108 გარდაცვლილი - პროფესიები საქართველოში, რომელიც "მსხვერპლს ითხოვს"

108 გარდაცვლილი - პროფესიები საქართველოში, რომელიც "მსხვერპლს ითხოვს"

2011-13 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოში 108 ადამიანი დაიღუპა, მძიმე საწარმოო ტრავმა კი 429 ადამიანმა მიიღო. მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სხეულის დაზიანებას იღებს, 3 ათასამდე კი - იღუპება.

საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. იმისათვის, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული იყოს, საჭიროა, არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციის აღდგენამდე "ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება".

ბოლო 4 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას სულ 531 ადამიანი დაშავდა, 150 კი - დაიღუპა. 2010 წელს სამუშაო შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო - 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42; 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობამ 137 შეადგინა, გარდაცვლილთა - 54; 2012 წელს სამუშაოს შესრულებისას 131 ადამიანი დაშავდა, 21 კი - დაიღუპა; 2013 წელს დაშავდა 161 ადამიანი, 33 კი - გარდაიცვალა. თუ საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმებულთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

2013 წლის ქრონიკა კი ასეთია: 2013 წლის 27 მაისი - ფოთის პორტში ტვირთის გადმოზიდვის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა. ინციდენტი მე-4 ნავმისადგომთან მოხდა.

2013 წლის 14 ივნისი - ფოთის დევნილთა ახალ რაიონში კორპუსების მშენებლობაზე 42 წლის მუშა დაიღუპა. ის მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდა.

2013 წლის 15 ივნისი - ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.

2013 წლის 13 ოქტომბერი - ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 35 წლის მუშა დაიღუპა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უბედური შემთხვევებისა, რომელიც საქართველოში 2013 წელს დაფიქსირდა, ფაქტები კი უამრავია, რაზეც პროფკავშირების ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ამის მიზეზი კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, არსებული "შრომის კოდექსი" და გაუქმებული შრომის ინსპექციაა.

იმისათვის, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული იყოს, საჭიროა, არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს. 2006 წლამდე არსებობდა შრომის დაცვის ინსპექცია, თუმცა შემდეგ, როდესაც "შრომის კოდექსში" ცვლილებები შევიდა, ეს სამსახური გააუქმეს. ინსპექციის აღდგენამდე კი, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, "ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება".

"იმისათვის, რომ ჩვენთან არაა შრომის ინსპექცია, დინამიკაც მზარდია. ვიდრე შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდოდა, პროფკავშირები ვითხოვდით შრომის ინსპექციის ან მსგავსი უწყების შექმნას ორი მიმართულებით. ერთი მიმართულებით მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო, მეორეთი კი - უსაფრთხოების ნორმების კონტროლი.

მივიღეთ დაპირება, რომ ეს მეორე ეტაპზე მოხდებოდა, მაგრამ ეს მეორე ეტაპი არადა არ დადგა. მიუხედავად იუსტიციის მინისტრის დაპირებისა, რომ შრომის კოდექსში ეს ცვლილებები 2014 წლამდე შევიდოდა, როგორც ხედავთ, დღესდღეობით პრობლემა მოგვარებული არ არის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

იმისათვის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვი შემცირდეს, აუცილებელია პროფკავშირების მონაწილეობით დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფო შრომის ინსპექცია შეიქმნას, სადაც მხარეები ერთმანეთს გადაცდომის საშუალებას არ მისცემენ.

"ანუ ისინი არ მოგვცემენ ჩვენ პოპულიზმისა და დემაგოგიის საშუალებას, ჩვენ კი არ მივცემთ მათ გადაცდომისა და კორუფციული გარიგებაში შესვლის საშუალებას დამსაქმებლებთან. ეს უწყება უნდა იყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ქვემდებარე. ეს არის გამოსავალი, სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება", - დასძინა პეტრიაშვილმა.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებაზე სპეციალური განცხადება რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გააკეთა. ნანუაშვილმა, შემაშფოთებელი მონაცემების გამო, მთავრობას რეკომენდაციითაც მიმართა. რეკომნედაციაში საუბარია, რომ საქართველომ დაიწყო მუშაობა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირების კუთხით, როგორიცაა ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლი (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81 (შრომის ინსპექციის შესახებ), #129 (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), #155 (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) კონვენციები.

სახალხო დამცველის რეკომნედაცია შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, შრომის ინსპექცია) შექმნასაც ითვალისწინებდა.

"ეს უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკაშვირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას", - აცხადებდნენ სახალხო დამცველის ოფისში.

სპეციალისტების თქმით, შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია დასაქმებულის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და, შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის საკითხი კვლავ ღიადაა დატოვებული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 1 მლნ 200 ათასი ადამიანი იღუპება, ყოველდღიურად კი მათი რიცხვი 3 ათასამდეა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, საწარმოო ტრავმას ყოველწლიურად 250 ათასი ადამიანი იღებს, ხოლო 160 მილიონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავადდება.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია