მამა გაბრიელის საფლავიდან მიწის წაღება აღარ შეიძლება - რა ხდება წმინდანის ამოსვენებიდან 1 კვირის შემდეგ მცხეთაში (+ ფოტო)

მამა გაბრიელის საფლავიდან მიწის წაღება აღარ შეიძლება - რა ხდება წმინდანის ამოსვენებიდან 1 კვირის შემდეგ მცხეთაში (+ ფოტო)

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, იმ ადგილის მოსალოცად, სადაც მამა გაბრიელი განისვენებდა, მრევლი ამ დროისთვისაც ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ წმინდანის ნაწილები ერთი კვირის წინ საფლავიდან ამოასვენეს და სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, დედათა მონასტერში მომლოცველების ნაკადი არ წყდება.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სწორედ წმინდანის საფლაფის მოსანახულებლად მიდის. ისინი საფლავზე ჯვრებს, მამა გაბრიელის ხატებს და სანთლებს ალაგებენ.

მამა გაბრიელის საფლავზე ყაზბეგიდან ჩამოტანილი დიდი ქვა დევს და ჯვარია აღმართული. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. წმინდანის ამოსვენების შემდეგ მრევლს საფლავიდან მიწის წაღება შეეძლო. თუმცა, ამჯერად საფლავზე ტრაფარეტია წარწერით: "მიწის აღება არ შეიძლება."

"ჩვენ ზესტაფონის რაიონის სოფელი ზოვრეთიდან ჩამოვედით. მთელი კუთხე ვართ წამოსული მამა გაბრიელის საფლავის მოსანახულებლად, მისი მადლისთვის, სიკეთისთვის და სიხარულისთვის. აქედან, სამებაში მივდივართ", - ამბობს ზესტაფონიდან ჩამოსული მარინე კალანდაძე.

მცხეთაში სენაკიდანად საკმაოდ ბევრი ხალხია. "სენაკიდან ჩამოვედით. უკვე მეოთხეჯერ ვარ მამა გაბრიელის საფლავზე. იმდენად დარწმუნებული ვარ მის სიწმინდეში, რომ რამდენჯერაც შემეძლება, იმდენჯერ მოვალ, მით უმეტეს ახლა, როცა მისი წმინდა ნაწილები ამოაბრძანეს და მისი წინასწარმეტყველება ახდა. მთელი საქართველო დღეს მას თაყვანს სცემს, ჩვენი დიდი სიწმინდე, მფარველი და საქართველოს გადამრჩენია", - აცხადებს იზოლდა ფუტკარაია.

ქუთაისელი დოდო კუჭუხიძე ამბობს, რომ ბედნიერია, საქართველოს ასეთი დიდი წმინდანი რომ ჰყავს. "ჩვენ გვშურდა სხვების, და ახლა ჩვენც გავხდით ამ ბედნიერების ღირსი. სამებაში ვიყავით, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც მამა გაბრიელი განისვენებდა. სიკეთე და სიწმინდე აქ დატოვა, ალბათ, და სხეული გადააბრძანეს სამებაში, მაგრამ აქ მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ", - ამბობს დოდო კუჭუხიძე.

დედათა მონასტერში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მიდის, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. 38 წლის კობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ის დედამ, თამარ მიქელაძემ ახალციხიდან სამთავროს დედათა მონასტერში ჩამოიყვანა.

"ახალციხიდან ჩამოვედით, მოვიყვანე კობა, რომელიც ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. დავაწვინეთ მამა გაბრიელის წმინდა საფლავზე, იქნებ ცოტა შეღავათი მიიღოს და მისმა ხელებმა ან ფეხებმა იმოძრაოს. ძალიან განვიცდი და ცუდად ვარ", - ამბობს თამარ მიქელაძე.

"ჩვენ რაჭის რეგიონის სოფელ ნიკორწმინდიდან ჩამოვედით, რომ მოგველოცა მამა გაბრიელის საფლავი. აქ ჩამოვიყვანე საოპერაციო მამა და იმედი გვაქვს, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის და მამა გაბრიელი თავისი მოწყალე თვალებით გადმოხედავს", - აცხადებს ნიკორწმინდას მკვიდრი ნიკოლოზ კობახიძე.

წმინდანის საფლავის მოსანახულებლად საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლებიდან მოსწავლეებიც ჩამოდიან: "ჩვენ ჩამოვედით ხონიდან. ეს ბავშვები ხონის მესამე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. მოვედით, რომ მოვილოცოთ მამა გაბრიელის საფლავი, შემდეგ მივემგზავრებით სვეტიცხოველში, მერე კი სამებაში. მივიჩნევთ, რომ ამით მოზარდები ისწავლიან - ქრისტიანები ვართ და ჩვენს რწმენას და წარსულს სანთელი უნდა ავუნთოთ", - ამბობს კლასის დამრიგებელი ნონა ქურასბედნიანი.

მამა გაბრიელის ნეშტს სამთავროს დედათა მონასტერში რამდენიმე კვირაში გადმოასვენებენ. მანამდე მრევლს ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვა სამების საკათედრო ტაძარში შეუძლია.

ელენე ცინცაძე, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი: "სიკეთე და სიწმინდე აქ დატოვა ალბათ..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია