რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე

რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე

ლევან მდინარაძე, მეტსახელად "დიჯეი რემბო" გიორგი ონიანს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ონიანი გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს. აი, რას ყვება ლევან მდინარაძე:

- "2011 წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" მაისურები უნდა დამერიგებინა, 17 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, სადარბაზოდან გამოვდიოდი, უცებ მომვარდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი, ხელები გადამიგრიხეს და ავტომანქანაში ძალით ჩამსვეს, არ ვიცოდი რისთვის დამაკავეს, მანქანის წინა სავარძელზე გოგა (გიორგი) ონიანი იჯდა. ჩემი დაკავების ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა ონიანი, რომელიც დღეს სამართალდამცავობას იბრალებს.

- რა გითხრეს, რისთვის გაკავებთო?

- მანქანაში ჩასმისას განმიმარტეს, რომ სახელმწიფოს ღალატი მედებოდა ბრალად, რადგან ორგანიზებას ვუწევდი და ვარიგებდი "ქართული ოცნების" მაისურებს. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოსთან მიმიყვანეს. ონიანმა სამართალდამცველებს მიუთითა, რომ შენობის უკანა მხრიდან შევეყვანე, რადგან ხმაური არ ატეხილიყო და თვალში არავის მოვხვედროდი. დასაკითხ ოთახში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. ონიანმა დამიწყო დაკითხვა, ძირითადად ბრალდება მომდიოდა, რომ მე სახელმწიფოს მოღალატე ვიყავი, მითხრა, რომ ვინც მაისურებს ბეჭდავდა და არიგებდა, ყველას დაგვიჭერდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ შათირიშვილი დაიჭირეს. მჯერა, რომ შათირიშვილი მართალი იყო და ის უკანონოდ დააკავეს. შემდეგ მითხრეს რომ ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის დამაკავეს, რაზეც ვთქვი, რომ მომხმარებელი არ ვიყავი. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მომხმარებელი მართლა არ ვარ, ამაზე ონიანი გაბრაზდა და თქვა, რომ 7 წელს მომისჯიდა. მან ჩემგან ვერც ერთ ბრალდებაზე თანხმობა ვერ მიიღო, რასაც კვლავ მოჰყვა შეურაცხყოფა.

- ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეს?

- დიახ, სახეში რამდენჯერმე გამარტყეს. შემდეგ ჩამიყვანეს გამომძიებელთან, სადაც უნდა გავეჩხრიკე, ამოვალაგე ჩემი ხელით, რაც ჯიბეში მედო, ესენია ფული და საღეჭი რეზინი, მობილური ტელეფონი მანამდე წამართვეს. საფულე არ მქონდა, რადგან არ ვატარებ. შემდეგ ჩვენების ოქმზე ხელის მოწერას მთხოვდნენ, სადაც წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეწერა თითქოს, რაღაც თეთრი ქაღალდი აღმომაჩნდა ჩხრეკისას, რაზეც უარი ვუთხარი. მიმტკიცებდნენ, რომ ეს აღიარებას არ ნიშნავდა, იძულებული გამხადეს ოქმზე ხელი მომეწერა, თუმცა ვთქვი, რომ რაც არ ჩამიდენია, იმას არ ვაღიარებდი. ამის მერე უკვე "კაპეზეზე" გადამიყვანეს, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოთი გამათავისუფლეს. ამ ხელისუფლების პირობებში ამნისტია შემეხო და გადახდილი თანხა უკან დამიბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი განცხადებით პროკურატურა დაინტერესდება, რის შემდეგაც მე ონიანის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ, რადგან ვთვლი, რომ მანტიას ამოფარებული დამნაშავე გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს".

ასევე დაგაინტერესებთ: ადვოკატ გოგა ონიანს ბრალი დაუმძიმდა

შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანის დაკავების სანქცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გასცა. 2011 წელს, ონიანი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და ჩართული იყო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა. მისი სამიზნე შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი, დავით შათირიშვილი იყო. "დაო-პრინტი" "ქართულ ოცნებას" პარტიის ლოგოიან და ბერა ივანიშვილის გამოსახულებიან მაისურებს უმზადებდა და კანონიერ შეკვეთას ასრულებდა, თუმცა "ნაცრეჟიმს" პოლიტიკური დევნა ჰქონდა გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილის მომხრეებზე და "ქართულ ოცნებაზე", მთავარი იყო ოპონენტი გაენადგურებინათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ბრალს შეტენიდნენ მათ. ონიანმა შათირიშვილი დიდი ოდენობის ნარკოტიკის – მარიხუანის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც შათირიშვილი ამბობს, ნარკოტიკი ჩაუდეს. ონიანი შათირიშვილს დაემუქრა, "დანაშაულს" თუ არ აღიარებ, შენს ცოლს დავიჭერო. შათირიშვილმა ზეწოლის გამო "დანაშაული აღიარა". ამ ბინძური დავალების შესრულებისთვის ონიანს პრემია გადაუხადეს. სწორედ, გიორგი შათირიშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს გოგა ონიანი. მას ბრალი 4 მუხლით წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში ონიანი არ დატოვა და 20 000 ლარი გირაო შეუფარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ონიანის წინააღმდეგ მომჩივანთა რიცხვი იზრდება, პროკურატურაში ახალი სარჩელი შედის, ლევან მდინარაძე - "დიჯეი რემბო" გაჩერებას არ აპირებს, ჯერი პროკურატურაზეა, დაუმტკიცებს თუ არა ონიანს დანაშაულს, რომელიც მოსიარულე "პალაჩია".

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ