ილია მეორე - მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

ილია მეორე - მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას განაცხადა.

ამ წუთებში საპატრიარქოში პატრიარქი ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულეს ხვდება. შეხვედრის ნაწილი დახურულია. შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქმა და თავის მხრივ შტეფან ფულემ ერთმანეთს მიმართეს. შეხვედრას ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი ესწრება.

შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა მადლობა გადაუხადა შტეფან ფულეს იმისთვის, რომ გამოძებნა დრო მასთან შესახვედრად და აღნიშნა, რომ საქართველომ გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ახლა მიემართება ევროპული სტრუქტურებისკენ.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა მიმართა შტეფან ფულეს, რომ მისთვის დღეს პრესიდან გახდა ცნობილი შტეფან ფულეს სურვილი, დაერწმუნებინა პატრიარქი, საქართველო თავისი ტრადიციებით, ფასეულობით გახდეს ევროკავშირის წევრი.

"მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა უწმინდესმა.

ამასთან, პატრიარქმა დასძინა, რომ როდესაც საუბარი ევროპის სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეზღუდულია სხვა სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. "მე იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ ჩამობრძანებისათვის და იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია