ავჭალაში, ჩიქვანაიას ქუჩაზე მოკლულის მეზობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ

ავჭალაში, ჩიქვანაიას ქუჩაზე მოკლულის მეზობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ

ავჭალაში, ჩიქვანაიას ქუჩაზე მოკლული ლიანა ბარათაშვილის ცხედარი საკუთარ ბინაში მიასვენეს. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ყაჩაღობას ასახელებენ, თუმცა მათთვის უცნობია მკვლელობაში ბრალდებულმა მოახერხა თუ არა რაიმე თანხის ან ნივთების წაღება.

როგორც ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, ლიანა ბარათაშვილი ვაჭრობდა და შესაძლოა სახლში გარკვეული ოდენობის ფული ჰქონდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მეზობელმა ციცინო მარდალეიშვილმა განუცხადა, მკვლელობის შემდეგ სახლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ნივთები არეული იყო. მეზობლების ინფორმაციით, ბარათაშვილი მეზობელმა, არსენ ლებანიძემ მოკლა.

"ძალიან კარგი ოჯახი იყო. ლიანა თავის ბიჭთან ერთად ცხოვრობდა. წვრილმანი რაღაცეებით ვაჭრობდა და მთელ სამეზობლოს ეხმარებოდა. მთელი ქუჩა იცნობდა. როდესაც მკვლელობა მოხდა, მაშინვე მივხვდით, რომ ეს შინაურის გაკეთებული იყო, რადგან ის უცხო ადამიანს კარებს არასდროს არ უღებდა. ზუსტად არ ვიცით რა ხდებოდა, თუმცა როგორც ამბობენ, ეს ყაჩაღობა იყო. მკვლელობა, როგორც ვიცით, ლებანიძემ მთვრალმა ჩაიდინა", - განაცხადა მარდალეიშვილმა.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის ამბავი ბარათაშვილის ვაჟის სახლში დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი.

"სამსახურიდან დაბრუნდა და სახლში ასვლამდე ჩემთან იყიდა მწვანილი. როდესაც სახლში ავიდა, ნახა რომ დედამისი მოკლული იყო", - აღნიშნა ბარათაშვილის მეზობელმა.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ არსენ ლებანიძეს, როგორც მეზობლები აცხადებენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის დადებითად ხასიათდებოდა.

"ბოლო პერიოდში ის კეთილგანწყობით გამოირჩეოდა ყველა მეზობლის მიმართ, თუმცა საბოლოო ჯამში, ნახეთ რაც მოხდა, ამიტომ არ შეიძლება ყველა ადამიანის ციხიდან გამოშვება", - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული, ჩიქვანაიას ქუჩაზე, ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ. ლიანა ბარათაშვილი მე-12 სართულზე ცხოვრობდა, არსენ ლებანიძე კი მე-13 სართულზე, დედასთან ერთად. ლიანა ბარათაშვილს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, მას ორი შვილი დარჩა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ