19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა

19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა

"ბი-ბი-სის" საიტზე, დიდი ბრიტანეთის ახალ ამბებში, ასეთი სათაური გაჩნდა: "ბრაიტონში დაჭრეს კაცი, რომელმაც უცნობი ქალი თავდამსხმელისგან იხსნა". ჩვენ გავარკვიეთ, რომ კაცი, რომელმაც უცნობი ქალისათვის თავი გაწირა, თბილისელი 19 წლის ლუკა ძაგანიაა. ის სამხრეთ ინგლისის ქალაქ ბრაიტონში, "ბრაიტონ კოლეჯის" ბოლო კურსის მოსწავლე გახლავთ. 

- ლუკა, რამდენი ხანია, რაც ინგლისში ცხოვრობ?

- უკვე მეორე წელიწადია, ამ კოლეჯში ვსწავლობ. წელს კი სტუდენტი გავხდები, - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური ადმინისტრაციის კურსზე უკვე ჩარიცხული ვარ, მაგრამ ვიდრე სწავლას უნივერსიტეტში შევუდგები, კოლეჯი უნდა დავამთავრო.

- რას გეგმავ, სწავლის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში აპირებ ჩაბმას?

- პოლიტიკა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ-ადმინისტრაციული, ჩემთვის ზოგადი ინტერესის სფეროა. თუ ჩემს გრძელვადიან გეგმაზე ვისაუბრებთ, საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ, მაგრამ მანამდე აქ არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიმუშავებ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობდი.

- ახალი ამბების ქრონიკაში, შენზე, როგორც გმირზე, მასალა გაჩნდა...

- რაღაც დეტალები არასწორად ეწერა. სინამდვილეში, მსხვერპლი ვიყავი, რადგან იმ ქალმა, რომლის გადასარჩენადაც გავისარჯე, თურმე მახე დამიგო... აქ ასეთი სისტემაა - სკოლის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ვსწავლობთ კიდეც, უქმე დღეებში ქალაქში გასვლას კი არავინ გვიშლის. იმ კვირა საღამოს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, გადავწყვიტე ქალაქის გარშემო, სანაპიროზე მერბინა. დაახლოებით საათ-ნახევარი ვირბინე და უკვე სკოლაში დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც გოგონას ყვირილი გავიგონე. ის დახმარებას ითხოვდა. გავიქეცი და დავინახე ბიჭი, რომელიც ქალს მოფარებული ადგილისკენ მიათრევდა. ბუნებრივია, მათკენ წავედი, მაგრამ როცა მივუახლოვდი, შევნიშნე, რომ არანაირი ძალადობის ნიშნები არ იყო. მაინც ვერ შევაქციე ზურგი ამ უცნაურ წყვილს. მათთან ახლოს მივედი და მშვიდად ვკითხე: რაღაც ხმები გავიგონე და ხომ მშვიდობაა-მეთქი? პასუხად ბიჭმა დანა ამოიღო და ცინიკურად მითხრა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, ოღონდ ამ გოგოსთვის ახლა ცოტა ფული მჭირდება და მომეციო. მაშინვე მივხვდი, რომ მახეში გავები.

- გამოდის, რომ ინგლისელ ჟურნალისტებს ფაქტი დაუმახინჯებიათ. რაღაც უფრო რომანტიკული ისტორიაც დაუხატავთ, სინამდვილეში კი დახმარება არავის სჭირდებოდა?

- ასე გამოდის. როცა მივხვდი, რომ წყვილის მახეში გავები, მათ ვუთხარი, - ფული თან არ მაქვს, მაგრამ თანხა თუ ისე ძალიან გჭირდებათ, რომ ყაჩაღობაზეც მიდიხართ, წამომყევით და ცოტა ფულს ჩემი ანგარიშიდან, საკუთარი ნებით მოგცემთ-მეთქი. ჩემს შეთავაზებაზე გაეცინა, - მირჩევნია, ის წავიღო, რაც ახლა გაქვსო.

- რას გულისხმობდა?

- ალბათ ტელეფონს ან საათს, მაგრამ მისთვის საკუთარი ნივთების დათმობის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ჰოდა, ვუპასუხე: არაფერს დაგითმობ. თუ მაგარი ხარ, მოდი და შეეცადე, წამართვა-მეთქი. ძალიან გაბრაზდა, მე საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ალბათ ამიტომაც, დანის ტრიალი დამიწყო სახესთან, მერე გამკაწრა კიდეც. არა მგონია, დანის გამოყენება დაგეგმილი ჰქონოდა და როცა მიხვდა, რომ უნებურად დამჭრა, ძალიან დაიბნა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ხელებზე რამდენიმე ჭრილობა მომაყენა. იძულებული გავხდი, თავი დამეცვა და ხელი დავუჭირე, კედელზე ავაყუდე. თუმცა, დანა ვერაფრით გავაგდებინე ხელიდან.

- ირგვლივ არავინ იყო, რომ დაგხმარებოდა?

- არა, მხოლოდ მისი პარტნიორი იყო, რომელიც ჩხუბში ნამდვილად არ ჩარეულა და მგონი, ხმაც არ ამოუღია... რაკი დანა ვერ წავართვი და საშიშროებაც ვიგრძენი, დანას ხელი გავუშვი და სახეში მაგრად დავარტყი. დაეცა და ცოტა ხანს წამოდგომაც გაუჭირდა. როცა წამოდგა, გოგოს ხელი სტაცა და გაიქცნენ...

- მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი... მას მერე, რაც გაიქცნენ, რა მოიმოქმედე?

- ახლა ამაზე მეცინება, მაგრამ მაინც გეტყვით: მათ ინსტინქტურად გავეკიდე. კიდევ კარგი, გონს დროზე მოვეგე, უფრო სწორად, ტკივილმა მაიძულა, შევჩერებულიყავი. ხელისგულზე რომ დავიხედე, მასზე სისხლიანი გუბე, გადაჭრილი ძარღვები და ძვლები შევნიშნე, ჰოდა ამიტომაც, უკან მივბრუნდი და სკოლისკენ გავიქეცი. იქ კი ჯერ დახმარება აღმომიჩინეს დაცვის თანამშრომლებმა, მერე პოლიციას და სამედიცინო სამსახურს გამოუძახეს. სულ 15 ნაკერი დამადეს და პოლიციამაც იქვე დამკითხა. ძალიან თბილად მექცეოდნენ, მერე ჩემს მშობლებსაც შეატყობინეს ეს ამბავი.

- ქალის გადარჩენას ცდილობდი, სინამდვილეში კი მან მახე დაგიგო. მაინტერესებს, იმავე სიტუაციაში რომ აღმოჩნდე და უცნობ ქალს ისევ დასჭირდეს დახმარება, როგორ მოიქცევი?

- იცით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ქალს გამოვესარჩლე და ვფიქრობ, მომავალშიც არ დავიხევ უკან, თუკი ვინმეს ჩემი დახმარება დასჭირდება... მშობლებს ვენატრები, მაგრამ ჩემგან შორს ყოფნას ეგუებიან იმიტომ, რომ იციან, ასე უკეთესია ჩემი მომავლისთვის. მათგან სრული მხარდაჭერა მაქვს და ზუსტად ვიცი, არასდროს მეტყვიან, - გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება არ სცადოო, მხოლოდ სიფრთხილისკენ მომიწოდებენ.

- კოლეჯში თქვენთან ერთად, სხვა ქართველებიც სწავლობენ?

- არა, ამ კოლეჯში ერთადერთი ქართველი ვარ... სხვათა შორის, ამ შემთხვევის წყალობით პოპულარული გავხდი, უმცროსკლასელები ჩემთან ერთად სურათის გადაღებას ცდილობენ, თანატოლებისგანაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ.

- გამოდის, რომ ბრაიტონ კოლეჯს ქართველი გმირი ჰყავს?

- საკუთარ თავს გმირს ვერ ვუწოდებ...

- ახლა რას აპირებ?

- კოლეჯის რაგბის გუნდში ვთამაშობ. ჰოდა, ხელი რომ მომირჩება, ვარჯიშს გავაგრძელებ, მერე არდადეგებიც დაიწყება და სამშობლოში ჩამოვალ. ყველა საოცრად მომენატრა.

დათო ზვიადაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია