რას სწერენ ობლად დარჩენილი გოგონები დედის მკვლელს

რას სწერენ ობლად დარჩენილი გოგონები დედის მკვლელს

16 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ავარიაში მოყვა... იმ დღეს ნანუკამ, 17 წლის ანამ და მათმა პატარა ძმამ - 8 წლის გიორგიმ დედა, ბებია და ბიძა დაკარგეს, თავად კი საავადმყოფოს ცივ კედლებში ამოყვეს თავი, სადაც ნანუკასა და გიორგის დიდხანს მოუხდათ ყოფნა, რადგან კომაში იყვნენ. ანა კი თითქოს, შედარებით იოლად გადაურჩა ტრავმებს. თუმცა, იმ დღის შედეგს ბავშვები დღემდე იმკიან - სამივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მათი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა კი არ იძლევა სრულყოფილად მკურნალობის საშუალებას...

ანა ქაჯაია:

-  2009 წლის 29 ივნისი იყო. ფოთიდან ხონში, დასასვენებლად მივდიოდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით. გზად ნათესავთან უნდა გაგვევლო, მაგრამ მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში შესულები, ავარიაში მოვყევით. მაშინ 5 ადამიანი, მათ შორის - ჩემი დედა, ბებია და ბიძა დაიღუპნენ. სამწუხაროდ, ეს ამბავი ტელევიზიით არ გაშუქდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმას, ვინც დაგვეჯახა, "პატრონი" ჰყავდა და ჟურნალისტს არ მისცეს რეპორტაჟის გაკეთების უფლება. ზუსტად არ ვიცი, მას ვინ მფარველობდა, მაგრამ ცდილობდნენ, ეს საქმე მიეჩქმალათ. საბოლოოდ, დამნაშავეს 6 წელი მიუსაჯეს. და კიდევ, მისი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში, თვეში 1.000 ლარს გვიხდიდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თანხა სამ ბავშვს წამლებშიც არ გვყოფნიდა... სხვათა შორის, მის მანქანაში 2 ბიჭი დაიღუპა, მძღოლი და კიდევ ერთი ახალგაზრდა კი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. დადგინდა, რომ მთვრალები იყვნენ და ამიტომაც არ აქცევდნენ ყურადღებას მეგობარს, რომელიც მანქანას მიაქროლებდა... ავარიის შედეგად მე და ჩემი და-ძმა ძალიან დავშავდით. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დღემდე ვმკურნალობთ.

-  იმ ავტომობილს, რომელშიც თქვენ ისხედით, ვინ მართავდა?

-  ჩვენს მანქანას ბიძია მართავდა. როცა დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან "ოპელის" მარკის ავტომობილი ძალიან სწრაფად მოქროდა, მანქანა გააჩერა, მაგრამ ტრაგედიას მაინც ვერ აგვარიდა: ოჯახის სამი წევრი დავკარგეთ; ჩემი და ძალიან დიდხანს კომაში იყო. მისი ამ ქვეყნისკენ მობრუნების იმედს არ გვაძლევდნენ, მაგრამ უფლის წყალობით, მდგომარეობიდან როგორღაც გამოძვრა. თუმცა მას შემდეგ მეხსიერებას უჩივის. ვმკურნალობთ, მაგრამ ქართველი ექიმები ვერ შველიან; ჩემს პატარა ძმას ფეხს აჭრიდნენ, მაგრამ 6 ოპერაციის შემდეგ როგორღაც, გადაურჩინეს. ისიც კომაში იყო... მეც ფეხზე გამიკეთდა 2 ოპერაცია; ხერხემალიც დაზიანებული მქონდა და ამის გამო კიდევ ორი ოპერაციის გადატანა მომიხდა. ახლა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მჭირდება, ეს კი მოგეხსენებათ, ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

-  ღეროვანი უჯრედების გადანერგვა რისთვის არის საჭირო? ისევ ხერხემალზე გაქვს პრობლემა თუ...

-  (მაწყვეტინებს) ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს და ამ ყველაფერზე ლაპარაკი მეუხერხულება... დაზიანებული მქონდა გავის მალა და მასში, როგორც ექიმმა ამიხსნა, ნერვები იყო მოყოლილი. აქამდე მაიმედებენ, - მალე საქართველოშიც შევძლებთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვასო, მაგრამ უკვე 4 წელია, ამას უშედეგოდ ველოდები. არადა, ტკივილები მაქვს. დიდხანს ვერც ვდგები, ვერც - ვჯდები. სამსახურში მთელი 9 საათი მიწევს ჯდომა, რაც ძალიან მიჭირს. ამ დროს მთელი სხეული მიბუჟდება... მაგრამ ჩემს თავზე მეტად, ჩემი დის პრობლემას ვჩივი და ამიტომაც გავბედე თქვენთვის დამერეკა. ნანუკა არ არის კარგად. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარება გადაწყვიტა და "ჯავახიშვილში" მოხვდა კიდეც, სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო, მაგრამ მერე სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა, - რაღაცებს ვეღარ იმახსოვრებდა და ამას ძალიან განიცდიდა. ჩემს თავს არ ვჩივი, მთავარია, ის იყოს კარგად, განიკურნოს. სამწუხაროდ, მის პრობლემას ქართველი ექიმები ვერ შველიან. მეუბნებიან, - თურქეთში თუ წაიყვანთ, შესაძლებელია განიკურნოსო.

-  თუ მეხსიერება დაქვეითებული აქვს, გამოცდები როგორ ჩააბარა?

-  თავის ტვინის ღია ტრავმა ჰქონდა, ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა და მთელი წელი ფეხზე ვერ დგებოდა. მერე თითქოს მკურნალობამ შედეგი გამოიღო და გამოცდების დროს თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ ახლა მდგომარეობა ისევ გაუუარესდა. ახლაც მკურნალობს, მაგრამ ზოგჯერ დანიშნულ წამლებს ბოლომდე ვერ სვამს, უსახსრობის გამო. აქამდე, ვიდრე სოციალური დახმარება გვეძლეოდა, 100%-იანი დაზღვევა გვქონდა, მაგრამ მას მერე, რაც ეს სტატუსი მოგვიხსნეს, მთელ თანხას აღარ გვინაზღაურებენ... იცით, ავარიამდე ნანუკა ძალიან აქტიური ბავშვი იყო. კარგად სწავლობდა და ყველა პროექტში, რომელშიც მონაწილეობა სცადა, გაიმარჯვა. დედა ყოველთვის ჩვენს სწავლა-განათლებაზე ფიქრობდა. ნანუკა მას ძალიან ჰგავს არა მარტო გარეგნულად, არამედ ხასიათითაც. ავარიის შემდეგ დაიწყო ლექსების წერა. სამწუხაროდ, საოჯახო საქმეების კეთებაც აუკრძალა ექიმმა, რადგანაც ფიზიკური დატვირთვის დროს თავის საშინელი ტკივილი ტანჯავს.

-  სოციალური დახმარება რატომ შეგიწყვიტეს?

-  იმის გამო, რომ მუშაობა დავიწყე და ხელფასი მაქვს. არადა, 300 ლარი მგონი, არც ისე დიდი ფულია, რომ ამ თანხით 4-სულიანი ოჯახის გამოკვება იოლი იყოს. თანაც, ჩემ გარდა ოჯახში სხვა არავინ არის დასაქმებული...

-  მამაც უმუშევარია?

-  ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ მას მერე, რაც ავარიაში მოვყევით, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. როცა გამოჯანმრთელდა, სა­მუშაო ვეღარ იშოვა... ძა­ლიან განიცადა მეუღლის გარდაცვალება. ამ ავარიამ დიდი დარტყმა მიაყენა: სახლში სამი კუ­ბო ესვენა, მაგრამ შვი­ლების სანახავადაც უწევდა საავადმყოფოში მოსვლა. თანაც, მე ზუგდიდში ვიწექი, ჩემი და-ძმა თბილისში გადა­იყვანეს და დარბოდა აქ­ეთ-იქით. მგლოვიარე, ჩვენთან მოსვლისას არაფერს იმჩნევდა; არ ვიცოდით, რომ დედა აღარ გვყავდა...

-  ვიდრე ავარია მოხდებოდა, როგორ ცხოვრობდით?

-  მატერიალურად მანამდეც არ გვილხინდა, მაგრამ დედა ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენთვის არაფერი მოეკლო. ის სტილისტი გახლდათ და ხან სად მუშაობდა, ხან - სად. მერწმუნეთ, ძალიან კარგი ადამიანი იყო, დაგვეტყო უმისობა... დედა 17 წლის ასაკში გამომეცალა ხელიდან და მას მერე ჩემს და-ძმაზე ზრუნვაც მე მიწევს.

-  შენი ძმა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, თუ მასაც აქვს პრობლემები? იმედია, სკოლაში დადის...

-  სკოლაში დადის, მაგრამ შიდა ქალის წნევა აქვს და თავი ხშირად სტკი­ვა. თან, ავარიის შემდეგ კოჭლობს. მოტეხილი ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით გაეზარდა... სხვათა შორის, გიორგიც კარგად სწავლობს. ძალიან უყვარს მათემატიკა და ამ საგანში მეზობელი უფასოდ ამზადებს. ჩვენც ვცდილობთ, ვამეცადინოთ. უნდა, საბანკო საქმეზე ჩააბაროს. ამბობს, როცა ბანკში ვიმუშავებ, თქვენც გეშველებათო (იღიმის).

-  შენ სად მუშაობ?

-  ტერმინალზე, ოპერატორად ვმუშაობ. იქ მეზობელმა დამასაქმა. ჯერჯერობით, სტაჟიორი ვარ... სხვა­თა შორის, ყოფილი მოცეკვავე ვარ. ძალიან მიყვარდა გერმანული ენა, კარგად ვსწავლობდი და გერმანიაში წასვლა მქონდა გეგმაში. სამწუხაროდ, ოცნება არ ამისრულდა...

-  ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. ვინ იცის, შესაძლოა, გეგმა რეალობად გექცეს...

-  არა მგონია, ასეთი რამ მოხდეს. თანაც, უკვე ზუსტად ვიცი, ძმას ვერ დავტოვებ. ის ისეთ ასაკშია, როცა დიდი ყურადღება სჭირდება... ზოგჯერ დედა ძალიან მენატრება. მგონია, რომ ამდენ ტკივილსა და სადარდებელს ვერ გავუმკლავდები, მაგრამ ძალას ისევ და-ძმა მაძლევს. ვცდილობ, მათ თავი უდარდელ ადამიანად მოვაჩვენო... ერთ ამბავს გავიხსენებ: როცა ეტლში ჩაჯდომა სამივემ შევძელით, ჩვენმა ერთმა ნათესავმა პატრიარქს წერილი მისწერა. უწმინდესმა რომ წაიკითხა, მასთან, საპატრიარქოში დაგვიბარა და როცა სამი და-ძმა ეტლებით მივადექით, საპატრიარქოში დაგვტოვა, მთელი წელი გვმფარველობდა. ვცხოვრობდით ხარების დედათა მონასტერში, რომელიც საპატრიარქოს ეზოშია. ჩვენთან ხან მამიდა ჩამოდიოდა, ხან - ბებია (დედის დედა) და მონაცვლეობით გვივლიდნენ. მამასაც საპატრიარქოში გამოუყვეს ოთახი.

-  უწმინდესთან შეხვედრას როგორ გაიხსენებ? ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს ენით გამოუთქმელი გრძნობა ეუფლებაო. ამ ყველაფერმა სულიერად გაგაძლიერათ?

-  ენით ვერ აღგიწერთ, ისეთი გრძნობა იყო პატრიარქთან შეხვედრა. მას ერთი წლის მანძილზე, ყოველ საღამოს ვხვდებოდით ღამის ლოცვაზე. გვეხუტებოდა, გვეფერებოდა. მართლა სასწაული იყო მასთან გატარებული თითოეული წამი. უწმინდესთან სიახლოვემ შედარებით იოლად გადაგვატანინა ტკივილი. ის დედას სულისთვის ლოცულობდა და ჩვენდამი საოცარ ყურადღებას იჩენდა. დედაოებს ექიმებთან დავყავდით, მერე პატრიარქმა თავისი ექიმებიც მოგვიყვანა.

-  საპატრიარქოში გატარებული ერთი წლის შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

-  ჩემი ოჯახის ყველა წევრი ყოველთვის ღვთისმოშიში იყო, განსაკუთრებით - დედა და ჩემი და. თუმცა, უწმინდესთან ურთიერთობის შემდეგ თითქოს უფრო მეტად ვიწამეთ უფლის ძალის... ახლა, როცა თბილისში გვიწევს ჩასვლა, აუცილებლად მივდივართ საპატრიარქოშიც.

-  ანა, თქვენი ოჯახი მხოლოდ შენი ხელფასით ცდილობს თვიდან თვემდე თავის გატანას?

-  არა, ჩემს ძმას ეძლევა ობლობის პენსია - 104 ლარი. ვიდრე სოციალურ დახმარებას გაგვიუქმებდნენ, სახელმწიფო დამატებით 200 ლარს გვაძლევდა. ვინაიდან ძალიან გვიჭირდა, ამიტომაც გავრისკე და მუშაობა დავიწყე, მაგრამ რა გამოვიდა? - იმის ნაცვლად, რომ ოჯახის შემოსავალი გაზრდილიყო, ერთ ადგილას გავიყინეთ. გამოდის, 100 ლარის გამო ვიტან ტკივილს.

-  სწავლის გაგრძელება არ გიცდია?

-  იმ წელს, როცა ავარიაში მოვ­ყევით, აბიტურიენტი ვიყავი. როცა ცოტა უკეთ გავხდი, ვცადე, სწავლის გაგრძელებაზე მეზრუნა და ჩავაბარე კიდეც უნივერსიტეტში, უცხო ენებზე, მაგრამ დაფინანსება ვერ მოვიპოვე და იძულებული გავხდი, ამ ოცნებაზეც უარი მეთქვა.

-  ის ბიჭი, ვინც დაგეჯახათ, სავარაუდოდ, უკვე გამოსული იქნება ციხიდან. მისთვის რაიმეს თქმა ხომ არ გსურს? შემთხვევით ქუჩაში რომ შეგხვდეს, რას ეტყვი?

-  ჩემმა დამ მასზე ლექსი დაწერა, რომელსაც "მკვლელი" ჰქვია. გთხოვთ, ეს ლექსი წაიკითხეთ და პასუხს მასში იპოვით...

"ვიცი, ეს ცოდვა არ მოგასვენებს./ ძნელია, როცა გახდები მკვლელი,/ 29 ივნისს ვერ დაივიწყებ,/ თუნდაც გავიდეს ათასი წელი./ შენი ცხოვრება ისევ გრძელდება,/ ჩემი კი 2 წელია, შეწყდა.../ შენი სახელი ახლაც არ ვიცი,/ რა საჭიროა, ეს რომ ვიცოდე?/ და თუ გგონია შენს სიკვდილს ვნატრობ,/ შენზე ვლოცულობ, მინდა იცოდე.../ მე ღმერთი არ ვარ, არც ანგელოზი,/ მხოლოდ სული ვარ ცაში აჭრილი,/ წარსულიდან კი მიმზერის ისევ,/ ჩემი ცხოვრება ორად გაჭრილი.../ ღმერთი გადაწყვეტს, რა უნდა მოხდეს,/ შეგრჩეს თუ არა, რაც ადრე გქონდა,/ სანამ ღვთის ნება შენამდე მოვა,/ მანამ იკმარე ჩემი შენდობა", - ნაწყვეტი ნანუკას ლექსიდან "მკვლელი".

-  დაბოლოს, რას ეტყვი ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

-  მინდა, თითოეულს ვუთხრა, რომ არ არსებობს დაუძლეველი გაჭირვება. ღმერთი არასდროს დაუშვებს ჩვენზე იმდენ განსაცდელს, რამდენის ატანაც არ ძალგვიძს, - ამაში უკვე დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოტას ულხინს, იმედი მაქვს კეთილი ადამიანების არსებობის და იმის, რომ ისინი ნანუკას დახმარებას შეძლებენ. უფალი შეგვეწიოს ყველას!

P.S. თუ ანის, ნანუკასა და გიორგის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანა ქაჯაიას სახელზე, "ლიბერთი ბანკში" გახსნილ ანგარიშის ნომერზე: GE17LB0211198881423000 ან შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 5(74) 97.02.20. ჩვენ კი წინასწარ გიხდით მადლობას ამ ოჯახის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია