ავტოსკოლები ძვირდება? - ახალი თავსატეხი მართვის მოწმობის მსურველთათვის

ავტოსკოლები ძვირდება? - ახალი თავსატეხი მართვის მოწმობის მსურველთათვის

მართვის მოწმობის აღება რთულდება. პრაქტიკულ გამოცდას კიდევ ერთი პუნქტი, ქალაქში ტარება დაემატება. მოსახლეობის ნაწილმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა, ზოგი კი, პირიქით, დააფრთხო და გამოცდაზე გასვლა დააჩქარა. სხვათა შორის, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა.

ახალ ინიციატივას ეხმაურებიან ავტოსკოლებიც. ნაწილმა ფასის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. მათი განმარტებით, ცვლილება სასწავლო საათების, მანძილის დამატებასა და მასთან ერთად საწვავის დანახარჯის ზრდას გამოიწვევს.

დღეს მართვის მოწმობა ყოველ მეორე ადამიანს აქვს. ამ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებიც. ბოლო 3 წლის განმავლობაში მოწმობა 379 983 პიროვნებაზეა გაცემული. მათი საშუალო ასაკი 25 წელია.

როგორც დიაგრამებიდან ჩანს, 2012 წელს მამაკაცების უმრავლესობამ (66%) მართვის მოწმობა 26 წლამდე აიღო, ქალებში ეს ციფრი 31-მდეა გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება პირველადი მართვის მოწმობის გაცემა 25 წლამდე ასაკის პირებზეც. ეს მოწმობს, რომ "პრავის" მფლობელების უმეტესობა ახალგაზრდაა და შესაძლოა, ბევრ მათგანს ტარება ახალი ნასწავლი ჰქონდეს.

მძღოლების გამოუცდელობაზე საუბრობენ ავტოსკოლების წარმომადგენლები და "რეზონანსის" რესპონდენტთა უმეტესობაც. დიდი ნაწილი მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას ქალაქში რეალური მოძრაობის დამატებას დადებითად აფასებს.

"მართვის მოწმობის ასაღებად ახალი წესის ამოქმედება ძალიან მომწონს, რადგან მას ჩვენთან ისეთი ხალხი იღებს, ვისაც მანქანა ერთი-ორჯერ თუ გაუტარებია. პრაქტიკული გამოცდისთვის სერიოზული მომზადება აქამდე არ იყო საჭირო. ვისაც გამოცდილება არ აქვს და ავტომობილს ძლივს ატარებს, "პრავას" ისინიც მარტივად იღებენ. ეს განსაკუთრებით გაიოლდა, რაც ჩაბარება "ავტომატიკით" გახდა შესაძლებელი.

ვფიქრობ, ახლო მომავალში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ გართულდება, რაც ძალიან კარგია. ყველა არ უნდა იჯდეს მანქანაზე, ბევრი მართვის მოწმობას არ იმსახურებს," - ამბობს ჩვენი რესპონდენტი გიორგი ილურიძე.

ახალ ინიციატივას მარიამ მჭედლიშვილიც დადებითად აფასებს. იგი შედეგად გზებზე მოძრაობის გაუმჯობესებას ელის.

"ძალიან კარგია, ასეც უნდა ხდებოდეს. დღეს ბევრი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს იზუთხავს და მართვის მოწმობას ისე იღებს. ამიტომაც ხდება ამდენი საგზაო შემთხვევა, ნახევარზე მეტმა მანქანის ტარება არ იცის. ალბათ შემცირდება "პრავის" აღების მსურველთა რიცხვიც, რადგან გართულების შემდეგ ყოველი მეორე ვეღარ გარისკავს გამოცდაზე ტყუილად გასვლას. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფული იქნება. სამაგიეროდ, გამოცდაზე ცოტა, მაგრამ მეტად მომზადებული, მცოდნე ხალხი მივა.

ეს უფრო ადრეც უნდა მოეფიქრებინათ. მთელ ევროპაში, ამერიკაში მართვის მოწმობის აღება "ქუჩაში გავლის" შემდეგ ხდება. მარტო საქართველოში იყო ასეთი აბსურდული და სასაცილო პროგრამა", - ამბობს მარიამ მჭედლიშვილი.

ამ სიახლეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ნაწილი ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს და ცვლილებას რაც თუ დადებითად განიხილავს.

"ცუდია ის, რომ გართულდება და მართვის მოწმობის აღება გამიჭირდება. პირადად ჩემთვის ალბათ სახარბიელო არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, ბევრია ისეთი, ვისაც აღებული აქვს "პრავა" და ტარება საერთოდ არ იცის.

თუკი ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, გამოცდა ყველას თავიდან უნდა ჩააბარებინონ. აბა, ჩვენ რა დავაშავეთ, მარტო რამდენიმე მძღოლი საერთო სურათს ხომ ვერ შეცვლის?

პრობლემის გამოსასწორებლად მასშტაბურობაა საჭირო. ალბათ ქალაქის ქუჩებში, პრაქტიკული გამოცდის დამატების შემდეგ მათთვის მოწმობას ბევრი ვეღარც აიღებს. შესაძლოა, ჩაბარება მეც გამიჭირდეს", - ამბობს თბილისელი მანანა კობიაშვილი.

ბევრს სურს, მართვის მოწმობის აღება გართულებამდე მოასწროს. ასე ფიქრობს ლაშა ქავთარაძეც. იგი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე ქალაქში მოძრაობის დამატება მისთვის "პრავის" აღების შანსს შეამცირებს. შესაბამისად, ლაშა ჯერ გამოცდის ჩატარებას და შემდეგ კი საკუთარი ავტომობილით ტარების სწავლას შეუდგება. როგორც აღმოჩნდა 100-დან 75 სწორედ ასე მოიქცევა.

ხალხში ასეთი რეაქციის მიუხედავად, ავტოსკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა ახლო მომავალში მათი წარმომადგენლები მსურველთა მატებას 10-15%-ის ფარგლებში მაინც პროგნოზირებენ. მიზეზი პრაქტიული გამოცდის ჩაბარების დროს ქუჩაში ტარების დამატება გახლავთ. ისინი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავენ, რომ ბევრს გაუჩნდება სურვილი, ამ ცვლილებამდე "პრავის" აღება მოასწროს.

ავტოსკოლებში გამოცდის გართულებასთან და მოსწავლეების მატებასთან ერთად, პრაქტიკული სწვალების ღირებულების გაზრდაზეც საუბრობენ. მათი თქმით, დაიხარჯება მეტი საწვავი, დრო და ეს ყველაფერი კი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

"რეზონანსმა" ზოგიერთი ავტოსკოლის დირექტორისგან ამ საკითხზე განსხვავებული პასუხი მიიღო. როგორც მათთან საუბრისას გაირკვა, ნაწილი პრაქტიკული გაკვეთილის ღირებულების შენარჩუნებას აპირებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა შეიძლება გააძვირონ სწავლება, ჩვენ მაინც ძველ ფასს შევინარჩუნებთ. მართალია, მოხდება სასწავლო დროის გაზრდა, საათების დამატება, თუმცა ეს ჩვენ შემთხვევაში ფასზე მაინც არ იმოქმედებს," - ამბობს ავტოსკოლა "გზაჯვარედინის" დირექტორი კამო გახოკიძე.

იგი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ის პროგრამა, რაც დღემდე არსებობს, არაეფექტურია, რადგან ძალიან ბევრმა, ვინც მართვის მოწმობა აიღო, ტარება არ იცის.

"მაგალითად, რუსთავში გამოცდის ჩაბარების შემდეგ ბევრს ავტომობილი რომ მისცე, თბილისში ვერც ჩამოიყვანს, რადგან პირველი და უკანა სიჩქარის მეტი არაფერი უსწავლია", - განმარტავს "გზაჯვარედინის" წარმომადგენელი. მისი აზრით, არსებული ცვლილება ვითარებას გამოასწორებს და მოძრაობა ქალაქის ქუჩებში ათჯერ მეტად გაუმჯობესდება.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია