როგორ აღნიშნავენ საქართველოში დედის დღეს

როგორ აღნიშნავენ საქართველოში დედის დღეს

"დედა, ია დაგიკრიფე,/ ლურჯთვალა და კოპწია,/ 8 მარტი და გაზაფხული,/ ერთად მომილოცნია", - აი, ასე ვულოცავდი დედას ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს. მახსოვს, დედას უხაროდა, როცა ლექსს ვამბობდი. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, მისთვის ეზოში იებს ვკრეფდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყვავილების ჩუქებისას დედას აღფრთოვანებას ვერ ვამჩნევდი. ალბათ ლექსები უფრო მეტად მოსწონდა...

მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად არის გამოცხადებული როგორც უქმე. ამ დღესასწაულის დაწესების იდეა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას გაუჩნდა და 1991 წელს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა. 3 მარტს წესით, ქალთა დღე, 8 მარტი უნდა შეეცვალა, მაგრამ ასე არ მოხდა და დღესდღეობით ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.

ჰოდა, ახლა, როცა 3 მარტსაც ვზეიმობთ, ზოგი 8 მარტს აღარ აღიარებს, ზოგი კი დედის დღის ცალკე აღნიშვნას აპროტესტებს, - რა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ? ასეთ დროს შეიძლება, ისინი დეპრესიაში აღმოჩნდნენო... გადავწყვიტე გამეგო, რას ფიქრობენ მოზარდები ქალთა დღესა თუ დედის დღეზე და საერთოდაც, მშობელს ამ დღეს თუ ულოცავენ?

ვიდრე თინეიჯერების მოსაზრებებს გაგაცნობთ, მინდა, მომღერალ მარიამ როინიშვილისა და მსახიობ თაკო აბაშიძის გულისამაჩუყებელ მილოცვებზე გავამახვილო ყურადღება. მარიამი 3 მარტს ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს, თაკო აბაშიძე კი ბებიას ორიგინალურად ულოცავს. რაც შეეხება მომღერალ და რადიოწამყვან დიტო ქისიშვილს, ის დედის დღეს არა მარტო მშობელს, არამედ მეუღლესაც ულოცავს საოცარი სიტყვებით.

მარიამ როინიშვილი:

"დე! ძალიან მიყვარხარ!!! სისულელეა ეს დედის დღე. მე შენ სამ მარტსაც ისევე მიყვარხარ, როგორც სხვა დღეებში და მთელი 24 წელი... ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა... მიყვარხარ, მაგრამ ამ სიყვარულის სიტყვებით ახსნა არ გამომდის და რა ვქნა? მიყვარხარ!!!"

თაკო აბაშიძე:

"ბეეეე.... გილოცაააავ! შენც ჩემი დედა ხარ, აბა, ვინ ხარ?!. მადლობა შენ ყველა დღისთვის, ყოველი ტკბილი სიტყვისთვის, ყველა დაფარებული საბნისთვის და იმისთვის, რომ რაც ვიცი, შენ მასწავლე... ძალიან მიყვარხარ და მინდა, ჩემთან ძალიან დიდხანს იყო!"

დიტო ქისიშვილი:

"ჩემო საყვარელო დედა! შენ კარგად იცი, რომ შენს სახელს გულზე ამოტვიფრულს ვატარებ, - ეს გარედან რაც ჩანს და რასაც ყოველდღე ვკითხულობ. მინდა იცოდე ის, რაც ისედაც იცი, მაგრამ მაინც: შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი ჩემთვის! გულზე კი არა, გულშიც მაქვს შენი სახელი ამოქარგული (ოქროს ძაფებით); იმ გულში, რომელიც შენ გეკუთვნის, რომელიც შენით საზრდოობს. შენ ხარ შემოქმედი იმისა, რაც ასე რიტმულად მიძგერს მკერდში. დიდხანს იყავი ჩემ გვერდით, რათა არითმია არ დამემართოს. გილოცავ!"

და კიდევ: "ჩემო უსაყვარლესო მეუღლევ, რუსკა! ჩემი სიცოცხლის განსაკუთრებული მოვლენა ხარ, რომელმაც ჩემს ხელში შეიგრძენი და გაიგე, თუ რა არის დედობა და მე ამით ძალიან ბედნიერი რომ ვარ, ეს იცი. მინდა, შენს ლამაზ სახეს ყოველთვის თან ახლდეს ღიმილი. გპირდები, რომ ეს ასე იქნება; იმასაც გპირდები, რომ დედობას კიდევ მრავალჯერ შეიგრძნობ.... გავა დრო და შენზე იტყვიან: "ღირსი დედა", "გმირი დედა", "მრავალშვილიანი" და ა.შ. მიყვარხარ! გილოცავ!"

ეკა წიწილაშვილი, 18 წლის:

- ძალიან მიყვარს 3 მარტი. ამ დღეს დედას ყოველთვის ვარდებს ვჩუქნი. მართალია, უმეტესობა მშობელს იებს ან ენძელებს ჩუქნის, როგორც გაზაფხულის პირველ ყვავილს, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემს ვარდები უფრო მეტად "ევასება". სხვათა შორის, როცა პატარა ვიყავი, მას დილიდანვე ყველა იმ სიმღერას ვუსრულებდი, რაც ვიცოდი. მერე მამასაც ვაყაჩაღებდი: ერთად მივდიოდით დედასთვის საჩუქრის შესაძენად. სასაცილო ის იყო, რომ ზოგჯერ დედა ჩუმად მიკვეთდა, მამისთვის რისი ყიდვა უნდა მომეთხოვა... ჰოდა, ახლა მეუბნება: მაშინ უფრო ჭკვიანი იყავი, ვიდრე ახლა ხარ. იცოდი, ჩემი გული უფრო მეტად როგორ უნდა მოგეგო და ზუსტად ისეთი საჩუქარი მოგქონდა, რაც მინდოდაო (იცინის).

რაც შეეხება 8 მარტს. ამ დღეს ყველა ქალბატონს ვულოცავ ხოლმე, მაგრამ საჩუქრების მიძღვნა და რაღაც ეგეთები ზედმეტი მგონია. ისედაც, ყველა ქალი ხომ პოტენციური დედაა? შეიძლება, ვიღაც მშობელი არ იყოს, მაგრამ არ არსებობს, რომელიმე ნათესავზე იმდენი ამაგი არ ჰქონდეს, რომ როგორც დედას, ისე მიულოცონ ეს დღე. ჰოდა, რა საჭიროა ორი მარინე ერთსა და იმავე თვეში? P.S. დედა, ძალიან მიყვარხარ! შენი თბილი ხელები არასდროს გაცივებულიყოს. დიდხანს, ძალიან დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ!

ლუკა ღაღანიძე, 16 წლის:

- დედას სიტყვიერად ვულოცავ ხოლმე ამ დღეს. საერთოდ, ყვავილების ჩუქება არ მიყვარს; თაიგულს შეყვარებულსაც ვერ მივუტან. დედამ იცის, რომ ის ძალიან მიყვარს, მე კი დარწმუნებული ვარ, მისთვის საჩუქარზე ძვირფასი ჩემი ყურადღებაა. ჰოდა, ამით ვსარგებლობ და მხოლოდ სიტყვიერი მილოცვით შემოვიფარგლები ხოლმე.

ისე, ცნობისათვის, მას არა მარტო 3 მარტს, არამედ 8 მარტსაც ვულოცავ. დედას უყვარს ქეიფი, მეგობრებთან ერთად "ჩაჯდომა". ჰოდა, ყოველ ქალთა დღეს ჩვენს ოჯახში მისი სადაქალოს "პარადია" ხოლმე. მე და მამა კი ვცდილობთ, შეზარხოშებული ქალების ალიაქოთი მოთმინებით ავიტანოთ. სამაგიეროდ, მეორე დღიდანვე ვიწყებთ ჩვენი საყვარელი ქალისთვის სისხლის გაშრობას. აი, ასე მიყვარს დედა (იღიმის)...

ქეთა, 19 წლის:

- ამბობენ, შვილისადმი დედის სიყვარული უსაზღვროაო და ალბათ ასეც არის. ამას წინათ ვიღაცამ ასეთი რამ მითხრა და ძალიან მომეწონა: "დედა და შვილი გზაზე მიდიოდნენ. მდინარეზე უნდა გადასულიყვნენ. დედამ შვილს უთხრა: ხელი კარგად მომკიდეო. შვილმა უპასუხა: არა, შენ ჩამჭიდეო. დედას გაუკვირდა: რა განსხვავება არისო? მაშინ შვილმა მიუგო: რაიმე რომ მოხდეს, მე შეიძლება ხელი გაგიშვა, მაგრამ შენ ხელს არასდროს გამიშვებო..." მინდა, ყველას, განსაკუთრებით კი დედაჩემს მივულოცო დედის დღე! მათ ბედნიერებას და ჩვენით, შვილებით გახარებას ვუსურვებ!

ისე, ჩვენში დარჩეს და 8 მარტი დიდად არ მხიბლავს. დედის დღე უფრო მეტად მომწონს.

ლიკუნა, 16 წლის:

- სამწუხაროდ, დედა აღარ მყავს და ყოველ 3 მარტს მის საფლავზე მივდივარ. იქ მიმაქვს მისთვის ყვავილები, მამას კი სასმელი მოაქვს და დედას შესანდობარს ვამბობთ. როცა რამე მიჭირს, მაშინაც საფლავთან მივდივარ და დახმარებას ვთხოვ. ჩემთან სიზმარში ხშირად მოდის და მეფერება, მესიყვარულება, რჩევებს მაძლევს. მინდა, ყველას ვუთხრა: დედებს გაუფრთხილდით! მე რომ დედა მყავდეს, ალბათ გულს არასდროს ვატკენდი.

გეგა, 17 წლის:

- არ მესმის, რა საჭიროა, ქალების დღე ორჯერ ვიზეიმოთ. კი, საყვარელი არსებები არიან, მაგრამ ეს ხომ ორმაგი ხარჯია? თანაც, ვაპროტესტებ, რომ კაცების დღე არ აღინიშნება... დედას კი ვულოცავ 3 მარტს, მაგრამ ვერ დავიტრაბახებ, რომ რაიმეს ვჩუქნი. სად მაქვს ფული მე საწყალს? ჯიბის ფულსაც კი თავად მაძლევს... ჰოდა, ვაიმედებ: როცა სწავლას დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ, მერე აგავსებ ოქრო-ბრილიანტებით-მეთქი... მაგრამ არ მესმის, მაინც რა საჭიროა ერთსა და იმავე თვეში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ორი დღესასწაული?..

ნანკა, 17 წლის:

- მომწონს, ქალების დღეს ორჯერ რომ აღვნიშნავთ. ჩემი შეყვარებული 3 მარტსაც მასაჩუქრებს, როგორც პოტენციურ დედას და რვაშიც... პირადად მე, ამ დღეს დედას ყვავილებს ვჩუქნი და ვცდილობ, არ ვაწყენინო. მას მამაც ასაჩუქრებს ხან ყვავილებით, ხან სუნამოთი - ეს კი სასიამოვნოა.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია