ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დილემა - "ჩვენს ბინაში ერთ-ერთი შეჭრილი ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეა"

ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დილემა - "ჩვენს ბინაში ერთ-ერთი შეჭრილი ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეა"

საქართველოში საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახია, რომელთაც თავშესაფარიც კი არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი უმწეო ოჯახებისთვის დიდი დიღმის დასახლებაში ორი სამსართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული 24 ოჯახი უნდა შესახლებულიყო. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ის ოჯახები, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდნენ, ბინებში თვითნებურად შეიჭრნენ. შედეგად კი სიაში მყოფი 24 ოჯახიდან, შვიდი კვლავ უსახლკაროდ რჩება.

სამგორში, წმინდა პეტრეს სახელობის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდი წლის თეკლესა და რვა წლის თომას ვესტუმრე - მათ მონაზონი, დედა ფოტინე უვლის. ადგილზე მისულს შემზარავი სურათი დამხვდა. პატარები მინდორზე, ვაგონში ცხოვრობენ, რომელზეც ფიცრებით პატარა საკუჭნაოც მიუდგამთ. ვაგონში ორი საწოლი, მაგიდა და შეშის პატარა ღუმელი დგას. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, თეკლას ღიმილი არ სცილდება სახიდან და ჩემთვის გაღიმებული მოარბენინებს წყალს. დედა ფოტინე მიყვება, რომ ეს ზამთარი ძლივს გადაიტანს.

"ამ ვაგონში მარტოხელა დედა, თეა თათრიშვილი ცხოვრობს, მას 5 შვილი ჰყავს. აქ ფიზიკურად ვერ ეტევიან და დანარჩენი შვილები ოზურგეთში წაიყვანა ნათესავებთან. მე შეძლებისდაგვარად ვეხმარები - ძირითადად თეკლას და თომას ვუვლი, ღამე მათთან ვრჩები კიდეც ამ ვაგონში. არ ვიცი, ეს ზამთარი როგორ გადავიტანეთ, კეთილი ადამიანები რომ არა, ალბათ, გავიყინებოდით. ეს ოჯახი ბინის მიღებას მოუთმენლად ელოდა, უხაროდათ, რომ ერთად იცხოვრებდნენ, ბავშვებმა ნახეს კიდეც ეს ბინა და ძალიან ბედნიერები იყვნენ. დედამ საბუთებიც კი გადაიტანა დიდი დიღმის სკოლაში და უცებ გაიგეს, რომ იქ ვეღარ იცხოვრებენ. ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. არ ვიცი, ბავშვებმა ამ ნაგავსაყრელთან დადგმულ ვაგონში რამდენ ხანს უნდა იცხოვრონ? თეკლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. იმედია მოგვხედავს ვინმე", - ამბობს დედა ფოტინე დანარჩენი ექვსი ოჯახიც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია - არიან დევნილები, დედით და მამით ობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

"მერიის, შვეიცარიის საელჩოს, სახალხო დამცველის ოფისის, თბილისის საკრებულოს წევრებისაგან შემდგარმა კომისიამ დააკმაყოფილა ჩვენი განაცხადი, გავიარეთ კომისია, დავაკმაყოფილეთ ყველა კრიტერიუმი და მოვხვდით იმ 24-კაციან სიაში. დიდ დიღომში უნდა მიგვეღო ბინები, როგორც დროებითი საცხოვრებელი, მაგრამ იმის გამო, რომ იანვრის თვეში იქ შეიჭრნენ სხვა ადამიანები, ჩვენ ვერ ვახერხებთ იქ ცხოვრებას. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, სასამართლოშიც გვაქვს სარჩელი შეტანილი, მაგრამ სასამართლო აჭიანურებს საქმის განხილვას. გამომდინარე აქედან, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ამ ადამიანებს მფარველობენ. ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს ის, რომ ერთ-ერთი შეჭრილი არის დათა ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმე და მისი განაწყენება არ სურთ. აბა რა უნდა ვიფიქრო, როცა თითქმის ერთი წელი გავიდა და არც ერთ განცხადებაზე პასუხი არ გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მამაჩემი უსინათლოა, უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ვართ", - ამბობს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი კახა ჯანჯღავა

სიტუაციაში გასარკვევად დიდ დიღომში წავედი.

"რა შუაშია ის, რომ ჩემი შვილი არის დათა ახალაიას საქმეზე მოწმე? რა არ უნდა ეთქვა სასამართლოში, როგორ გაგვაუბედურეს ამ ჯალათებმა? დიახაც, ბოლომდე მიჰყვება კახა ამ საქმეს და ბოლომდე იტყვის ყველაფერს. კახა დაბრუნდაშვილი არის ინვალიდობის მქონე, სოციალურად დაუცველი და მისი მოწმეობა არაფერ შუაშია. მერია ჩვენ გვეუბნებოდა, რომ აქ უნდა შევესახლებინეთ, მერე გავიგეთ, რომ ჩუმად აპირებდნენ სხვების შესახლებას და სწორედ ამიტომ შემოვიჭერით. აქ დალხენილი ოჯახები არ შემოსულან, უსახლკაროები ვიყავით, ინვალიდი შვილებით. თქვენ არ იცით, ჩვენ აქ რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. 8 თვე არც შუქი გვქონდა და არც წყალი, ყველაფერი გამოგვირთეს და ამ ცივ მეტლახზე ეძინათ ინვალიდ ბავშვებს. არ დამთავრდა "ნაციონალების" დრო, არ დაასრულეს ამ გაჭირვებული ხალხის წამება",- აცხადებს ლეილა ხაჩიძე.

"ჩემი შვილი სავარძელს არის მიჯაჭვული და გვიჩივიან რომ გაგვასახლონ. მერიას ურჩევნია ის ოჯახები ახალი ფართებით დააკმაყოფილოს და ამ ისედაც განადგურებულ ხალხს ნუ გვაპირისპირებს ერთმანეთთან, "- ამბობს ნანა პაპოშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, რატომ ჭიანურდება საქმის განხილვა. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ კი უსახლკაროდ დარჩენილთა მიმართვას წერილით უპასუხა: "გაცნობებთ, რომ სოციალურ საცხოვრისში შეჭრილია მოქალაქეები, რის გამოც ვერ ხერხდება იმ ბენეფიციართა დაკმაყოფილება, რომელთაც მიენიჭათ საცხოვრისით სარგებლობის უფლება. უშუალოდ გამოსახლების პროცედურა აღემატება თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კომპეტენციას. შესაბამისად, ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ შსს რაიონულ განყოფილებას დახმარებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით გამოსახლების პროცესი არ განხორციელებულა. ამდენად, ჩვენ ველოდებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას პოლიციის მხრიდან, რათა მოხდეს ბენეფიციართა შესახლება."

მაკა ქობალია

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია