2004 წლის 13 სექტემბერი - ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ("კვირის პალიტრის" არქივიდან)
...მაშ ასე, ყველაზე "მრისხანე" მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჭორ-მართლისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება.
- ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას - რისთვის შეიყვანა შინაგანი ჯარი ცხინვალის რეგიონში, თუ ამ ტერიტორიას არ დაიბრუნებდა და ყველაფერი ისევ ისე, პასიურ საომარ ვითარებაში დარჩებოდა, როგორც ბოლო 12 წლის მანძილზე იყოო.
- ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. მოვლენებს გადავხედოთ და გამოჩნდება, რომ ცხინვალის რეგიონში შესვლა შედეგიანი იყო - როდესაც იქიდან კონტრაბანდის შემოსვლა ავკრძალეთ და ერგნეთის ბაზრობა დაიკეტა, ამას სპონტანურად მოჰყვა რეგიონში ვითარების დაძაბვა. აუცილებელი გახდა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. იქ ყველაფერი ერთი გასროლით დაიწყო... მდგომარეობა უნდა გაგვენეიტრალებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთივე საომარ ვითარებაში ჩაგვითრევდნენ, როგორიც 12 წლის წინ მოხდა.
ადრე თუ გვიან ამ პრობლემას უთუოდ მივუბრუნდებით. არ გვაქვს იმის ილუზია, თითქოს ვითარება ცხინვალში ისე ჩაწყნარდა, რომ მისი პოლიტიკური გზით მოგვარება შეიძლება. კოკოითი არ გახლავთ ის კაცი, რომელიც ოდესმე საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე პირობებზე ილაპარაკებს. ის უშიშროების ფედერალური სამსახურის კაბინეტებიდან მართული მარიონეტია და ამიტომ არასოდეს წამოვა კონტაქტზე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ერთი ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელიც შექმნილ ვითარებას მოხერხებულად იყენებს და ფულს აკეთებს. აქამდე მისი მთავარი შემოსავალი კონტრაბანდა იყო. ცხინვალში შემოსული კონტრაბანდის 90% მას და მის ძმას ეკუთვნოდა, რომელიც შემდგომ სხვა ქვეყანაში, კონკრეტულ კაბინეტებში ნაწილდებოდა. კონტრაბანდის ჩაკეტვით მას შემოსავლის წყარო შეუწყდა, ალტერნატიული შემოსავლის წყაროდ კი კონფლიქტი აქცია.
- ითქვა, ცხინვალიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყოო.
- დიახ, ითქვა და ამას მოჰყვა ჭორი, თითქოს დაპირისპირება მქონდა პრეზიდენტთან და ბარამიძესთან. სინამდვილეში ასე არ ყოფილა. დღეს აღარ არის ის მთავრობა, როდესაც ერთი მინისტრი ერთს გაიძახოდა, მეორე - მეორეს. გადაწყვეტილებებს იმის გათვალისწინებით ვიღებთ, როგორც ქვეყანას სჭირდება.
- იყო ლაპარაკი ცხინვალის რეგიონში ჩვენი ძალოვნების არასწორ ქმედებებზე, იყო მსხვერპლი, რასაც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თანამდებობაც შეეწირა, თქვენ რას გვეტყვით?
- ახლა უკვე გვიანია ამაზე ლაპარაკი. თუმც ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჯარისკაცები ამ შეცდომების გამო დაიღუპნენ. იქ იყო ჩვეულებრივი ომი. ბოლო ღამე, როდესაც ოპერაციას ვგეგმავდით, მოწინააღმდეგის ზურგში გავატარეთ. ჩასაფრება იმათ ზურგს უკან გვქონდა, ვინც ჩვენს ბიჭებს ებრძოდნენ და საკუთარი თვალით დავინახე, ბრძოლაში ნაღმმტყორცნები კი არა, მთელი არტილერია იყო ჩართული... შეუძლებელი იყო ორივე მხარეს არ ყოფილიყო სერიოზული მსხვერპლი.