ყოველთვის საინტერესოა ისეთი ამბების მოსმენა, რომელიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა და სრულიად სხვა ეპოქის მოვლენებს ეხება. სიტყვა "დიზაინერი" შესაძლოა, XX საუკუნეში გახდა მოდური და აქტუალური, მაგრამ პროფესია - დიზაინერი ალბათ მას შემდეგ არსებობს, რაც ადამიანმა ტანისამოსის გამოყენება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი, ქალბატონი სალომე ვაშაკიძე იყო, რომელიც თვით რუსეთის მეფისნაცვლის, ვორონცოვის ცოლსაც კი უკერავდა კაბებს. დედაზე სასაუბროდ მის შვილს, 90 წლის ნადეჟდა გვარჯალაძეს შევხვდი. ახლობლები და ოჯახის წევრები მას სიყვარულით ნადიკოს, ნადუკას, დუკას, ხოლო 3 წლის შვილთაშვილი ნაკოს უწოდებს. ხანდაზმულობის მიუხედავად, მეხსიერება კარგი აქვს და ძველი ამბები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გაიხსენა.
- მამა, ივანე გვარჯალაძე რკინიგზელი იყო, დედა - სალომე ვაშაკიძე საქართველოში პირველი დიზაინერი ქალი ბრძანდებოდა. დედა სამტრედიის მაზრის სოფელ დიდ ჯიხაიშში დაბადებულა. ფილმი "იმერული ესკიზები" რომაა გადაღებული, სწორედ მაგ ეზოს გვერდით იდგა მისი მშობლების სახლი. მამა წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო, მაგრამ ისიც ჯიხაიშში ცხოვრობდა. იქ გაუცნიათ ერთმანეთი ჩემს მშობლებს. 16 წლისები ყოფილან, რომ შეუღლებულან, შემდეგ კი თბილისში წამოსულან.
- აი, თბილისური ამბებია უკვე საინტერესო.
- საინტერესოც და სევდიანიც. მამა ხაშური-ბორჯომის რკინიგზის მშენებლობის საქმეთა მმართველის, გვარად კალამკაროვის თანაშემწე ყოფილა. საქმისადმი გულითადმა დამოკიდებულებამ უფროსთან დააახლოვა. კალამკაროვს შვილები არ ჰყოლია. ცოლად სომეხი სოვდაგრის შვილი ჰყავდა. ხანში შესული იყო ცოლ-ქმარი. ჩემი უფროსი ძმა, ნიკოლოზი ოჯახში პირველი ბავშვი იყო. კალამკაროვების ოჯახმა მისი მონათვლა მოინდომა. ამისთვის მართლმადიდებლები გახდნენ, ნიკოლოზი მონათლეს და ქონების მემკვიდრედ გამოაცხადეს. სოლოლაკში, სულხან-საბას ქუჩაზე ორსართულიანი, 16-ოთახიანი სახლი ჰქონიათ. პირველი სართული ჩემი მშობლებისთვის დაუთმიათ, მეორე სართულზე კი თავად ცხოვრობდნენ. ნათლულს ასევე უანდერძეს მაშინდელ გოლოვინის გამზირზე მდებარე სასტუმრო. თუ არ ვცდები, "ორიენტი" ერქვა. კალამკაროვის ცოლის მზითევი ყოფილა ეს სასტუმრო. შემდეგ მეორე შვილი, ვალიკო დაბადებულა. თავს ეხვეოდნენ მოახლეები და გადიები.
- როგორც ვიცი, დედათქვენი პირველი მკერავი-მოდელიერი ყოფილა, რომელიც დიდგვაროვან თბილისელ ქალებს უკერავდა კაბებს.
- დედამ ჭრა-კერვა თბილისში ისწავლა. სახელიც მალე გაითქვა. გემოვნებიანი ქალი იყო. ქსოვილებს პარიზიდან იწერდა და სახლში ჰქონდა სალონი-ატელიე მოწყობილი. მაშინ ქალაქისთავი და მთავრობა ძირითადად სომეხი ეროვნების ხალხით ყოფილა დაკომპლექტებული. მათ ცოლებს დედა უკერავდა ევროპული მოდის მიხედვით კაბებს. სწორედ სომეხმა კლიენტებმა დაარქვეს დედას ლავ-მადისტკა სალომე. დედასთან იმოსებოდნენ ასევე, ებრაელი ვაჭრის ცოლები და შვილები და ქართველი თავად-აზნაურობაც. მაშინდელი ამიერკავკასიის ცენტრი თბილისში იყო. შესაბამისად, დიპლომატთა ოჯახის წევრები და მთავრობაც დედასთან დადიოდნენ ტანსაცმლის შესაკერავად. პირადი ურთიერთობების წყალობით, ზაფხულობით, ირანის ელჩის ბორჯომის საზაფხულო რეზიდენცია "ფირუზაში" ისვენებდა ჩემი მშობლების ოჯახი. ფოტოც უამრავი ჰქონდათ გადაღებული, თუმცა დროთა განმავლობაში სადღაც გამებნა. დედას კლიენტი იყო რუსეთის მეფისნაცვლის, ვორონცოვის ცოლიც. შესაბამისად, დედაც და მამაც ვორონცოვის სასახლესა და წრეში მიღებული პირები იყვნენ. ბავშვი ვიყავი და დედა რუსთაველზე რომ გამატარებდა, მაშინდელ პიონერთა სასახლესთან ცოტა ხნით გაჩერდებოდა, გაირინდებოდა და ფიქრებში წავიდოდა ხოლმე, მერე მიმანიშნებდა ერთ ადგილზე: აი, იმ ხის ძირში იყო გაშლილი საზაფხულო მეჯლისების დროს ჩვენი მაგიდაო... მოკლედ, მაშინდელ თბილისურ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდნენ ჩემი მშობლები. ერთხელ, დედა სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საკონდიტროში გადასულა ნამცხვრის შესაძენად. მეორე დღეს მამასთვის უსაყვედურია საკონდიტროს მეპატრონეს: რა გაგიჭირდა, ცოლი რომ გამოუშვი ნამცხვრის საყიდლად, მოახლე ცოტა გყავთო? - აი, ასეთ პირობებში ცხოვრობდნენ.
- ეს ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობამდე და ბოლშევიკურ რევოლუციამდე. შემდეგ როგორ განვითარდა ამბები?
- არაფერი აკლდათ ცხოვრებაში, მაგრამ მამაჩემს შეუჩნდა მეგობარი, - ბაქოში წავიდეთ და ნავთობსარეწები შევიძინოთო. კალამკაროვებს გაუჭირდათ ნათლულთან გამოთხოვება, მაგრამ ბავშვს ოჯახს ვერ დააშორებდნენ. იმ პირობით, რომ თბილისში 5-6 წელიწადში დაბრუნდებოდნენ, ოჯახი ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. დედამ უკვე იქ გახსნა სამკერვალო სალონი-ატელიე. სალომე ვაშაკიძე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მაშინდელ ბაქოელ ქალებს ჩადრი მოხადა და მოდური კაბები ჩააცვა. მამამ ნავთობსარეწი კომპანია შეიძინა. იქ კიდევ ორი შვილი - გიორგი (ჟორა) და ნინო შეეძინათ. შემდეგ ბაქოში არეულობა დაიწყო. როგორც დედა მიყვებოდა, სომხებმა წყალი მოწამლეს და ლამის ნახევარი მოსახლეობა გაწყდაო. ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ ჩემი და-ძმები. ასე განადგურდა ოჯახი. გაუბედურებული, უშვილოდ დარჩენილი დედ-მამა დაგროვილი ქონებით თბილისში დაბრუნდა, მაგრამ აქაც უბედურება ელოდათ: თბილისი "გასაბჭოებული" დახვდათ. ქონება ადგილზევე ჩამოართვეს, სახლს კი კონფისკაცია გაუკეთეს. ჩეკისტებმა დედაჩემს უთხრეს: ერთ წუთში რის გამოტანასაც მოასწრებ სახლიდან, ის გამოიტანეო. დედამ მხოლოდ "ზინგერის" ფირმის საკერავი მანქანის გამოტანა მოასწრო. ეს მანქანა ახლაც მაქვს შენახული და ძველებურად მუშაობს. სანამ ბაქოში წავიდოდნენ, დიდძალი ოქროული დედამ ძმას მიაბარა. ძმა მეგობარს გაეძარცვა და ნაქურდლით სადღაც გამქრალიყო.
- კალამკაროვებს რა ბედი ეწიათ?
- კალამკაროვები ამერიკაში გაიქცნენ. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კალამკაროვების ბაქოში გაგზავნილი წერილები ისევ თბილისში მობრუნდა. წერილში კი ეწერა, თბილისი ბოლშევიკებმა დაიკავეს, სასწრაფოდ ჩამოდით თბილისში და საზღვარგარეთ წავიდეთო, მაგრამ წერილმა დააგვიანა და უკან ისე მობრუნდა, რომ არც არავის წაუკითხავს. თბილისიდან ბაქოში და ბაქოდან ისევ თბილისში გამოგზავნილ წერილს თბილისში დედ-მამამ ჩამოუსწრო.
- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- მამას ძმა ჰყავდა. სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. ისიც ამერიკაში თუ საფრანგეთში გადახვეწილიყო. ასე რომ, მამის ნათესავებთან ურთიერთობა არ მქონია. დედ-მამამ ახალ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, თავშესაფარი მიეცათ. ერთ კვირაში სვანეთის უბანში გამოუყვეს პატარა მიწის ნაკვეთი და შეასყიდვინეს სახლის ასაშენებლად.
- თქვენ როდის დაიბადეთ?
- დედ-მამა უკვე ასაკში იყო, მე რომ დავბადებულვარ. გამაჩინეს იმ იმედით, რომ სიბერის ჟამს წყლის მიმწოდებელი ეყოლებოდათ. კარგად მახსოვს, დედაჩემის ლამაზი კაბებით, ფეხსაცმელებით, შლაპებითა და ხელთათმანებით როგორ ვთამაშობდი და უბნის ბავშვებს ვჩუქნიდი დედისეულ ნივთებს. დედა მეტყოდა ხოლმე: - ჩემი გამონაცვალი ტანსაცმლით სამტრედიაში ჯვარს იწერდნენო. უჭმელი ვყოფილვარ. 2 ლუკმა რომ გადამეყლაპა, მამას სანაპიროდან მეარღნეები და მუსიკოსები ამოჰყავდა ჩემს გასართობად. კარგად მახსოვს ჩემი ნათლობაც. ერთი შვილი ვყავდი და მამა მანებივრებდა. ოჯახი რომ ერჩინა, სამუშაოს სათხოვნელად რკინიგზის ადმინისტრაციას მიაკითხა. მისი გამოცდილება არაფრად ჩააგდეს და დარაჯად დანიშნეს. ერთხელაც ფეხი დაუცდა და ლიანდაგში ჩავარდა. მატარებელმა გადაუარა. 5 წლის ვიყავი, ეს რომ მოხდა. მისი უკანასკნელი სურვილი ჩემი ნახვა ყოფილა. მიმიყვანეს მაშინდელ წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში, მამა მომეფერა და გარდაიცვალა. მისი საფლავი კუკიაზე, წმინდა ნინოს ეკლესიასთან ახლოს იყო. ხშირად დავდიოდით მე და დედა მის საფლავზე. ერთხელაც მარტო ავედი და მამას საფლავს ვერ მივაგენი. დედას ვუთხარი, მაშინვე ავედით სასაფლაოზე და აღმოჩნდა, რომ ვიღაც ცნობილი პიროვნება დაემარხათ მამას საფლავზე. ასეთი გამწარებული და განადგურებული დედა პირველად ვნახე. ასე დამიკარგა მამის საფლავი მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს ამბავი მძიმედ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
- დედამ არ გააგრძელა საქმიანობა?
- თავისი "ზინგერით" სამკერვალო ფაბრიკაში მივიდა. თურმე ცვლის უფროსი ამბობდა, - სალომეს შეკერილი ტანსაცმელი სხვა მზა ნაწარმისგან განსხვავდებაო.
- როგორი ბავშვობა გქონდათ?
- წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ტანვარჯიშშიც კარგი მიღწევები მქონდა და ტყვიით სროლაშიც, მაგრამ მთავარი მაინც სწავლა იყო. ჩემი სკოლის მეგობარი საქართველოს პირველი მათემატიკოსი ქალი, ელენე ობოლაშვილი იყო. სკოლა 1941 წელს დავამთავრე და ომიც დაიწყო. არტისტული მონაცემები და გარდასახვის ნიჭი მქონდა. კარგი დეკლამატორიც ვიყავი, ვცეკვავდი და ვმღეროდი, მაგრამ მსახიობობა ვერ გავბედე, რადგან მიმაჩნდა, რომ მსახიობი ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო. მაშინდელი ახალგაზრდობა პრემიერებს არ ვაცდენდით. ჩემი თვალით მყავდნენ ნანახი: ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვა მსახიობები, რომლებთან შედარებით მე არცთუ ისე ლამაზი ვიყავი. ამიტომაც მსახიობობაზე არ მიფიქრია. ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარების გამო, სამედიცინო ინსტიტუტში უგამოცდო ჩარიცხვები დაიწყო. ახლაც გული მიმდის სისხლის დანახვაზე და ვერ გავრისკე იქ საბუთების შეტანა. სამაგიეროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ მოვხვედრილიყავი, 11 გამოცდა ჩავაბარე. მართალია, ომი იყო, მაგრამ კარგი სტუდენტობა მქონდა. ჩემი ჯგუფელები იყვნენ მიხეილ ქვლივიძე და ანა კალანდაძე. მაშინ ყველა ბიჭი ომში მიდიოდა, ამიტომ უნივერსიტეტში უმეტესობა გოგონები ვიყავით დარჩენილი, ბიჭები კი - აქა-იქ. ანა კალანდაძესავით ლექსებს მეც ვწერდი. ანა მთხოვდა, გამომექვეყნებინა, მაგრამ ვერ გავბედე. ერთ დღესაც ყველა ჩემი ჩანაწერი დავწვი. ახლა ძალიან მწყდება ამაზე გული.
- როგორც ვიცი, 40 წელი ერთ სამსახურში იმუშავეთ.
- მე-4 კურსზე ვიყავი, გაზეთ "კომუნისტში" რომ მივედი კორექტორად. რესპუბლიკური მნიშვნელობის გაზეთი იყო და პასუხისმგებლობასაც მოითხოვდა. ერთი შეცდომა და სამსახურის დატოვება სანატრელი გაგიხდებოდა. პირდაპირ პატიმრობას მიგისჯიდნენ. ჩემი შვილიშვილები ხუმრობენ ხოლმე, - მთელი ცხოვრება "კომუნისტის" კითხვაში გაატარეო. ამ დროს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩემს კოლეგას ერთ-ერთ სტატიაში შეცდომა გამორჩა. წესით უნდა ყოფილიყო - "კომუნისტური პარტიის განვითარება". ორი ასო გამორჩენილი იყო და ეწერა - "კომუნისტური პარტიის განვირება". მოკლედ, გაზეთი გამოვიდა, ცენტრალურ კომიტეტშიც ვერავინ ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ მეორე დღეს რედაქციაში მკითხველმა, წარმოშობით სომეხმა მოქალაქემ დარეკა და აღნიშნული შეცდომის გამო პასუხისმგებელი პირის დასჯა მოითხოვა. რა თქმა უნდა, კორექტორზე გადატყდა ჯოხი. მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა დათიკო მჭედლიშვილმა იმდენი კი მოახერხა, რომ ჩემი კოლეგა არ დაეჭირათ და მხოლოდ სამსახურიდან დაეთხოვათ. მაშინ ამდენი ჟურნალ-გაზეთი სად იყო?! რედაქციაში გავიცანი იოსებ გრიშაშვილი, იოსებ ნონეშვილი, გალაკტიონ ტაბიძე და იმდროინდელი ხელოვანები. მაშინ სხვა ურთიერთობები და პატივისცემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის ტრაგედია ბოლშევიკებისა და კომუნისტური წყობის "დამსახურება" იყო, რადიომ სტალინის გარდაცვალების ამბავი რომ გამოაცხადა, სხვებივით, მე და დედაჩემი ვტიროდით. საოცარი იდეოლოგია იყო მაშინ. ნეტავ, რა მატირებდა, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდით საბჭოთა წყობის საშინელ არსს.
- მომავალი მეუღლე სად გაიცანით?
- გიორგი მექვაბიშვილი წარმოშობით გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან იყო. ბებია დიდგვაროვანი თავადის ქალი ჰყავდა - ელისაბედ (საბედო) ჯავახიშვილი. დიდად შეძლებული და სახელგანთქმული ოჯახი ჰქონიათ. მათი ქონება დიდ მამულებსა და ერთ გოდორ ოქროს თუმნიანებს ითვლიდა. ჰოდა, სოფელში არ სცოდნიათ, რომ ხელისუფლება შეიცვალა და ნიკოლოზის დროინდელი ქაღალდის "ფულები" გაბონებულა (ბრუნვიდან ამოღებულა). სოფელში გორიდან ებრაელები ასულან და ერთ ოქროს თუმნიანში 100 ქაღალდის მანეთს იძლეოდნენ. ქონების გაათმაგების სურვილით, ოქროები ქაღალდის ფულზე გადაუცვლიათ. 2 ურემი ქაღალდის ფული ებრაელებს სახლის კართან დაუტოვებიათ და ოქრო წაუღიათ. ეს გაფუჭებული ფული მერე მთელ სოფელს შპალერად ჰქონია წლების განმავლობაში სახლებში გაკრული... რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, გოგის (გიორგი): თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და რკინიგზელი გახდა. გავიცანით ერთმანეთი და 1946 წელს შევუღლდით. სამი შვილი: ეთერი, მარინე და მაია შეგვეძინა. ეთერი პედიატრი იყო, სულით ხორცამდე ექიმი. პანაშვიდზეც და ქორწილშიც ფონენდოსკოპით დადიოდა. როდესაც მორიგე იყო და გამოძახებაზე მისული ნახავდა გაჭირვებულ ოჯახს, მეორე დღეს სამსახურში მეუღლე რომ მიაკითხავდა სახლში წამოსაყვანად, ჯერ ამ გაჭირვებულ ოჯახებს ჩამოუვლიდნენ, საჭირო ნივთებსა და წამლებს მიუტანდნენ და მერე მიდიოდნენ სახლში. შემდეგ, წლების განმავლობაში, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცვლის უფროსი ექიმი იყო. სამწუხაროდ, 3 წლის წინ გარდაიცვალა უკურნებელი სენით. მეუღლე 21 წლის წინ დამეღუპა. ორივემ დიდი სახელი დატოვა ამქვეყნად. მე კი მოუნელებელი ტკივილი მარგუნეს. ოთხი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი მყავს.
- საოცარი ამბები გაიხსენეთ...
- მოსაყოლი ბევრია, მაგრამ ვის რაში აინტერესებს ეს ყველაფერი?!. მინდა, ახალმა თაობამ ბევრი წიგნი წაიკითხოს: განათლებულ ადამიანს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა, ქართველებმა ერთმანეთს პატივი ვცეთ, მხარში ამოდგომა ვისწავლოთ. ჩემი მამამთილი იტყოდა ხოლმე, - იყავ მბაძი და არა - მშურიო. სწორედ ეს გვაკლია. ძალიან გონებამახვილი თაობა მოდის. ჩემი შვილთაშვილი, ანასტასია ჩხეიძე 3 წლისაა. ჩემი იმედი და თვალისჩინია. ძალიან თბილი, მოსიყვარულე და გონებაგახსნილი ბავშვია. მინდა, ქვეყანამ ჯანმრთელი და ღირსეული ადამიანებით გაიხაროს.
გიორგი ბერიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)