ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა

ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა

ხულოს რაიონის ხუთი სოფლის - ღურტას, დიდაჭარის, დიაკონიძეების, პაქსაძეებისა და გელაძეების მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხააბძეს შორის მოლაპარაკება შედგა.

წუხელ, გვიან ღამით, 03:00 საათზე მთავრობის თავმჯდომარემ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ შეკრებილი მოსახლეობა მოინახულა.

როგორც ღურტას მცხოვრებმა ოთარ იაკობაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზარალზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება. მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოსახლეობა სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს.

"შევხვდით არჩილ ხაბაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამოვიდნენ ხულოში. ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ არა მარტო კომპანია ღებულობს ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, არამედ, ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების გარანტორი ხდება აჭარის მთავრობა. ამ პირობით, ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულება დაიდება. ხვალიდან ვიწყებთ სამართლებრივ დავას. შევეცდებით, ის არასანდო დასკვნები გავაბათილოთ და სასამართლოს წესით შევაჩერებინოთ სამუშაოები", - აღნიშნა ოთარ იაკობაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები გვიან ღამით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაიშალნენ. ოთარ იაკობაძე განმარტავს, რომ გვიან სპეცრაზმიც მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეები არ დაურბევია. მოსახლეობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

"ხელისუფლების უკმაყოფილო ვართ, მათ გაგვიმეტეს ჩვენც და ჩვენი მანდილოსნებიც. პოლიცია მოგვისიეს და დაგვარბიეს. წუხელ ღამე სპეცრაზმიც ამოიყვანეს, გამზადებული ჰყავდათ დასარბევად. პროვოკაცია რომ არ ყოფილიყო, მოლაპარაკებების შემდეგ დავიშალეთ. სპეცტექნიკამ მუშაობა დილით დაიწყო. ილია ელოშვილისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ იმ სიტყვებისთვის, რომლითაც აქციის მონაწილეებს მოგვმართა. თქვა, ფეხებზე მკიდია, მე ჩემსას მაინც გავაკეთებო, უტაქტო ადამიანია", - აღნიშნა ოთარ იაკობაძემ.

აქციის მონაწილეებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მთავრობასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებების დროს "დემოკრატიის ინსტიტუტის" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრები იმყოფებოდნენ. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში.

ხუთი სოფლის მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის, "ქლინ ენერჯი ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ჰესის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის აშენებას აპროტესტებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ გვირაბის მშენებლობა მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს და მოსახლეობას ზიანი მიადგება.

მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას არ აძლევდა, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად, მოსახლეობამ გზა გახსნა და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

სოფელ ღურტაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულები არ არიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია