რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?

რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?

პატიმრებს შორის დაპირისპირების გამო გეგუთის ციხეში 25 წლის ბათუმელი გიგა ფარტენაძე გარდაიცვალა. მას მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება. ოფიციალურად დაპირისპირების მოტივი არ სახელდება. უფლებადამცველები კი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ დაპირისპირების მიზეზი თამაშში წაგებული "თავანის" ჩაუბარებლობა გახდა. ამ ინფორმაციას გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე კატეგორიულად გამორიცხავს.

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, პატიმრების ერთი ჯგუფი სხვა პატიმრებს ციხის ადმინისტრაციის მითითებით უსწორდება-ხოლმე. სანაცვლოდ კი გამორჩეულ საკვებს იღებენ. მისი თქმით, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაღუპვის დეტალებზე არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. გარდაცვალების ფაქტი ოჯახისთვის ციხის ადმინისტრაციას არც კი უცნობებია.

"პატიმრებმა შეგვატყობინეს, რომ გიგა გარდაიცვალა, პროზექტურაშია და შეგიძლიათ წაიყვანოთო. ახლა არიან მის ჩამოსაყვანად წასულები და მალე ჩამოასვენებენ. ჩვენი ინფორმაციით, რაღაც საგანი ჩაარტყეს და ამით გარდაიცვალა.

"გარდაცვალების მოტივი ჩვენთვის უცნობია. გუშინ ამანათი გავუგზავნეთ და მთელი ციხის სახელით მადლობა შემოგვითვალა. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. 5 წელია, რაც სასჯელს იხდის და აქამდე კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია.

"რაც მოხდა, ამაში სასჯელაღსრულების სამინისტროს და ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. დაველოდებით ექსპერტიზის პასუხს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რას მოვიმოქმედებთ. თუმცა შედეგის დიდი იმედი არ მაქვს, როგორც სჩვევიათ, რამეს დაწერენ დასკვნაში და პასუხისმგებლობას თავს აარიდებენ", - ამბობს გარდაცვლილის ძმა, რომელიც დაპირისპირების მოტივად "თავანის" ჩაუბარებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ბანქოსაც კი არ თამაშობდა, მსგავსი რამე გამორიცხულია. გაგზავნილი ამანათების გამო ციხიდან მადლობას გვიხდიდნენ, "თავანზეც" რომ ყოფილიყო საქმე, მას სხვა პატიმრები აუცილებლად დაეხმარებოდნენ და საქმე გარდაცვალებამდე არ მივიდოდა", - უთხრა "რეზონანსს" კობა ფარტენაძემ, რომელიც ამბობს, რომ მის ძმას თავის დროზე პატიმრობა ხულიგნობის ნაცვლად ყაჩაღობის მუხლით შეუფარდეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"კონფლიქტი თურქ მეზობელთან მოუვიდა და ამის გამო დააპატიმრეს", - გვითხრა ფარტენაძემ.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ცნობებით, პატიმრის გარდაცვალება გაუსტუმრებელ "თავანს" უკავშირდება.

"კონფიდენციალური წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ პატიმრის გარდაცვალება ე.წ. თავანს უკავშირდება. პატიმრები თამაშობენ ციხეში. ამ პატიმარმა წააგო თანხა, გაუსტუმრებელი "თავანის" გამო მოხდა ჩხუბი და ცემით მოკლეს. მოვუწოდებ პროკურატურას, რომ საქმე მკაცრ კონტროლზე აიყვანოს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი გახსნა, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, თამაშებისა და "თავნების" თემამ უამრავი სახე მიიღოს და დაბრუნდეს ის სისტემა, რაც წლების წინ გვქონდა. ეს გამოიწვევს იმას, რომ ის პატიმრები რომლებიც მოძალადეების პირისპირ აღმოჩნდებიან, თავს ვერ დაიცავენ".

ლორთქიფანიძე ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს და ამბობს, რომ ციხის კონტროლი მათი უფლებამოსილებაა და მსგავის ფაქტები უნდა აღეკვეთათ.

"სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული სამსახურის უფლებამოსილება ნორმატიული აქტებით არის რეგლამენტირებული. მათ ვალდებულება აკისრიათ, რომ ასეთი კონფლიქტური სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღონ და მოახდინონ პრევენცია შემდგომი ესკალაციის მოხსნის მიზნით.

"ზოგადად სისტემას ახასიათებს ისეთი მანკიერი მოვლენები, რომელიც სწორედაც დაკავშირებულია კრიმინალური სამყაროს დადგენილ წესებთან. თამაშები ასეთი მანკიერი ქმედებების ავანგარდში ყოველთვის იყო. ფულის წაგება ხშირად მთავრდებოდა სხეულის დაზიანებით ან გარდაცვალებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გეგუთის მე-14 დაწესებულების ხელმძღვანელობას და არა მხოლოდ მათ. მიმაჩნია, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება სისტემაში არსებულ მანკიერებასთან დაკავშირებით. რეალური შეფასება უნდა გააკეთოს და არა ისე, თითქოს ეს არის ერთეული შემთხვევა. გეგუთმა დაგვანახა, რომ ასეთი ფაქტები სხვა დაწესებულებებშიც იქნება", - უთხრა "რეზონანსს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებული მადონა ბასილაძე, რომელიც პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხეში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მსჯავრდებულს ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.

"სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მას დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება. 03.25 წუთზე უკვე სიკვდილია დაფიქსირებული.

"დაპირისპირების მოტივი ჩვენთვის უცნობია, საგამოძიებო მოქმედების გამო ის პატიმრები, რომლებთანაც გარდაცვლილ მსჯავრდებულს დაპირისპირება მოუვიდა, დაწესებულებიდან გაყვანილი ჰყავდათ, ამიტომ მათთან გასაუბრება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. თუმცა ამ საქმეს სიღრმისეულად შევისწავლით", - უთხრა "რეზონანსს" ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ყველა დამნაშავის ვინაობა უნდა დადგინდეს და დაისაჯოს. "იქ ერთი და ორი ადამიანი არ იქნებოდა. მომხდარ ფაქტში პატიმრების გარდა პასუხისმგებელი ადმინისტრაციაცაა, მისი წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებოდათ, რომ მსგავსი ფაქტები აღეკვეთათ", - აცხადებს ნიკოლეიშვილი "რეზონანსთან".

"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ციხის გარჩევები ადმინისტრაციის მითითებით ხდება.

"პატიმრები ადმინისტრაციისგან არიან მართულები და დაპირისპირება ასე ხდება. ეს არ ხდება მხოლოდ გეგუთის ციხეში, ზოგადი ტენდენციაა და ასე ხდება სხვა დაწესებულებებში. პატიმრის ცემის სანაცვლოდ მსჯავრდებულები მიიღებენ ხაჭაპურს ან რამე განსხვავებულ საკვებს.

"ის ინფორმაციაც ტყუილია, თითქოს ციხეებში კარგი კვებაა. ხელისუფლების შეცვლის პირველ ეტაპზე რამდენიმე თვით გამოსწორდა, მაგრამ ახლა ისევ ცუდი კვებაა. თავიდან ყველაფერი ხელის ერთი-ორი შემორტყმით დაიწყო, ახლა უკვე გარდაცვალების ფაქტიც მივიღეთ. სიტუაცია შესაცვლელია, თორემ უმძიეს შედეგს მივიღებთ", - განუცხადა კაკაბაძემ "რეზონანსს".

სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, სამინისტრო მხოლოდ განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა, დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა მათ არ ისურვეს. განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე გეგუთის #მე-14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდგე გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც".

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ