სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს , თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა რამდენიმე ობიექტიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. მოსკოვის გამზირზე - ი/მ "თამაზ ტოკლიკიშვილის", მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე - ი/მ "გიზო აბდუშელიშვილისა" და ი/მ "მამუკა ლაგვილავას" ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია 90 კგ-მდე ხორცი, რომლის არც ერთ ნაჭერს არ ჰქონდა დამღა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ფორმა N2. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ინდმეწარმეები 1000 ლარით დაჯარიმდნენ.