მამამთილის მიერ მოკლული ეკა ტეტოშვილის ოჯახი გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესებს ელოდება. მათ სურთ მიიღონ პასუხი კითხვაზე: რა მოხდა რეალურად მუხრანში?
მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დატრიალებული ტრაგედიიდან 40 დღეზე მეტი გავიდა. შეგახსენებთ, 24 იანვარს, გამთენიისას, 54 წლის გიორგი ოკინაშვილმა სანადირო თოფით საკუთარი მეუღლე და 21 წლის რძალი მოკლა, ხოლო ვაჟი ფეხებში დაჭრა. ამბობენ, ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდაო. საბედნიეროდ, პატარა სიკვდილს გადაურჩა, - სახლში სტუმრად მყოფმა ნათესავმა ბავშვი სამშვიდობოს გაიყვანა. ამ ტრაგედიის დატრიალების შემდეგ, დამნაშავე მიმალვას ცდილობდა. შემთხვევის ადგილი დატოვა კიდეც, მაგრამ ძალოვანებმა დააკავეს.
დღემდე უცნობია, რა ჩვენება მისცა გამოძიებას ბრალდებულმა. გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავ მკვლელობას მამა- შვილს შორის შელაპარაკება უძღვოდა.
მარიამ გაგნიძე, ეკა ტეტოშვილის დეიდაშვილი:
- ვერ ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ბოროტმოქმედმა ასე საშინლად მოგვიკლა სრულიად უდანაშაულო გოგო. მას ზურგში ჰქონდა ტყვიები მოხვედრილი. ეტყობა, გარბოდა, მამამთილისგან თავის დაღწევას ცდილობდა და მაშინ დაახალა მკვლელმა ტყვიები. როგორც გვეუბნებიან, ამ ეტაპზე გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია... გვითხრეს, რომ ბრალდებულმა ჩვენება ორჯერ მისცა, მაგრამ ჩვენების შინაარსი ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება ბრალდებულის შვილს - შაკო ამბობს, რომ მამის საწინააღმდეგოდ მისცა ჩვენება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ყოფილი სიძე მამის სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობდა. ეს სიმართლეა?
- დიახ, ასეა. შაკოს იქ მისვლა არ უნდოდა, მაგრამ ეკას ოჯახმა, როგორც იქნა, დაითანხმა. სასამართლო პროცესზე ის იქნება ერთადერთი მოწმე და იმედი გვაქვს, რომ სიმართლეს იტყვის.
- ეკას პატარა სად იზრდება?
- ბავშვი ეკას ოჯახში იზრდება. ის დედის დაკრძალვამდე მოინათლა და ლუკა დავარქვით. ადრე ბაბუის სახელი ერქვა; იმ ბაბუის, რომელიც ამ უსუსურ არსებასაც კი მოკვლას უპირებდა. უფლის წყალობით, ბავშვი მკვლელის სახელს აღარ ატარებს. მშვიდი, ჯანმრთელი, თბილი და მოსიყვარულე ლუკა ეკას სიცოცხლის ღირსეული გამგრძელებელი იქნება. ჩვილს ნატვრის თვალივით შესცქერის საახლობლო. ბავშვის ცქრიალა თვალებში იგრძნობა ხალისი და უზადო ენერგია, რაც ეკას გვახსენებს. მთელ სანათესავოს იმის იმედი გვაქვს, რომ მკვლელი უმკაცრესად დაისჯება.
- ეკას ყოფილი მეუღლე მარტო ცხოვრობს იმ სახლში, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა?
- შაკოს ახლანდელი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა: თურმე, ხან ერთ ნათესავთან ათევს ღამეს, ხან - მეორესთან. უთქვამს, ყველაფერს გავყიდი და საბერძნეთში წავალო. აცნობიერებს მომხდარს და ხვდება, რომ საქართველოში არ დაედგომება. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იგი არა მარტო დაზარალებული, არამედ დამნაშავეც არის: მშობელი მამა ისე გააბოროტა, რომ სერიულ მკვლელად აქცია. მასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი მამის წონასწორობიდან გამოყვანისთვის. ისიც ცნობილია, რომ მათ ოჯახში სულ ჩხუბი და კამათი იყო. ეკა საშინელ პირობებში აღმოჩნდა, მაგრამ ამას არ ამბობდა, გვიმალავდა. ერთხელ კი ნათესავისთვის უთქვამს: მეშინია, იქიდან რომ წამოვიდე, მომკლავენო. აშკარაა, ოჯახში სერიოზული პრობლემები იყო... მორალური და იურიდიული თვალსაზრისით, ეკას შვილი მკვლელის გვარს არ უნდა ატარებდეს. არავინ ითხოვს ახალი მუხლების, ახალი კანონების დაწერას, მაგრამ... ეს კონკრეტული დანაშაული ინდივიდუალური ხასიათისაა, მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება და შესაბამისად, საკითხი ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. სასურველია გატარდეს სადამსჯელო ღონისძიებები, როგორც მამის, ისე - მისი შვილის წინააღმდეგ.
- შაკო საკუთარ შვილს ნახულობს?
- ეკას გარდაცვალების შემდეგ შაკო ერთხელ იყო დეიდაჩემის ოჯახში ბავშვის სანახავად მისული და უთქვამს: თუ ბავშვს არადამაკმაყოფილებელ პირობებში ვნახავ, მაშინვე წავიყვანო. მოკლედ, მამამ - გიორგი ოკინაშვილმა შვილი მოუკლა ოჯახს, შაკო კი მათ ერთადერთი იმედისა და ნუგეშის - შვილიშვილის წართმევით დაემუქრა. არადა, მას პირველ ცოლთანაც ჰყავს შვილი და როგორც ვიცით, პირველ შვილს, ეკასთან თანაცხოვრების პერიოდში ყურადღებას არ აქცევდა.
- რას იტყვით თავად ეკაზე?
- 5 წლის იყო, როცა სკოლაში შეიყვანეს. ეკა კლასში ყველაზე პატარა იყო, მაგრამ ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა. მეორე კლასის დასრულების შემდეგ ჩემმა დეიდამ ის მშობლიურ სოფელში - ენისლის სკოლაში გადაიყვანა, მეცხრე კლასიდან კი თელავის #5 სკოლაში გააგრძელა სწავლა, იქვე დაამთავრა 12 კლასი. მერე ფარმაცევტული საქმე შეისწავლა და სურდა, სწავლა თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში გაეგრძელებინა... ამ დროს ეკა ჩემთან ცხოვრობდა. ის ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის მესამე შვილი იყო. გამორჩეულად მოწესრიგებული ბავშვი ჩემს რძალსაც საკუთარი დასავით უყვარდა; მეზობლებს, ვისაც შეხება ჰქონდა ეკასთან, ყველას სარძლოდ მოსწონდა. ის ძალზე ჭკვიანი, ცქრიალა, ენერგიული და საოცრად გაწონასწორებული იყო, ყველას და ყველაფერს სიცოცხლის ხალისით ავსებდა... ფარმაცევტულის დამთავრების შემდეგ თბილისში, ჩემთან ჩამოვიყვანე. ამ დროისთვის ინტერნეტით უკვე გაცნობილი ჰყავდა შაკო ოკინაშვილი... თბილისში "ბიბლუსის" მაღაზიაში გამოსაცდელი ვადით დაიწყო მუშაობა, თან - მეცადინეობის დაწყებას ვგეგმავდით, მაგრამ ვინ აცალა, მომავალმა მეუღლემ და დედამისმა თავბრუ დაახვიეს, საჩუქრებითა და დაპირებებით ავსებდნენ. მიუხედავად სანათესავოს დიდი წინააღმდეგობისა, მაინც გაგვეპარა და თავის რჩეულს გაჰყვა. მას მერე მისი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა, ვერავინ შევძელით ეკას გადარჩენა... ეკას ძმები ამბობენ: სამართალს აღსრულებულად ჩავთვლით მხოლოდ მაშინ, როდესაც მკვლელის სისხლიანი გვარი ლუკას დაბადების მოწმობიდან ამოიშლებაო. ეკას 3 აპრილს 22 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ გარეწარმა დედობის სიტკბოს შეგრძნება არ აღირსა და ობლად დატოვა მისი შვილი. განადგურებულია დეიდაჩემი. ამბობს: ჩემი ეკუნას არსებობით ყოველთვის ბედნიერი დედა ვიყავი. მინდოდა, მას გაეხარა და ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ მხოლოდ მწარე მოგონება დამრჩა. თუმცა, მისი პატარას ტირილი მაფხიზლებს და მაგრძნობინებს, რომ სიცოცხლე გრძელდება. ახლა ჩემი ცხოვრების არსი ლუკას კეთილდღეობააო! ლუკას არსებობა დიდი ნუგეშია ნანატრი შვილის გარეშე დარჩენილი დედისთვის, რომელიც ამბობს, რომ ყოველდღე ელოდება შვილს; აცრემლებული ეფერება ეკას ფოტოებსა და პაწია შვილიშვილს.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)