"ფართოდ დახუჭული თვალები" - პოსტერებზე დატანილი ეს გზავნილი თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. კარგად ცნობილი ფილმის სახელწოდება, ამ შემთხევაში, სრულიად სხვა მესიჯის მატარებელია. ავტორებმა ამ სამ სიტყვაში ქართული და საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ასახეს; ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთია ოკუპაციის პრობლემისადმი დამოკიდებულება.
დღეს კი, 3 მარტს ამ საპროტესტო პოსტერებზე გამოსახულმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთის მიერ ქართული სოფლების ოკუპაცია ჯერ სპორტის სასახლესთან, მოგვიანებით კი უშუალოდ ოკუპირებულ სოფელ ატოცში გააპროტესტეს. Ambebi.ge გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს სპორტის სასახლიდან.
მშვიდობიანი აქცია სპორტის სასახლესთან დილის 11 საათზე დაიწყო. ნიკა მაჩაიძე, ქეთათო ჩარკვიანი, მიშა მესხი, ქართველი მორაგბეები და, უბრალოდ, უცნობი ადამიანები თავის პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებენ და საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. აქცია გამოირჩევა იმით, რომ მას სათავეში არ უდგას რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქციას არც გამოკვეთილი ლიდერები ჰყავს და არც ორგანიზატორები.
"რუსეთს უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ დაგვანებოს თავი", - მეუბნება აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორი, ბიბი ასათიანი, - ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ოკუპაციასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ არტ-აქცია სახელწოდებით "ფართოდ დახუჭული თვალები", რომელიც კოსტავას ქუჩაზე გამოიფინა. დიახ, ნუ ავიფარებთ თვალებზე ხელს, შევხედოთ პრობლემას თვალებში".
აქციის მონაწილეები არ ერიდებიან ქვეყნის მთავრობის უუნარობაში დადანაშაულებას. მსახიობი გიორგი მასხარაშვილი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულება ინდეფერენტულია:
"დღეს სოფელი ატოცი მორიგი ადგილია ჩვენი ქვეყნის, სადაც რუსები საოკუპაციო ხაზის გავლებას აგრძელებენ და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავრობა ამასთან დაკავშირებით ინდეფერენტულია, ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვაპროტესტებთ ამას", - ამბობს მასხარაშვილი.
"დავდგეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა" - ეს აქციის ერთ-ერთი მესიჯია. ვფიქრობ, რამდენად მართებულია ამ გზავნილის საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე გახმოვანება, რომელიც რამდენიმე საათში სწორედაც რომ ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელთან უნდა გაგრძელდეს; შეიცავს თუ არა ეს გზავნილი თავისთავად უკვე იმის აღიარებას, რომ აქციის მონაწილეები, მათდა უნებურად, ოკუპირებულ ტერიტორიას აღარ განიხილავენ საქართველოდ... მაინტერესებს, რამდენად გააზრებულად და ფრხილად შეირჩა გზავნილი. ამ კითხვით ჩემს ერთ-ერთ რესპოდენტს მივმართავ.
"დავდგეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა" - ეს მესიჯი ქეიფს გადაყოლილი ქართველი ხალხისადმი არის მიმართული. უნდა მივაწვდნოთ ხმა საზოგადოებას. თუ დღეს არ დავდგებით იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო ჩვენი ყოფნა, ხვალ სხვა ტერიტორიებს დავკარგავთ. სოფელი ატოცი ერთი კვირის წინ გადავიდა რუსეთის ოკუპაციის ზონაში, დღეს აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები სწორედ იქ მივდივართ."
"ვფიქრობ, საზგადოებას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე პოლიტიკოსებს. დღეს ჩუმად ყოფნა არასწორია, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს", - გვეუბნება ჟურნალისტებს ნიკა მაჩაიძე.
საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები არ არის ერთადერთი საკითხი. მონაწილეები ამავე აქციით სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.
"უნდა გავაპროტესტოთ ოკუპაცია და ის შავი ჭირი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ უკრაინასაც გადაედო. აქ მოსვლა და ჩემი პოზიციის გამოხატვა, თუნდაც მდუმარე სახით, არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შემიძლია ქვეყნისთვის. მრცხვენია, რომ სხვას ვერაფერს ვაკეთებ", - მეუბნება უკრაინის დროშიანი ბიჭი, არსენ ონიანი.
ხალხის რაოდენობა თანდათან მატულობდა. აქციას სხვა ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად რამდენიმე ახალგაზრდას უკრაინის დროშა შემოუხვევია სხეულზე... აქციის მონაწილეები არც უცენზურო ტრანსფარანტების აფრიალებას ერიდებიან და სამი უცენზურო სიტყვით რუსეთს პირდაპირ ეუბნებიან მათ მთავარ სათქმელს.
იმის მიუხედავად, რომ შეკრების მიზეზი ყველასთვის ცხადი და მტკივნეულია, სათქმელი თითქოს არაფერია და უმეტესობა მოკლე კომენტარებით შემოიფარგლება. 12 საათისთვის სპორტის სასახლის ეზოში მდგარი 6 ავტობუსი ხალხით შეივსო და ოკუპირებულ სოფელ არტოცისკენ აიღო გეზი.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge