აპრილიდან ავტოიმპორტიორებს პრობლემა არ ასცდებათ

აპრილიდან ავტოიმპორტიორებს პრობლემა არ ასცდებათ

1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტი - "ევრო-4" სწორედ იმ პერიოდიდან ამოქმედდება.

აზერბაიჯანის "ევრო 4"-ის სტანდარტზე გადასვლა ქართველ ავტოიმპორტიორებს ახალი თავსატეხს გაუჩენს, თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ შემთხვევაში აკრძალვა 2011 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებსაც ეხება, რეექსპორტი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში ვეღარ მოხვდება ამერიკაში 2004 წლამდე და ევროკავშირის ქვეყნებში 2005 წლამდე წარმოებული ავტომანქანები. თურქეთის შემთხვევაში, ეს აკრძალვა 2009 წლამდე გამოშვებულ მანქანებზე გავრცელდება, იაპონიასა და ჩინეთში - 2011 წლამდე წარმოებულებზე.

აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის კომიტეტში ირწმუნებიან, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია. მათი თქმით, მეორადი მანქანების უტილიზაციაც ეტაპობრივად მოხდება. ძველი მანქანის მფლობელები არ მიიღებენ კომპენსაციას, სამაგიეროდ, შეეძლებათ უპრობლემოდ გამოიყენონ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბოლოო გაცვეთამდე.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ ქვეყნის ეკოლოგიურ სტანდარტ "ევრო-4"-ზე გადასვლის შესახებ ბრძანებას ხელი ორიოდე თვის წინ მოაწერა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ შემცირდეს ატმოსფეროში ავტომობილების მიერ მავნე გამონაბოლქვი და გამოსწორდეს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა, იმპორტირებულ და აზერბაიჯანში წარმოებულ ავტომობილებზე ეკოლოგიური სტანდარტი გავრცელდება.

ევროპის თანამეგობრობამ 1990 წლის დასაწყისში შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურების ხარისხის მაქსიმუმს. ეს მიდგომა სულ უფრო და უფრო მკაცრდებოდა. მაგალითად, ევრო-1 შეესაბამება 1993 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს, ევრო-2 - 1996 წლამდე წარმოებულს, ევრო-3 – 2000 წლამდე გამოშვებულს, ევრო-4 - 2005 წლამდე წარმოებულს.

ევროსტანდარტების შემუშავების დროს ყურადღება გამახვილდება რამდენიმე ფაქტორზე, რათა მუდმივად გაეუმჯობესებინათ ჰაერის ხარისხი. ესენი იყო: ნახშირბადის მონოქსიდის და ასევე სხვადასხვა აზოტის ოქსიდების დონის შემცირება. ევროსტანდარტები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომობილთა მწარმოებლების მიერ.

ავტომობილების ქართული ბაზარი ასეთი სტანდარტისგან შორსაა, მაგრამ მეზობელი ქვეყნის მიერ დაწესებულმა შეზღუდვამ, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას იმ ადამიანებს, რომლებიც აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს ახდენენ. იქ მათ მოძველებული ავტომობილების შეყვანა აღარ შეეძლებათ. რეექსპორტისთვის გათვალისწინებული მანქანები 2005 წლიდან უნდა იყოს გამოშვებული ან უფრო ახალი. 8 წელზე ძველი ავტომობილი მეზობელ ქვეყანაში ვეღარ მოხვდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების ექსპორტის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარია. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, საიდანაც ნახევარზე მეტი - დაახლოებით 380 მლნ დოლარი - აზერბაიჯანში ექსპორტზე მოდიოდა.

რაც შეეხება 2014 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, იანვარში აზერბაიჯანში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობაც და შესაბამისად, ფულადი მოცულობაც შემცირდა. სტატისტიკის ევრონული სამსახურის ინფორმაციით, 581 ერთეულით, ანუ 6,5 მილიონი დოლარით (24%-ით) იკლო მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტირებულ ავტომანქანათა ღირებულებამ და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 2013 წლის იანვარში ექსპორტირებული იყო 26,86 მლნ დოლარის ღირებულების 2,96 ათასი ავტმობილი, წელს კი მეზობელ ქვეყანაში სულ 2,38 ათასი მანქანის გაყვანა მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანაში სულ 100 000 ავტომანქანა შევიდა, საიდანაც 80% მეორადი ავტომობილები იყო.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ავტომობილებზე ევროპული სტანდარტის დაწესება წმინდა ეკოლოგიურ საკითხებს უკავშირდება და ავტომობილების გაძვირებას არ გამოიწვევს. თუმცა გარკვეული პრობლემა შეიძლება შეექმნათ იმ მეწარმეებს, რომლებიც აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტს ახორციელებენ. აპრილიდან მათ მხოლოდ ახალი ავტომობილები უნდა ჩამოიყვანონ და შესაბამისად, ბზნესისთვის საჭირო საბრუნავი თანხაც გაიზრდება, რადგან ახალი ავტომობილები უფრო ძვირი ღირს.

"როცა შეზღუდვა წესდება, ის მანქანის წლოვანებაზე ადეკვატურად აისახება. ამ სტანდარტის გარეშე აზერბაიჯანში ავტომანქანის შეყვანა შეუძლებელი გახდება, რაც ნამდვილად არ არის ცუდი ავტომობილების ბაზრისთვის. ეკოლოგიისთვის კი უდავოდ დადებითი მომენტი იქნება.

მეწარმეებიც იძულებული გახდებიან, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაზე გადაერთონ. ისინი გააგზავნიან მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც იქაურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში დავით მესხიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვის შემოღება ქართველ მეწარმეებს პრობლემას არ შეუქმნის, რასაც აზერბაიჯანელ მყიდველზე ვერ ვიტყვით. შესაძლოა, შემცირდეს ახალი სტანდარტის შესაბამისი ავტომანქანების გაყიდვის რაოდენობა და არა ფულადი მოცულობა.

"ქართველი მეწარმეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტითა და რეექსპორტით არიან დაკავებული, ახალ მოთხოვნაზე გადაერთვებიან. ბუნებრივია, რეექსპორტის მიზნით შეიძენენ ისეთ ავტომობილს, როგორზეც არის მოთხოვნა. ამით ავტომობილების ფულადი გამოსახულება არ შეიცვლება, მაგრამ მათ რაოდენობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს.

ეს არის აზერბაიჯანელი მყიდველის პრობლემა და არა მიმწოდებლის. მაგალითად, თუ ადრე იყიდებოდა 100 ავტომობილი, ახლა გაიყიდება 50 ავტომობილი, მაგრამ უფრო ძვირად, ანუ შეიცვლება გასაყიდი ავტომობილების კლასი", - აცხადებს მესხიშვილი.

რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, მესხიშვილის თქმით, წლების განმავლობაში პირველ ადგილზე იდგა ყაზახეთი, თუმცა ორიოდე წლის წინ ყაზახეთმა, ბელორუსმა და რუსეთმა ერთობლივი კავშირი შექმნეს, რა დროსაც იქ ახალი "რუსული რეგულაცია" ამოქმედდა, დაბეგვრის სისტემაც შეიცვალა. შესაბამისად, მას შემდეგ საქართველოდან იქ ავტომობილების ექსპორტი, პრაქტიკულად, აღარ ხდება.

"მეორე ადგილზე იყო აზერბაიჯანი და შემდეგ სომხეთი. სომხეთი, როგორც ვიცი, აპირებს ამ კავშირში შესვლას. თუ ის შევიდა საბაჟო კავშირში, იქაც, ყაზახეთის ანალოგიურად, დაწესდება ახალი საერთო რეგულაცია და სომხეთის მოქალაქეებს აქ ავტომობილების ყიდვა გაუჭირდებათ. ეს ცუდად აისახება ქართველ ავტოდილერებზე. და ბოლოს, თუკი აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, შევიდეს რუსეთთან რაღაც ახალ საერთო სავაჭრო კავშირში, რაც არა მგონია, რომ მოხდეს, მაშინ ეს ჩვენი ავტოდილერებისთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება", - განაცხადა მესხიშვილმა.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ექსპერტის თქმით, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანას დაწესებული არ აქვს.

"ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, თითქოს აზერბაიჯნაში ვერ შევა 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანა, საბოლოო არაა და შეიცვლება. ასეთ აკრძალვას არც ერთი ქვეყანა არ აწესებს, რადგან ყველგან მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც სურს, რომ ჰყავდეს რეტრო ავტომობილი. ამ შემთხვევაში მათ უწესდება მაღალი გადასახადი. მაგალითად, თუ ახალ მანქანაში იხდის 5 დოლარს, ასაკიანში იხდიან 20, 30 და 50 დოლარსაც კი", - დასძინა დავით მესხიშვილმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია