ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, გორში სტალინის ძეგლი დააბრუნოს

ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, გორში სტალინის ძეგლი დააბრუნოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში მზადაა, გორში სტალინის ძეგლი დააბრუნოს.

როგორც ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, მოსახლეობის ამ დაკვეთას, თუკი ის იარსებებს, აუცილებლად შეასრულებს.

"ვინმეს მოსწონს თუ არა ეს თბილისში, თუ არის გორელების სურვილი, რომ ეს ძეგლი დაბრუნდეს, ეს ძეგლი უნდა დაბრუნდეს. გორი არის გორელების სახლი და საკუთარ სახლში რასაც უნდა იმას დადგამენ. თუ იქნება ეს დაკვეთა, მე, ბუნებრივია, ამ დაკვეთას დავემორჩილები, ორი აზრი არაა", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, გორში ბევრი ისეთი რამის გაკეთება სურს, რაც შესაძლოა მთავრობისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყოს. ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ "საარჩევნო კოდექსში" ახალი ნორმის ჩადება, რომლითაც მას გორში მერად კენჭისყრა ეკრძალება, სწორედ მის მიერ დაგეგმილ "გასაკეთებელ საქმეებს" უკავშირდებოდეს.

"ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებდი. ერთ-ერთი მიზეზი, რაც მაფიქრებინებს, რომ შეიძლება ამ ნორმის მიღება იყოს განპირობებული, ესაა სწორედ გასაკეთებელი საქმეები, რომელიც ავტომატურად გამოიწვევდა დისკომფორტს მთავრობისთვის. ვაპირებდი 50 ლარიანი პენსიის დანამატის შემოღებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ვაპირებდი 2 ათას ლარიანი ყოველწლიური დახმარების გაცემას მრავალშვილიან ოჯახებზე, ვაპირებდი 3 თეთრიანი სუბსიდიის შემოღებას, თუნდაც ვაშლის მოსავალზე. ვაპირებდი 100 ლარიანი ხელფასის დანამატის გაცემას პედაგოგებზე, ვაპირებდი ყოველნაირი სათამაშო ბიზნესის აკრძალვას. ბუნებრივია, მართვის ამ მეთოდით გარკვეული ამოვარდნა ერთიანი პოლიტიკური სივრციდან მოსალოდნელი იქნებოდა და ეს შეიძლება მთავრობის ინტერესში არ შედიოდეს, თუმცა მე ამ არჩევნებს ნებისმიერ ფასად მოვიგებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, კანონში აღნიშნული ნორმის ჩადების ინიციატორი ის ჯგუფია, ვინც ის თავის დროზე პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღო.

"თუ არ გაასწორებენ ან ნორმას, ჩემთვის ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ცვლილება მიიღეს ჩემს გამო. ვარაუდის დონეზე ვიტყვი, რომ აქ ჩანს იგივე ჯგუფის ინტერესი, რომელმაც პოლიტპატიმრების სიიდან ამომიღო. ეს არაა ბესელია, მან ხელი სხვა მიმართულებით გაიშვირა. ეს მიმართულება დაახლოებით ვიცი საითაცაა, მაგრამ ზუსტად ვარკვევ", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა