აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინ წაწევა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მისი შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯი იქნება.
ამის შესახებ სერგეი მარკედონოვმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ციტადინში" განუცხადა, სადაც მიმდინარეობს კონფერენცია სახელწოდებით - "მოსკოვი და თბილისი: პერსპექტივები 2014".
"მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პროცესი წინ წასწიოს. ცუდია თუ კარგი, ეს არის რეალობა. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნაწილი ურთიერთობების ნორმალიზაციისა, რომელიც ეხება რიტორიკას, ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, თითქმის ამოწურულია. ახლა საჭიროა ახალი იდეები, პუტინმა შესთავაზა ორი ასეთი იდეა, პირველი დეკემბერში და ეს ეხებოდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, ხოლო მეორე – ოლიმპიადის მსველობისას თებერვალში მარგველაშვილთან შეხვედრებს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრისგან დიდ გარღვევას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თვითონ ფაქტი შეხვედრის, ფსიქოლოგიური თუ ემოციური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ", - განაცხადა მარკედონოვნმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეხვედრა არანაირ შედეგს არ გამოიღებს და მხარეები მხოლოდ თავიანთი პრობლემებით შემოიფარგლებიან, ფაქტი მაინც პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.