დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ

დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ

ბაჩო ახალაიას ადვოკატს, ყოფილ ძალოვანს, გიორგი ონიანს ბრალს რომ წაუყენებდნენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ელოდა კიდეც. ოპონენტები ხშირად ახსენებდნენ ძველ პერიოდს და ე.წ. ზონდერადაც მოიხსენიებდნენ. გიორგი ონიანი ძალოვან უწყებებში დიდხანს მუშაობდა და ხშირად უნახავთ თუნდაც მიტინგის დამრბევ პოლიციელებს შორის.

საზოგადოების ნაწილი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ყოფილი ძალოვანები, რომელთა მიმართაც უამრავი პრეტენზია არსებობს და უამრავი საჩივარია შესული, ადვოკატის რანგში მუშაობას აგრძელებენ. ჩვენი ინფორმაციით, გოგა ონიანის მსგავსად, დღეს მოქმედ კიდევ არაერთ ადვოკატზეა შესული პროკურატურაში საჩივარი (ძირითადად, ყოფილ პროკურორებზე). მათ შორის, ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატი, რომეო საჯაიაც გახლავთ. საჯაიასაც არაერთი ადამიანი ამხელს უკანონობაში და მის დასჯას მოითხოვს.

აქვე დავძენთ: როგორც შევიტყვეთ, გოგა ონიანის წინააღმდეგ საჩივრები სხვა ადამიანებსაც აქვთ შეტანილი. არ არის გამორიცხული, ბრალი დაუმძიმდეს.

ონიანის დაკავებას დიდი ხმაური მოჰყვა. "ნაცმოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ ადვოკატი პოლიტიკური მოტივით დააკავეს. გოგა ონიანი 23 თებერვალს საღამოს მისი საცხოვრებელი ბინიდან ძალოვანებმა გამოიყვანეს და ე.წ. "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს. ელვის სისწრაფით გავრცელდა დაკავებაზე ინფორმაცია. მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური განმარტება გააკეთა და თქვა, რომ სასამართლოს სანქციით მოხდა მისი დაკავება. გიორგი ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ასევე განზრახ უკანონო დაკავება ედება ბრალად. საუბარია იმ პერიოდზე, როცა იგი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ონიანმა 2011 წელს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს "დაო პრინტის" მენეჯერი, დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს "დაო პრინტი" იმ დროს "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა შათირიშვილის დაკავების მიზეზი. ონიანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოს დავით შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ.

იმავე დღეს, ონიანის ორგანიზებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს დავით შათირიშვილი. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს. თუმცა მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო, გიორგი ონიანის ბრძანებით, იგი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და საქმე წარიმართა სასამართლოში.

ასეთია ბრალდების ფაბულა და ონიანს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ადვოკატს გამომძიებელთან შელაპარაკება მოუხდა და ცუდად გახდა. გიორგი ონიანი ჩაფიძის კლინიკაში 12 საათს იმყოფებოდა და ამის შემდეგ ისევ "მოდულში" დააბრუნეს.

როგორც ამბობენ, გიორგი ონიანს ამხელენ ყოფილი თანამშრომლებიც. ალბათ ისინი ადვოკატს სასამართლოზე დაუპირისპირდებიან. უკვე ცნობილია დაზარალებულ დავით შათირიშვილის პოზიცია. მისი თქმით, ის 2011 წლის 15 ოქტომბერს "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა გოგა ონიანი, 3 პირთან ერთად. მართალია, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილები, მაგრამ თან ჰქონდათ იარაღი და ასე წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში.

"დამაკავეს, რადგან ვიყავი სარეკლამო კომპანია "დაო პრინტის" მენეჯერი და ვასრულებდი გარკვეულ შეკვეთებს. მოცემულ მომენტში ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურების შეკვეთებს, კლიპისთვის. შეკვეთა შევასრულეთ და ამის მერე უკანონოდ დამაკავეს. ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მაგიდაზე დადო თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა: შენ იცი, რაც მოგივა და რაც მოხდაო. ვიყავი გაურკვეველ ვითარებაში, არ ვიცოდი, რა მოხდა. ვიკითხე, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაშინ მან მაჩვენა კლიპი და მითხრა, - შენი დამზადებული კლიპით ქვეყანას საფრთხე შეექმნაო. გარკვევით მითხრა, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა დიდი საფრთხე, რამეთუ ჩემი ბინიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. დედასაც დასდევდნენ და მოგვიანებით, სახლის ეზოში მოსასმენი აპარატურაც ვიპოვეთ. ონიანმა მითხრა, მეღიარებინა, ნარკოტიკი თითქოს ჩემი იყო. გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეს ვარჩიე და მათ შეთავაზებას, რომ მარიხუანა თითქოს ჩემი იყო, ხელი მოვაწერე. შემდგომ გადამიყვანეს იზოლატორში და მერე - გლდანის ციხეში", - ამბობს შათირიშვილი. იგი 2 კვირაში 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შათირიშვილის განცხადებით, მისი საჩივარი პროკურატურაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა და დღემდე ელოდებოდა რეაგირებას. იმედოვნებს, რომ ონიანი საკადრისად დაისჯება მისი უკანონო დაპატიმრებისთვის.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნა­ხოთ, რა მასალები გამომზეურდება გოგა ონიანის წინააღმდეგ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ