"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსეთის აგრესიის დასაგმობად "სამეზობლოში მოძრაობის ლიდერი" გახდეს.
"დღეს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს რუსეთის ღია აგრესიას ჩვენი მოკავშირე ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთმა მიმართა იმ ხერხს და დაიწყო იმ გეგმის განხორციელება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთვის არის ნაცნობი - ესაა გადასვლა ღია აგრესიის ფაზაში. ამ ვითარებაში მყარად უნდა ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით, უნდა დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენი ხმა შევუერთოთ იმ პროტესტს, რაც მთელს მსოფლიოში ისმის. მეტიც, ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები ამ მოძრაობისა ჩვენს სამეზობლოში", - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
აღნიშნულ კონტექსტში ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია "დღესვე დააფიქსიროს".
"მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, ახლა მაინც არ დაუშვას შეცდომა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია დღესვე, გააგებინოს მთელს საზოგადობას, რომ მყარად დგას იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ქართველ ხალხს აქვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებით. თუკი უპასუხოდ დარჩება ის, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, მძიმედ შემოუტრიალდება საქართველოს, ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მისი სუვერენიტეტის დაცვაში", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.