ის მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან ერთად არის აღბეჭდილი.

ახლა ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს. უმძიმეს მდგომარეობაშია ახალგაზრდა ბიჭების დედა, ქალბატონი ლიზიკო რაზმაძე. მას გორში ჩავაკითხეთ. კოტეჯში მასთან ერთად ზაზას მეუღლე, ნანა დვალიშვილი და მათი 3 წლის ულამაზესი გოგონა, ბებიის მოსახელე ლიზიკო დაგვხვდნენ.

ქალბატონ ლიზიკოს საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე ლაპარაკი გაუჭირდა. "მოდიან ჟურნალისტები, იწერება სტატიები, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. რას მიშველის სტატია? ერთადერთი მარჩენალი შვილიც ასე ტრაგიკულად მომიკვდა, ობლად დამრჩა მისი პატარაც. თქვენ ის მითხარით, - ვინ დაეხმარება ჩემს ობლებს? არც ჩემი რძალი მუშაობს. მთელმა მსოფლიომ გაიგო აგვისტოს ომის დროს ჩემი ტრაგედია, ახლა ახალი უბედურება დაგვატყდა თავს... ზაზა ბევრს წვალობდა, რომ ლუკმა გვეჭამა. ჩემი ცოდვით სავსე რკინის ვაგონმა სულ დამღუპა. ჰოდა, რა გამოსაჩენი მე ვარ?" - შემომტირა შვილების სიკვდილით განადგურებულმა დედამ. როგორღაც, მაინც მოვახერხე ინტერვიუზე მისი დაყოლიება. ცრემლებს ვერ იკავებდა, ისე ჰყვებოდა თავისი ოჯახის ტრაგედიაზე. ვუსმენდი ამ ქალბატონის სულისშემძვრელ ამბავს და რძალ-დედამთილთან ერთად, თავადაც ვტიროდი.

ლიზიკო რაზმაძე:

- ზაზაც აღარ მყავს. კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმას აპირებდა. ერთი ჯიხური დგას, მეორეც თავისი ხელით ააწყო და თქვა, - აქაურობას ლამაზად მოვაწყობ და ვივაჭრებო. აბა, სხვა რა გვექნა, შვილო, სამსახური ვერსად იშოვა. ბოლო დროს ხორცს ყიდდა, რათა პურის ფული ეშოვა. მეც ვიდექი ძველ ბაზარში, მაგრამ იქაურობა დაანგრიეს და ულუკმაპუროდ დაგვტოვეს. ახალ ბაზარში ხალხი აღარ შემოდიოდა. გადასახადს - 6 ლარსაც ვეღარ ვიხდიდი და იქ რისთვისღა ვმდგარიყავი? მაგრამ მერე ზაზამ თავისი ხელით მომიწყო იქაურობა, დამირეკა და მითხრა: დედი, გადი და იმუშავეო. იმ დილით 9 საათზე მივედი ბაზარში, რომელიც ზაზას სახლთან ახლოსაა, 10 საათზე კი ეს უბედურება მოხდა. გამოვიქეცი, ვყვიროდი: რა ხდება, ჩემი ზაზა სად არის-მეთქი? ხმას არავინ მცემდა... სუყველას მარჩენალი შვილი აღარ მყავს! მის დასაც არ ჰყავს ქმარი, 2 შვილს ზრდის და ზაზა მათაც ეხმარებოდა. მე ჩემს ქალიშვილთან ერთად, ნაქირავებში ვცხოვრობდი.

- ერედვიდან დევნილები ხართ...

- ასეა. იქიდან 1993 წელს წამოვედი. მეუღლეს გაცილებული ვიყავი და სამი შვილი საცოდავად გავზარდე. პირველად ერედვიდან მე და ჩემი უმცროსი ვაჟი, ზვიადი წამოვედით. 9 წელი ქირით ვიცხოვრეთ. მერე სოფელ ვერხვებში, სადაც აგვისტოს ომის დროს უბედურება მოხდა, ბინა ვიყიდეთ. ზაზა და ზვიადი ერთად "პროფილაქტიკაში" მუშაობდნენ... 4 აგვისტოს თბილისში გამიშვა ზვიადმა: დედა, ამდენს შრომობ, ცოტა ხნით წადი და შენები მოინახულეო. ჩემი დის სანახავად წავედი, თან შვილიშვილები მიმყავდა. 5 ძმა გარდაცვლილი მყავს და ჩემი ერთადერთი დედმამიშვილი მოვინახულე. იმ დროს გორში არანაირი საშიშროება არ იგრძნობოდა. მერე ზაზამ დამირეკა, - არეულობაა, აქეთ არ წამოხვიდე. მე ვაგონში დავიძინებ, ზვიადი და მისი ცოლ-შვილი კი სიდედრთან, სოფელ ხელთუბანში წავიდნენო. 8 აგვისტოს ზვიადმაც დამირეკა, სიდედრთან დავრჩებითო. ღამის 12 საათი ხდებოდა, რომ ველაპარაკე. მორწმუნე ბიჭი იყო და ცოლიც ეკლესიური ჰყავდა; პატარა დიტო კი სტიქაროსანი გახლდათ. ზაზა ყოველდღე შვიდგზის ლოცვებს კითხულობდა. ლოცვას რომ იწყებდა, ტელეფონს თიშავდა. 12 საათზე დავურეკე, მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა. ვიფიქრე, - ალბათ ლოცულობს-მეთქი. მერე ტელევიზორში დავინახე, ჩემი სახლი იწვოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა და საკუთარ თავს ვარწმუნებდი: არა, ეს ჩემი სახლი არ არის-მეთქი. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი მაკა 9 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ. ჩვენს კორპუსში იმ დროს 4 ფეხმძიმე ცხოვრობდა და ვტიროდი, - ნეტავ, რომელია-მეთქი? თურმე, ზაზამ იქ რომ გამოიარა, დაინახა, სახლი იწვოდა, მაგრამ სახლში არავინ ეგულებოდა და ძმის ძებნა არ დაუწყია. ხელთუბანში ასულა, იქ კი უთქვამთ, - გორში წავიდნენო. თურმე, ყველას დაერია, - რატომ გაუშვითო? გამწარებული უკან გაბრუნებულა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნილა, ოჯახის წევრებს ეძებდა. ჭრელი მაისურით იცნო დაღუპული ძმა და ლამის გაგიჟდა. ეს კადრები მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მაკა თურმე, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ 4 საათი იცოცხლა. სიკვდილის წინ უთქვამს: სად არის ზვიადი? დიტოს, დიტოს მიმიხედეთო.

- ბავშვი გადარჩა, არა?

- 7 წლის იყო დიტო, როცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. პატარა ბიჭი მომხდარს დიდი კაცივით ჰყვებოდა: სახლში ვიყავით, მამამ იბანავაო. მერე მეზობლის გოგო შემოსულა, - დროზე წავიდეთ აქედანო. ზვიადს მისთვის უთქვამს: დაიცადე, ახლა ლოცვა უნდა წავიკითხო. ნუ გეშინია, არაფერი მოხდება, პანიკაში ნუ ხარ. იმდენი ხატი და ნაკურთხი ჯვარი მაქვს სახლში, ამ კორპუსს არაფერი დაემართებაო. 10 საათი ხდებოდა, როცა მეზობლის გოგო სახლიდან გამოვიდა. კორპუსს რომ გასცდა, აფეთქების ხმა გაიგონა. მაშინვე უყვირია: ვაიმე, მაკა, ზვიად და დიტო, რატომ არ წამოხვედითო? დიტო ამბობს, - ფანჯარა ღია იყო და იქიდან სახლში წვეტებიანი, ცეცხლმოდებული რაღაცები შემოცვივდა, სახლი იწვოდა. მამამ იფიქრა, კარს გავაღებო, მაგრამ ბომბმა კარი ჩაკეტაო. თურმე გამწარებულები დარბოდნენ ოთახში. "მამა მე და დედას გულში გვიკრავდა და გვეუბნებოდა, ნუ გეშინიათო", - იხსენებს დიტო. მერე თურმე, ბავშვი ზურგზე მოისვა და გაზის მილით ჩააცურა ძირს. დიტოს ზურგი სულ დაცხრილული ჰქონდა, უამრავი დაზიანება ჰქონდა მკლავზეც; მხოლოდ სახე და წინა მხარე ჰქონდა გადარჩენილი. იმასაც ამბობდა, - სახლში რაღაც რომ შემოვარდა, უცებ ზევით ამაგდო და თავი კარის ჩარჩოს მივარტყიო. ამიტომაც ჰქონდა თავი გაჭრილი. შვილი გარეთ რომ გაიყვანა, ზვიადს მისთვის უთქვამს: შვილო, აქ, ჩვენს ავტოფარეხთან გაჩერდი. ნუ გეშინია, მე დედას ჩამოვიყვანო და ისევ ზევით, ცეცხლმოკიდებულ სახლში შებრუნებულა. კარი ვერ გაუღია. ამასობაში, თურმე მაკას მუცელში მოხვდა ნამსხვრევი და იქიდან რომ გამოიყვანა, ნაწლავი გამოყრილი ჰქონდა გოგოს. ბავშვი ამბობდა, - დავინახე, დედას ჩიჩიები (ნაწლავს გულისხმობს) უჩანდა, მამამ ზურგით ჩამოათრიაო. ამის მერე ზვიადს ცოლ-შვილის საავადმყოფოში წაყვანა უნდოდა. ავტოფარეხის კარი გააღო. თურმე, ავტომობილში ჯდებოდა, როცა ბომბი ზედ მანქანაზე დავარდა. აფეთქებამ შორს მოისროლა ბავშვი, ნამსხვრევები კი ზვიადსაც მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. დიტო ამბობს, მერე არაფერი მახსოვსო. თურმე, გაშავებული ბავშვი ძირს ეგდო. ვიღაც კაცი შვილს ეძებდა და დიტო იპოვა. მერე სასწრაფოდ თბილისში, იაშვილის კლინიკაში წაიყვანა. დღესაც არ ვიცი იმ ღვთისნიერი კაცის ვინაობა, რომ მადლობა მაინც გადავუხადო შვილიშვილის გადარჩენისთვის. დიტოს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. თურმე, ისეთი საშინელი ტკივილი ჰქონდა, რომ სულ ბღაოდა. უამრავი ნამსხვრევი ამოუღეს სხეულიდან.

- როცა ზაზამ ძმა იპოვა, ის უკვე გარდაცვლილი იყო?

- დიახ, ის უკვე აღარ სუნთქავდა. რაც შეეხება მაკას, ის უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მუცლიდან მკვდარი ბავშვი ამოუყვანეს. ჩვენ ბიჭის დაბადებას ველოდებოდით, მეცხრე თვეში იყო ჩემი რძალი... ზვიადს ნამსხვრევი პირდაპირ ფერდში ჰქონდა ჩარჭობილი. ზაზამ თავისი ხელით ამოაცალა და ინახავდა. ზვიადს ტანსაცმელი სულ დაფლეთილი ჰქონია. ზაზამ მითხრა, - ჩემი გავიხადე და მას ჩავაცვიო. ამიტომ არის ზაზა იმ ცნობილ კადრებში წელს ზევით შიშველი. არადა, მაშინ თურმე ეგონათ, რომ გიჟი იყო. თურმე, გამწარებულმა გარდაცვლილი ძმა ზურგზე მოიკიდა და გამოიყვანა... ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი შვილი საკუთარ თავში ჩაიკეტა, არავის გვეკონტაქტებოდა. სულ რკინის ვაგონში იყო ანუ იქ, სადაც ძმასთან ერთად მუშაობდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ობლად დარჩენილი ძმისშვილისთვის თავშესაფარი მიეცათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღვთისნიერ ადამიანს - პაატა ბურჭულაძეს, რომლის წყალობითაც ამ ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ ჩემს შვილიშვილს გორში ბინა უყიდეს.

- ომის დროს ალბათ, შვილისა და რძლის დაკრძალვაც გაგიჭირდათ...

- ეს ცალკე უბედურება იყო. მათი ცხედრები ჩემი რძლის სოფელში, ხელთუბანში წაასვენეს. მაშინ ისეთი ამბავი იყო, კუბოსაც ვერ ვშოულობდით და დახოცილებს "ბრეზენტში" გახვეულებს კრძალავდნენ. ზაზა ამბობდა, - ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავკრძალავო და კუბოები "მოიტაცა". სასახლეების საყიდლად ტაქსით წავიდა. როცა მანქანაზე დააწყო, მაშინ გაიგეს, რომ კუბოები ზაზას კი არა, სხვებს ჰქონდათ შეკვეთილი. ჰოდა, არ ატანდნენ. გამწარებულს ფული იქვე დაუყრია და გამოქცეულა, სასახლეები არ დათმო. იმავე დღეს დავკრძალეთ ორივე, დატირების საშუალებაც არ გვქონდა. მაშინ ჩემი რძალი - მაკა 28 წლის იყო, ზვიადი - 33-ის... ომს და სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ ზაზა სახლში არ შემოდიოდა, ვეღარ აზროვნებდა. ერთადერთი, რისთვისაც დარბოდა, ის იყო, რომ ობლისთვის დახმარება გაეწია...

- "პროფილაქტიკის" ვაგონში რამდენ ხანს იცხოვრა?

- თითქმის ერთი წელი იქ იყო და იქვე გააკეთა "ზვიოს წყარო". ამ ტრაგედიის შემდეგ დასტიროდა მანქანის ნაწილებს და რასაც ხელს მოჰკიდებდა, თავში ირტყამდა; ამბობდა, - ეს ზვიოს ეჭირა, ახლა მე როგორ მოვკიდო ხელიო და მთელი ხმით მოთქვამდა. თავის მოკვლასაც აპირებდა. ამბობდა: გიჟი ვარ, თავს ჩამოვიხრჩობ, უპატრონოდ უნდა მოვკვდეო. იძულებული გავხდი, დახმარება ახლობლებს ვთხოვე და იქიდან ძლივს გამოვიყვანეთ.

- ეტყობა, განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ.

- ზაზა ზვიადზე ორი წლით უფროსი იყო და ერთი და ჰყავდათ. ჩემს შვილებს მართლაც, საოცარი და-ძმობა ჰქონდათ. ერგნეთში სახლი სიმწრით ავაშენეთ, მანამდე კი "პალატკაში" ვცხოვრობდით. მახსოვს, წვიმის წყალი აკვანში მწოლიარე ჩემს გოგონას თავზე დაესხა და მეხრჩობოდა. ზაზამ აიყვანა თავისი და ხელში და გადაარჩინა. 5 წელი იყო მათ შორის სხვაობა და ნაზი ფაქტობრივად, მისი გაზრდილია. 7 წლის იყვნენ ბიჭები, ზურგით შეშას რომ ათრევდნენ, ყიდდნენ და შინ შაქარი, ფქვილი და პროდუქტები მოჰქონდათ. როცა წამოიზარდნენ, ნახირში დადიოდნენ... მერე ქმარს გავშორდი და იქიდან წამოვედით. რას წარმოვიდგენდი, საცოდავად გაზრდილ ჩემს შვილებს თუ დავკარგავდი. მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ... ზაზა დაზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე ზრუნავდა. კოტეჯში პატარა ბაღი ჰქონდა, სადაც პროდუქტები მოჰყავდა. ჰოდა, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი მოხუფული საჭმელებიც კი გამოგვიგზავნა მე და ჩემს ქალიშვილს...

- როდის დაოჯახდა?

- ცოლი რომ მოიყვანა, გავიხარე. ზაზას პირველი ქორწინებიდან 18 წლის ბიჭი ჰყავს. ახლა გოგონა რომ შეეძინა, ლიზიკო დაარქვა, მაგრამ ზვიადის სიკვდილმა გული გამიქვავა და შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულიც ვერ გამოვხატე ნორმალურად. ძალიან კარგი რძალი მყავს. უჭირდათ ძალიან და ჩემი რძალი სამუშაოდ თურქეთში წავიდა. ზაზა ცდილობდა, მაგრამ სამუშაო ვერ იშოვა. ეს კოტეჯიც, სადაც ცხოვრობდა, მამამისის იყო. ჩემი ყოფილი მეუღლე ერედვში ცხოვრობდა და ეს კოტეჯი მას მისცეს. ცოტა ხნის წინ ისიც გარდაიცვალა და ამ სახლს ზაზამ შეაფარა თავი. აქ უნდა ვიგლოვო ახლა ზაზა, მის ნაფეხურებს უნდა ვუყურო. რძალი თურქეთში იყო, ზაზას სიკვდილის შესახებ რომ გაიგო. სასოწარკვეთილია. არ იცის, როგორ არჩინოს პატარა. თუ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და ჩემს რძალს დაასაქმებს, მადლობელი დავრჩები. ზაზას საოცრად უყვარდა ცოლ-შვილი. პატარა ლიზიკოს თავად ბანდა. როცა ჩემი რძალი თურქეთში იყო, ბავშვი ძირითადად, დეიდასთან იზრდებოდა. ზაზას პარასკევს მოჰყავდა და შაბათ-კვირას აქ იყო, მასთან ერთად. უამრავი განუხორციელებელი ოცნება დარჩა. უნდოდა, სახლთან ყვავილების მაღაზია გაეკეთებინა და შეეწირა კიდეც ამ რკინის ჯიხურს.

P.S. ვიდრე ქალბატონ ლიზიკოსთან ინტერვიუს ვწერდი, ზაზას პატარა ქალიშვილმა მამის სურათთან რამდენიმე სანთელი აანთო და პატარა ხელებით პირჯვარიც გადაისახა. გულდამძიმებული წამოვედი რაზმაძეების სახლიდან იმ იმედით, რომ ამ სტატიას ვინმე გამოეხმაურება და ობლად დარჩენილი პატარას დახმარების სურვილს გამოთქვამს.

მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ლიბერთი ბანკში, ზაზას მეუღლის - ანა დვალიშვილის სახელზე გახსნილ ანგარიშზე: GE97TB7005518365100011 ან დაუკავშირდეთ ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 5(98) 45.98.75.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია